ახალი ამბები

დაპირისპირება სასულიერო პირებსა და ადგილობრივებს შორის ყინწვისში საძოვრების გამო

20 მაისი, 2021 • 1279
დაპირისპირება სასულიერო პირებსა და ადგილობრივებს შორის ყინწვისში საძოვრების გამო

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, 18 მაისს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ყინწვისში ადგილობრივ მოსახლეობასა და სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება მოხდა.

საინფორმაციო საშუალების ცნობით, მღვდლებმა ადგილობრივებს საძოვრებიდან საქონლის გარეკვა მოსთხოვეს, რადგან, მათი განცხადებით, მიწები ეკლესიის საკუთრება იყო.

ტელეკომპანია “ფორმულას” ცნობით, მღვდელ ნაომს, რომელიც ყინწვისში მსახურობს, აღნიშნულ მიწებზე ფერმის მოწყობა სურს.

ადგილობრივების განცხადებით, სოფელს მხოლოდ საქონლით გააქვს თავი, საძოვრის დაკარგვით კი  შემოსავალსაც კარგავენ.

“ხალხს ჩაგრავენ, საწყალი ხალხი დაეგდო დაბლა და ზევიდან აწვებიან. საძოვრები აღარ არის, ვერ გაიყვან საქონელს… ყველაფერს კეტავენ, ზღუდავენ სოფელს და საძოვარი აღარ უნდა სოფელს? როგორ უნდა მოიქცეს სოფელი, აზრზე არ ვარ”, – აცხადებს ტელეკომპანია ფორმულასთან საუბარში ერთ-ერთი ადგილობრივი.

სასულიერო პირის განცხადებით, საქონლის სადგომს აშენებს, მასთან დაპირისპირებული ადგილობრივები  კი “ეშმაკის მსახურებად” მოიხსენია.

“ვის აქვს უფლება, რომ ამიკრძალოს ერთი ძროხის [ყოლა]. ღმერთი არ უყვართ და ღმერთი არ სწამთ. ღმერთი არ უყვარს ეშმაკს. ეშმაკის მსახურებიც არიან ალბათ ისინიც. არ უნდათ, რომ ერთი ძროხა და ყველი ჰქონდეს მონასტერს. მე ღვთის მსახური ვარ”, – უთხრა მამა ნაომმა ჟურნალისტებს.

ადგილობრივმა მოსახლეობამ ქარელის მუნიციპალიტეტს მიმართა. ნეტგაზეთი დაინტერესდა, თუ რა წერილით მიმართა მოსახლეობამ მერიას და რა იყო მერიის პასუხი. ადგილობრივი თვითმმართველობიდან შესაბამისი ცნობის მიღების შემდეგ მასალა განახდლება.

ნეტგაზეთმა საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით დაადგინა, რომ საქართველოს სრულიად საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესია ქარელის რაიონის სოფელ ყინწვისთან, ჯამში, 6 მიწის ნაკვეთს ფლობს, რომელთა საერთო ფართობიც 164 267 კვადრატული მეტრია.

მიწის ნაკვეთებზე განთავსებულია ეკლესია-მონასტრები, მათ შორის ყინწვისის ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტერი, წმინდა გიორგის მონასტერი, წმინდა ნინოს სალოცავი, კეთილგონიერი ავაზაკის კოშკი და ყინწვისის სამონასტრო კომპლექსი.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა ქარელის მუნიციპალიტეტის მერიას, რათა გაეგო, მშენებლობა, რომელსაც მღვდელი აწარმოებს,  ეკლესიის კუთვნილ ტერიტორიაზე მიმდინარეობს, თუ სახელმწიფოს ბალანსზე მყოფ მიწაზე.

ასევე დავინტერესდით, ხომ არ ფლობს საქართველოს სამოციქულო ეკლესია იჯარით აღებულ მიწებს სოფელ ყინწვისში, რომელიც საჯარო რეესტრის ეროვნული რუკის მიხედვით ფიქსირდება, როგორც სახელმწიფო საკუთრება.

ქარელის მუნიციპალიტეტის მერიიდან პასუხების მიღებისთანავე მასალა განახლდება.

ფოტო გარეკანზე: Qartli.ge

მასალების გადაბეჭდვის წესი