საზოგადოება

ვინ (არ) იცავს ბავშვებს იძულებითი ნიშნობისაგან

11 ოქტომბერი, 2023 • 2011
ვინ (არ) იცავს ბავშვებს იძულებითი ნიშნობისაგან

2022 წელს მე-9 კლასელი გოგონა მშობლებმა დანიშნეს. ის იძულებული გახდა დამორჩილებოდა უფროსების ნებას და სკოლაში სწავლა შეწყვიტა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვერ დაინახა დანაშაულის ნიშნები და საქმეზე გამოძიება არ დაიწყო.

ეს ისტორია სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშშია მოცემული. ანგარიში ეხება ბავშვობის ასაკში “ქორწინების” საზიანო პრაქტიკებს.

ხშირად, ბავშვთა ქორწინებას წინ ნიშნობის ცერემონია უსწრებს, რომელიც საჯაროდ და ყველასთვის ხილულად ტარდება. იურისტებისა და უფლებადამცველების შეფასებით, სახელმწიფომ ადრეულ ქორწინებასთან ბრძოლა სწორედ ნიშნობის ეტაპზე უნდა დაიწყოს.

“ბავშვთა ქორწინების ასალაგმად აუცილებელია, რომ ბავშვთა ნიშნობა აიკრძალოს” – ასეთია უფლებადამცველთა შეფასება. 

პრობლემის შესახებ ცნობილია სახელმწიფოსთვისაც. დისკუსია იმის თაობაზეც მიმდინარეობს, ბავშვებს შორის ნიშნობის კრიმინალიზება სისხლის სამართლის ახალი მუხლით უნდა დარეგულირდეს, თუ გამოსავალი არსებული კანონმდებლობის ფარგლებში პრაქტიკის გამოსწორებაა.

 

ადრეული რეაგირება ადრეული ქორწინების წინააღმდეგ

აქტივისტი თოზუ გულმამედლი ნეტგაზეთს უყვება, რომ თემში ნიშნობა მნიშვნელოვანი რიტუალია. თუმცა არის შემთხვევები, როცა ის ეხება არასრულწლოვნებს და/ან ხდება იძულებით.

“მშობლებს აქვთ შიში, რამე ცუდი არ შეემთხვათ მათ გოგონებს, ამიტომ სიმშვიდისთვის ურჩევნიათ, დროულად დანიშნონ. როცა 13-14 წლის გოგო მიგყავს სრულწლოვან კაცთან და ეუბნები – ეს არის შენი საქმრო, შემდეგ ეს “უცხო კაცი” უხეშად ერევა ბავშვის ცხოვრებაში. მაგალითად, ამ გოგონებს ეზღუდებათ განათლების მიღების უფლება, ერევიან მის ჩაცმულობაში, უკონტროლებენ სოციალურ ქსელებში აქტიურობას და ა.შ. საერთოდ, ბავშვს რატომ უნდა უწევდეს ფიქრი ამაზე, თუნდაც ქორწილი 18 წლის შემდეგ იყოს?”, – ამბობს თოზუ.

თოზუსთვის არაერთ მოზარდს მიუმართავს დახმარების თხოვნით, როცა მათ დაქორწინებას აიძულებდნენ.

თოზუ გულმამედლი

აქტივისტი გვიყვება, რომ პოლიციას მსგავს შემთხვევებზე რეაგირება მხოლოდ მაშინ აქვს, როცა ქორწილი უკვე შედგება, ან არასრულწლოვანი თავად აპროტესტებს იძულებას. თოზუ ფიქრობს, რომ სახელმწიფოს უნდა შეეძლოს პრევენცია ნიშნობის ეტაპზევე.

“ქორწინების შემდეგ რომც დაიჭირონ კაცი, გოგონებს წასასვლელი არსად აქვთ – ხშირად, ისევ “ქმრის” ოჯახში რჩებიან. ასეთ სიტუაციაში არიან მაშინაც, როცა საკუთარი ოჯახის წინააღმდეგ მიდიან. კარგად ვიცით, რა ხდება თავშესაფრებში – სახელმწიფო ბოლომდე ვერ იცავს ამ გოგონებს, ამიტომ ისევ მოძალადე ოჯახში უწევთ დაბრუნება, სადაც უარესი ჩაგვრის მსხვერპლები ხდებიან. ამას თავი რომ დავანებოთ, რატომ ვავალდებულებთ მათ ოჯახის წინააღმდეგ წასვლას? რატომ ელოდება სახელმწიფო მათ პროტესტს? რატომ ვერ ახდენს პრევენციას?”, – ინტერესდება თოზუ.

