ახალი ამბები

არქიმანდრიტმა საბამ არ იცის, მის მანქანას ტყვიები მოხვდა, თუ ცეცხლის შედეგად გამოვარდნილი ნამსხვრევები

5 მაისი, 2020 • 1703
არქიმანდრიტმა საბამ არ იცის, მის მანქანას ტყვიები მოხვდა, თუ ცეცხლის შედეგად გამოვარდნილი ნამსხვრევები

არქმანდრიტი საბა ჟღენტი მასსა და ყინწვისის მონასტრის დაკავებულ სასულიერო პირს შორის დაპირისპირებას უარყოფს. სასულიერო პირი ამბობს, რომ მას და მამა დავითს დაპირისპირება არ ჰქონიათ და არც ის იცის, რამ დააზიანა მისი მანქანა, არც შემთხვევის ადგილზე არავინ დაუნახავს.

ტელეკომპანია “პირველთან” სასულიერო პირი მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ მისი მანქანა მართლაც დაზიანდა და მინები ჩაემსხვრა, თუმცა ეს როგორ მოხდა, აცხადებს, რომ მისთვის უცნობია:

“არ ვიცი სროლის ფაქტი, ცეცხლი შეიძლება ენთო იქ და რაღაც ნამსხვერვი მოხვდა”.

“რაც შეეხება ჩემს მანქანას, მე არ მითქვამს [ჩვენებაში], ავტომატიდან იყო გასროლა. მე საიდან ვიცი, ავტომატი იყო თუ ნამსხვრევები, მომხვდა რაღაცები, მაგრამ ეს არავის უკითხავს ჩემთვის. მე არ გამიგია, ავტომატიდან იყო თუ ცეცხლისგან, არ დამინახავს და არ ვიცი ავტომატისგან იყო, თუ რისგან. მე ვიცი, რომ მანქანას რაღაცები მოხვდა. მე საჭე დავიკავე და გზა გავაგრძელე.

არავინ დამინახავს, მამა დავითს რომ მაპირისპირებთ, მასთან კონფლიქტიც არ მქონია, არც შევლაპარაკებულვართ მე და მამა დავითი. ბევრ სიცრუეს აქვს ადგილი. ჩვენ ყველა მეუფე იობის შვილობილები ვართ. 19 წლიდან მეუფესთან ვცხოვრობ და მისი შვილიც ვარ და შვილობილიც, საკუთარ მამასთან არ მიცხოვრია იმდენი, რამდენიც მეუფე იობთან. თუ დაზარალებულია, მთავარი დაზარალბული მე უნდა ვიყო, მაგრამ მე არაფერი მომწევია”, – ამბობს არქიმანდრიტი ტელეკომპანია “პირველთან”.

მისი თქმით, არც ის იცის, თუ ვინ დაწერა საჩივარი ყინწვისის მონასტრის წინამძღვრის წინააღმდეგ. ამასთან, არ გამორიცხავს, რომ თავდასხმის ობიექტი სხვა ვინმე ყოფილიყო და არა თავად:

“თქვენ ფიქრობთ, კაცი სასიკვდილოდ მიმეტებდა და ხელს ვერ დავადებ?! კაცი, რომელიც სასიკვდილოდ გიმეტებს, იმას ხელს ხომ თავისთავად დაადებ. რაც არ დამინახავს, იმის დამტკიცება და თქმა ძნელია. მე რაც ვიცი, საჩივარი არავის დაუწერია. ჩვენგან საჩივარი არ ყოფილა, მე არ ვიცი. თუკი ვინმე დაკითხულია და ჩვენება აქვს მიცემული, არ ვიცი”, – ამბობს არქიმანდრიტი.

საპირისპიროს ამბობს არქიმანდრიტი ჩვენებაში, რომელიც ტელეკომპანია “პირველმა” მოიპოვა. მედიასაშუალების თქმით, საბა ჟღენტი ჩვენებაში აღნიშნავს, რომ 7-8 გასროლის ხმა იყო და მისი ვარაუდით, სროლა ავტომატური იარაღით მოხდა. თუმცა სასულიერო პირი აცხადებს, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

“გაისმა დიდი, სავარაუდოდ, იარაღის გასროლის ხმა. მე მაშინვე მივხვდი, რომ გვესროდნენ ცეცხლსასროლი იარაღიდან. სროლა ხორციელდებოდა ჩვენგან მარჯვენა მხარეს თუ საიდან, ეს ვერ დავინახე. ასევე ვერ დავინახე პირი, ვინც გვესროდა. სროლაზე ავტომობილი არ გამიჩერებია, სწრაფი გზით გავაგრძელე გზა. გავცდით 150-200 მეტრით, რა დროსაც მანქანაზე დაგვეშვა საბურავი. გავაჩერე მანქანა, გადმოვედი, შევცვალეთ საბურავი, ხოლო დაზიანებული საბურავი ჩავდეთ ავტომობილში.

სროლის დროს დაზიანდა ავტომანქანა, მინები, საქარე მინის ორი ადგილი. ასევე, ავტომანქანას უკან ორი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. ჩვენ სროლის შედეგად არანაირი დაზიანება არ მიგვიღია. პირადად მე არანაირ სამედიცინო ექსპერტიზას არ ვსაჭიროებ. პიროვნება, რომელიც ჩვენი მისამართით ისროდა, არ დამინახავს. ამის შემდეგ ჩვენგან ერთ-ერთმა დაურეკა მამა ეფრემს, რომელსაც სთხოვა მოსულიყო ჩვენთან და წავეყვანეთ თავისი ავტომანქანით, ვინაიდან მისი ავტომობილით გადაადგილება უფრო უსაფრთხო იქნებოდა”,- წერია ჩვენებაში, რომელიც ტელეკომპანია “პირველის” თქმით, საბა ჟღენტს ეკუთვნის.

“პრაიმ ტაიმმა” კი გაასაჯაროა საქმეში არსებული და შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ტყვიის მასრები, რომლებზეც მედიასაშუალების თქმით თითის ანაბეჭდები არ ფიქსირდება.

გასულ კვირას მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყინწვისის მონასტრის წინამძღვარმა დავითმა არქიმანდრიტი საბა ჟღენტი დაჭრა. ეპარქიაში ეს ინფორმაცია უარყვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1986 წელს დაბადებული კ.კ. (ერისკაცობის სახელი) ქარელში დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების თანახმად, ბრალდებულმა, გორის რაიონის სოფელ რიეთის საავტომობილო გზაზე გადაადგილებისას, სავარაუდოდ, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა დაზარალებულის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანას, რის შემდგომაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი