ახალი ამბები

ოქრუაშვილის საკითხზე ელჩებს შევხვდით და დეტალები ავუხსენით – კობახიძე

11 მაისი, 2020 • 1250
ოქრუაშვილის საკითხზე ელჩებს შევხვდით და დეტალები ავუხსენით – კობახიძე

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სასამართლოს მიერ 13 აპრილს ირაკლი ოქრუაშვილისათვის განაჩენის გამოტანის შემდეგ, მმართველი გუნდის წარმომადგენლები დიპლომატიურ კორპუსს შეხვდნენ და საქმის დეტალებზე ესაუბრნენ.

საკითხთან დაკავშირებით კობახიძემ “რუსთავი2-ის” ეთერში ისაუბრა. წამყვანმა მას ოქრუაშვილის განაჩენის შემდეგ აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე ჰკითხა, რომელიც შეიცავდა მოწოდებას, ყველა მხარეს დაეცვა შეთანხმების პირობები.

“მას შემდეგ ჩვენ გვქონდა ელჩებთან შეხვედრა და მკაფიოდ განვმარტეთ თითოეული დეტალი. მათ შორის, 9-თვიან ვადასთან დაკავშირებით გავაკეთეთ განმარტება საქმის გარემოებებთან დაკავშირებით… ვიდეომტკიცებულებები ვაჩვენეთ და ა.შ. თითოეულ გარემოებასთან დაკავშირებით მათ მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია და ეს ინფორმაცია ადასტურებს, რომ ერთადერთი საშუალება, რაც ჰქონდა პროკურატურასა და სასამართლოს ამ საქმეში, იყო ის ადეკვატური სასჯელი, რომელიც შეეფარდა ირაკლი ოქრუაშვილს”, – აღნიშნა კობახიძემ და დაამატა, რომ მისი აზრით, ელჩებს საქმესთან დაკავშირებით კითხვები აღარ უნდა ჰქონდეთ.

8 მარტის შეთანხმებიდან ოქრუაშვილის დაპატიმრებამდე

ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც ამჟამად პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერია, გასული წლის 25 ივლისს დააკავეს — 20-21 ივნისის მოვლენებიდან ერთ თვეზე ოდნავ მეტი ხნის შემდეგ. მისთვის წარდგენილი ბრალდება იყო „ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა“ პარლამენტის წინ, საპროტესტო აქციის მსვლელობისას. ის ბრალს არ აღიარებს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 20 ივნისის საქმეზე 5-წლიანი პატიმრობა მიმდინარე წლის 13 აპრილს მიუსაჯა. აღნიშნულს წინ უძღოდა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტს დადებული შეთანხმება, რომლის თანახმადაც საქართველოს პარლამენტი პროპორციული წესით არჩეული 120 და მაჟორიტარული წესით არჩეული 30 დეპუტატისგან შედგება. ამასთან, ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ შეთანხმება შედგა გიგი უგულავას, გიორგი რურუასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლებაზე.

მას შემდეგ, რაც ოქრუაშვილს პატიმრობა მიესაჯა, განცხადება გაავრცელეს როგორც აშშ-ის საელჩომ საქართველოში, ისე ევროკავშირის ელჩმა. პირველი მათგანი ყველა მხარეს შეთანხმების დაცვისაკენ მოუწოდებდა, ევროკავშირის ელჩი კი აღნიშნავდა, რომ აღნიშნული მოვლენები “შეიცავს პოლიტიკური პოლარიზაციის კვლავ გაზრდის რისკს შეთანხმების განხორციელების გადამწყვეტ მომენტში”.

უკვე დღეს, 11 მაისს, შეთანხმებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, რომელმაც ოპოზიცია სიცრუეში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ შეთანხმება არ შეიცავს დათქმას კონკრეტული პირების გათავისუფლების შესახებ. მან ელჩებს მოუწოდა, შეთანხმების პირობებს “ნათელი მოჰფინონ”.

განცხადებას ოპოზიციური პარტიების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა, “ნაციონალურ მოძრაობაში” კი კვლავ აღნიშნეს, რომ შეთანხმების ბოლომდე შესრულების გარეშე, რომელიც კონკრეტული პირების ციხიდან გათავისუფლებასაც მოიცავს, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ.

თალაკვაძე ელჩებს სთხოვს, “ნათელი მოჰფინონ” 8 მარტის შეთანხმებას

მასალების გადაბეჭდვის წესი