თოზუს თქმით, ნიშნობის ცერემონია ღიად ტარდება და სურვილის შემთხვევაში, სახელმწიფოს არც მისი გამოვლენა გაუჭირდება და არც მასზე რეაგირება.

 

რა წერია კანონში ნიშნობის შესახებ

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში სიტყვა ნიშნობა ნახსენები არ არის. თუმცა, თუ პოლიცია მისი იძულების ნიშნის გამოკვეთას შეძლებს, იურისტების შეფასებით, გამოძიებას დაწყება 150-ე პრიმა მუხლით შეუძლია, რაც ქორწინების იძულებას ითვალისწინებს. თუ კონკრეტულ შემთხვევაში ვერ მოხერხდა მომხდარის კვალიფიკაცია ქორწინების იძულებად, პოლიციას შეუძლია იხელმძღვანელოს ზოგადი, 150-ე მუხლით, რაც იძულებას გულისხმობს.

2021 წელს დიდი ყურადღება მიიქცია ფონიჭალაში 11 და 15 წლის ბავშვების დანიშნვას. ამ ამბიდან რამდენიმე თვეში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა განიხილა საკანონმდებლო წინადადება სისხლის სამართლის კოდექსში ნიშნობის იძულების ცალკე მუხლად გამოყოფის შესახებ. წინადადების ინიციატორები ვარაუდობდნენ, რომ კანონის დაკონკრეტება მის აღსრულებას უფრო გაამარტივებდა.

ზოგადი მუხლებიდან კონკრეტული შემთხვევების გამოცალკევება მიღებული პრაქტიკაა, მათ შორის, ქართულ კანონმდებლობაში. ამას ბევრი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. მაგალითად, სასჯელის გამკაცრება, ცალკე სტატისტიკის წარმოების საჭიროება, საზოგადოების ყურადღების გამახვილება კონკრეტული მოტივით ჩადენილ დანაშაულზე და მისი თვალსაჩინოდ წარმოჩენა და ა.შ.

სწორედ ასე გამოეყო 2015 წელს 150-ე, იძულების შესახებ მუხლს 150 პრიმა – ქორწინების იძულების მუხლი. 2012 წელს 126-ე მუხლს, რაც ძალადობას გულისხმობს, გამოეყო 126-ე პრიმა მუხლი ოჯახში ძალადობის შესახებ. იმავე ლოგიკით ითხოვს ქალთა უფლებადამცველთა ნაწილი 108-ე – განზრახ მკვლელობის მუხლიდან ფემიციდის მუხლის გამოყოფას, მიუხედავად იმისა, რომ უკვე არსებობს 109-ე მუხლი, სადაც განზრახ მკვლელობის ერთ-ერთ დამამძიმებელ გარემოებად გენდერული ნიშნით ჩადენილი მკვლელობაა განსაზღვრული.

პრაქტიკაში გვაქვს საპირისპირო შემთხვევებიც – 2007 წლამდე ქართულ კანონმდებლობაში არსებობდა მუხლი ქორწინების იძულების მიზნით ქალის მოტაცების შესახებ, იმ პერიოდში მოტაცების შემთხვევების განსაკუთრებული სიმრავლის გამო. შემდეგ ეს მუხლი გაუქმდა და მსგავსი შემთხვევები 143-ე მუხლის ფარგლებში ექცევა, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

გოგა ხატიაშვილი

იურისტი გოგა ხატიაშვილი 2018-2020 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტში მუშაობდა. ის გამართლებულად მიიჩნევს მსგავსი ლოგიკით კანონმდებლობაში დამატებითი მუხლების გაჩენას. თუმცა ნიშნობის იძულების შემთხვევების მოგვარების გზად არა საკანონმდებლო ცვლილება, არამედ არსებული კანონმდებლობის გონივრული ინტერპრეტაცია მიაჩნია.

“ბოლო პერიოდში არის ტენდენცია, რომ როცა რაღაც პრობლემას ვხედავთ პრაქტიკაში, პირველ რიგში, აქცენტს ვაკეთებთ საკანონმდებლო დეტალიზაციაზე. რა თქმა უნდა, მე არ ვარ საკანონმდებლო ცვლილებების წინააღმდეგი, მით უმეტეს, ისეთების, რომელიც კანონმდებლობას უფრო ნათელს გახდის, მაგრამ, პირველ რიგში, უნდა ვიზრუნოთ არსებული კანონმდებლობის უფრო გონივრულ და განჭვრეტად ინტერპრეტაციაზე”, – აცხადებს იურისტი.

