“ევროპული საქართველოს” წევრი ირმა ნადირაშვილი უპასუხისმგებლოს უწოდებს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, რომლითაც არჩილ თალაკვაძემ ელჩებს მოუწოდა, 8 მარტის შეთანხმებას “ნათელი მოჰფინონ” და ასევე აღნიშნა, რომ ის არ მოიცავს კონკრეტული პირების პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხს.
ირმა ნადირაშვილმა მოუწოდა ხელისუფლებას, შეთანხმების პირობები საკონსტიტუციო ცვლილებების პირველ მოსმენამდე შეასრულოს.
“პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება, ისევე, როგორც ქართული ოცნების სხვა წევრების, იყო სიცრუე, იყო უპასუხისმგებლო. მან მოუწოდა ელჩებს, რომ გაახმოვანონ მოლაპარაკების დეტალები. დიპლომატიურმა კორპუსმა, რომელიც უძღვებოდა ამ მოლაპარაკებებს, უკვე გამოხატა თავისი პოზიცია. როდესაც ოქრუაშვილს მიუსაჯეს, ევროკავშირის ელჩმა გააკეთა განცხადება, ასევე ამერიკის საელჩომ, რომ ეს იყო შეთანხმების დარღვევა. შესაბამისად, მათი პოზიცია იყო ძალიან ნათელი. ჩვენ მოვუწოდებთ “ქართულ ოცნებას”, დაიცვას ბოლომდე შეთანხმება, გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები საკონსტიტუციო ცვლილებების პირველ მოსმენამდე”, – თქვა მან.
არჩილ თალაკვაძემ 11 მაისს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ “ქართული ოცნება” ზედმიწევნით ასრულებს 8 მარტის შეთანხმებით გათვალისწინებულ ყველა ვალდებულებას, თუმცა ოპოზიციამ კიდევ უფრო გააძლიერა თავისი ძალისხმევა მართლმსაჯულების არასათანადო პოლიტიზების მიმართულებით.
თალაკვაძის თქმით, პატიმრების გათავისუფლების პირობა მმართველ გუნდს არავითარი ფორმით და არავის წინაშე არ დაუდია, ოპოზიცია კი უტიფრად სპეკულირებს და საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებით იმუქრება.
ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ელჩების შუამავლობით გამართული დიალოგი 8 მარტს საარჩევნო სისტემაზე შეთანხმებით დასრულდა. მხარეებმა მიიღეს მემორანდუმი, რომლის თანახმადაც საქართველოს პარლამენტი პროპორციული წესით არჩეული 120 და მაჟორიტარული წესით არჩეული 30 დეპუტატისგან შედგება.
საარჩევნო სისტემაზე მემორანდუმის გარდა, მხარეებმა მიიღეს ერთობლივი განცხადება მართლმსაჯულების სისტემაში უმაღლესი სტანდარტების დაცვის მნიშვნელობაზე. ამასთან, ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ შეთანხმება შედგა გიგი უგულავას, გიორგი რურუასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლებაზე.
მას შემდეგ, რაც 13 აპრილს ირაკლი ოქრუაშვილს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, განცხადება გაავრცელეს როგორც აშშ-ის საელჩომ საქართველოში, ისე ევროკავშირის ელჩმა. პირველი მათგანი ყველა მხარეს შეთანხმების დაცვისაკენ მოუწოდებდა, ევროკავშირის ელჩი კი აღნიშნავდა, რომ აღნიშნული მოვლენები “შეიცავს პოლიტიკური პოლარიზაციის კვლავ გაზრდის რისკს შეთანხმების განხორციელების გადამწყვეტ მომენტში”.