ახალი ამბები

ნასვამ მდგომარეობაში მოხდა გასროლა, მეტი არაფერი – მიტროპოლიტი იობი

3 მაისი, 2020 • 2262
ნასვამ მდგომარეობაში მოხდა გასროლა, მეტი არაფერი – მიტროპოლიტი იობი

რუის-ურბნისის მიტროპოლიტი იობი ამბობს, რომ გასროლა “ნასვამ მდგომარეობაში” მოხდა.

როგორც მან დღეს, 3 მაისს, განაცხადა რეალურად ჩხუბი “საერო პირებს” შორის იყო. კითხვაზე როგორ აღმოჩნდნენ ჩართულნი სასულიერო პირები “ერისკაციების” დაპირსპირებაში, მიტროპოლიტი პასუხობს, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფ პირებს განსჯის უნარი არ აქვთ. მისივე თქმით, ყინწვისის მონასტრის სასულიერო პირი იარაღს არ ატარებდა და არ იცის იმ დროს საიდან ჰქონდა.

“ნასვამ მდგომარეობაში გასროლა მოხდა. მეტი არაფერი… ნასვამ მდგომარეობაში ადამიანს განსჯის უნარი არ აქვს… სასულიერო პირები ერთმანეთს არ დაპირისპირებიან, მამა საბამაც გააკეთა ამაზე განცხადება და ალბათ მამა დავითიც იტვის ამაზე, როცა გამოვა… [მამა დავითი] იარაღს არ ატარებდა და ესეც საკითხავია სად იშოვა. სიმართლეს გეტყვით, რომ არც უჩხუბიათ, მეტიც იმ დღეს მამა საბა შერიგებისთვის იყო ჩამოსული, რადგან პატარა კონფლიქტი ჰქონდათ და უნდა შერიგებულიყვნენ, ჩემი თანდასწრებით,”-ამბობს მიტროპოლიტი იობი.

პირველი არხის ცნობით, მიტროპოლიტმა განაცხადა, რომ “ჰაერში იქნა გასროლილი შეშინების მიზნით“, – განაცხადა მეუფე იობმა. კითხვას, რომ ტყვიები მანქანასაც აქვს მოხვედრილი, მეუფე იობმა აღნიშნა, რომ არ აქვს ინფორმაცია, ვინ გაისროლა მანქანის მიმართულებით.

28 აპრილს პროკურატურამ ყინწვისის მონასტრის სასულიერო პირს განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით ბრალი წაუყენა.

პროკურატურის ინფორმაციით, 2020 წლის 20 აპრილს, საღამოს საათებში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რიეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, კ.კ.-მ (ყინწვისის მონასტრის სასულიერო პირ დავითის საერო სახელის ინიციალები) ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღიდან, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა, ავტომანქანით მოძრავ საბა ჟღენტის მიმართულებით რამდენიმე გასროლა განახორციელა. არქიმანტრიტმა საბა ჟღენტმა შემთხვევის ადგილიდან გარიდება შეძლო.

მასალების გადაბეჭდვის წესი