ნიშნობის ცალკე მუხლად გამოყოფის ინიციატორებს სამუშაო ჯგუფის შექმნას დაჰპირდა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე. დეპუტატს ვკითხეთ, რა შედეგი ჰქონდა სამუშაო ჯგუფის მუშაობას.

“გვქონდა სამუშაო შეხვედრები ამ მიმართულებით, მოვიკვლიეთ, მიმოვიხილეთ სასამართლო პრაქტიკა, გვქონდა საუბარი მათ შორის სამართალდამცავ სტრუქტურებთან. გამოიკვეთა, რომ საკანონმდებლო ნორმების ცვლილების საჭიროება არ იკვეთება. სიტყვა ნიშნობა არ არის გამოყენებული [სისხლის სამართლის] კოდექსში, მაგრამ, პრაქტიკულად, ისედაც კრიმინალიზებულია ეს ქმედება”, – გვითხრა მიხეილ სარჯველაძემ.

მიხეილ სარჯველაძე

რა არის გამოსავალი?

საკანონმდებლო ცვლილების საჭიროების უარყოფის შემდეგ, მიხეილ სარჯველაძემ ნეტგაზეთს უთხრა, რომ პრობლემად მიაჩნია პრაქტიკული მუშაობა. ის გამოსავალს სისტემურ და კოორდინირებულ მუშაობაში ხედავს.

“მთავარი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ შემთხვევების იდენტიფიკაცია ხდება დაგვიანებით. აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კოორდინაციას, ინფორმაციის სწრაფ მონაცვლეობას, დროულ რეაგირებას და ა.შ. ბევრი რამის გაკეთება შეიძლება და ამ კუთხით უნდა ვიმუშაოთ”, – ამბობს სარჯველაძე ნეტგაზეთთან საუბარში.

გოგა ხატიაშვილის თქმით, პოლიციელებს ხშირად უჭირთ იძულების გამოკვეთა და არასრულწლოვნის მიერ ფორმალურად გაცხადებულ თანხმობას რეალურ თანხმობად აღიქვამენ.

“ჩვენი კანონმდებლობა ამბობს, რომ ქორწინების, მათ შორის ნიშნობის, როგორც ქორწინების წინაპირობის იძულება, დანაშაულად ითლება მაშინ, როცა არასრულწლოვანზე ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზემოქმედება მოხდა. ხშირად, გოგონები აშკარა წინააღმდეგობას ვერ უწევენ ოჯახს და გარშემო მყოფებს. არც უნდა მოვთხოვოთ – ეს თავად მსხვერპლის საწინააღმდეგოდ მუშაობს. პირიქით, ჩვენ უნდა გამოვარკვიოთ, რა გააკეთა ბრალდებულმა იმისათვის, რომ დაზარალებულის ნების ნამდვილობაში დარწმუნებულიყო. სამწუხაროდ, პრაქტიკა მუშაობს არასწორად”, – ამბობს უფლებადამცველი

პოლიტიკურ ნებასა და სამართალდამცავი სტრუქტურებისთვის შესაბამისი სახელმძღვანელოების გაწერაში ხედავს გამოსავალს ფემინისტი უფლებადამცველი, ბაია პატარაია.

“საკანონმდებლო ცვლილება არცაა საჭირო, უბრალოდ, გაიდლაინი უნდა დაიწეროს პროკურორებისა და პოლიციელებისათვის, რომ ერთიანი მიდგომა ჩამოყალიბდეს ბავშვთა ნიშნობის წინააღმდეგ. ამას რახანია წერს სახალხო დამცველი თავის ანგარიშებში”, – წერს პატარაია საკუთარ ფეისბუქგვერდზე.

ბაია პატარაია

სახალხო დამცველის 2022 წლის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 2021-2022 წელს, წინა წელთან შედარებით, აპარატს არასრულწლოვანთა ნიშნობის ბევრად მეტი შემთხვევის შესახებ აცნობეს. თუმცა “საქმეების შესწავლა აჩვენებს, რომ უწყებები უმეტესად ვერ ახერხებენ სავარაუდო ქორწინების იძულების გამოკვეთას”. ანგარიშის სარეკომენდაციო ნაწილში საუბარია სისტემური მიდგომასა და უწყებებს შორის კოორდინირებული მუშაობის აუცილებლობაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი