ახალი ამბები

ეპარქია: ინციდენტი არამცთუ ყინწვისში, არამედ, რუის-ურბნისის ეპარქიაშიც არ მომხდარა

30 აპრილი, 2020 • 3374
ეპარქია: ინციდენტი არამცთუ ყინწვისში, არამედ, რუის-ურბნისის ეპარქიაშიც არ მომხდარა

რუის-ურბნისის ეპარქია უარყოფს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, სასულიერო პირის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული ასევე სასულიერო პირი ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარია. განცხადება ეპარქიის ფეისბუქ-გვერდზე განთავსდა.

ეპარქია აცხადებს, რომ მსგავსი დანაშაული არამცთუ რუის-ურბნისის ეპარქიაში, არამედ მის გარეთ მოხდა, მონასტრის წინამძღვარი კი მიტროპოლიტი იობია და არა დავით აქიაშვილი, როგორც ამას “ზოგიერთი მედიასაშუალება იუწყება”.

“ტელევიზიით თუ სოციალური ქსელებით აქტიურად ვრცელდება ცრუ ინფორმაცია რუის-ურბნისის ეპარქიის შესახებ, თითქოს ყინწვისის მამათა მონასტერში სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა მონასტრის „წინამძღვარმა“ დავით „აქიაშვილმა“.

ეპარქიის სახელით გვსურს, ვაუწყოთ ფართო აუდიტორიას, რომ იღუმენი დავითი (კობაიძე) არასოდეს არ ყოფილა და არც დღეისათვის არ არის ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარი. არამედ, იგი მონასტრის რიგითი წევრია, ხოლო ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარი არის ყოვლადუსამღვდელოესი მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი).

გავრცელებული, ცრუ ინფორმაციის, ნებსითი თუ უნებლიე ცდომილებაა აგრეთვე ის, რომ იღუმენი დავითი გვარად კობაიძეა და არა – აქიაშვილი, როგორც მას იხსენიებენ.

რაც შეეხება ინციდენტს, რომელიც საინფორმაციო საშუალებებით ვრცელდება, არამცთუ ყინწვისის ტერიტორიაზე, არამედ, რუის-ურბნისის ეპარქიაშიც არ მომხდარა”, – ამბობს ეპარქია.

საქმე ეხება სასულიერო პირებს შორის მომხდარ დაპირისპირებას, რომლის შესახებაც ინფორმაცია მედიაში 22 აპრილს გავრცელდა. ცნობების თანახმად, ყინწვისის მონასტრის წინამძღვარმა დავითმა არქიმანდრიტი საბა ჟღენტი დაჭრა. ეპარქიაში ეს ინფორმაცია მაშინაც უარყვეს.

არქიმანდრიტი საბა ჟღენტი ამბობდა, რომ ყინწვისის მონასტერში მომხდარ ინციდენტზე ინფორმაცია არ აქვს, ცნობა კი იმის შესახებ, რომ თითქოს ის დაჭრეს – არასწორია. საბა ჟღენტი ყინწვისში კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის მონასტრის წინამძღვარია.

27 აპრილს კი შსს-მ გაავრცელა ცნობა, რომ ქარელში 1986 წელს დაბადებული კ.კ. დააკავეს.  გამოძიების თანახმად, ბრალდებულმა, გორის რაიონის სოფელ რიეთის საავტომობილო გზაზე გადაადგილებისას, სავარაუდოდ, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა დაზარალებულის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანას, რის შემდგომაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი