ახალი ამბებისაზოგადოება

ვინ რჩება 300-ლარიანი დახმარების გარეშე

28 აპრილი, 2020 • 7826
ვინ რჩება 300-ლარიანი დახმარების გარეშე

ძიძები, დამლაგებლები, ხელოსნები/სარემონტო სამუშაოებზე მომუშავეები და სხვები — Covid-19-ის ეპიდემიის გამო ანაზღაურების გარეშე დარჩენილი მოქალაქეების ნაწილი, ვინც არაფორმალურად შრომობდა და ფულს ხელზე იღებდა ფიზიკური პირებისგან და ეკონომიკურ საქმიანობას ვერარანაირად ვერ დაადასტურებს, — ამ ეტაპზე, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული ფინანსური დახმარებების მიღმა რჩება.

თვითდასაქმებულებისთვის/არაფორმალურად მშრომელებისთვის თავდაპირველად გამოყოფილი თანხის ოდენობა თვითდასაქმებულთა რაოდენობას რომ შევადაროთ, გამოდის, რომ ასობით ათასობით მოქალაქე ვერ მიიღებს ერთჯერად 300-ლარიან დახმარებასაც კი, რაც დაახლოებით 100 ლარით მეტია შრომისუნარიანი ასაკის ერთი მოქალაქის, ხოლო 45 ლარით ნაკლებია საშუალო ოჯახის ყოველთვიურ საარსებო მინიმუმზე, რომელსაც, თავის მხრივ, პრობლემური მეთოდოლოგიით ითვლიან.

თუმცა ფინანსთა მინისტრის მოადგილე „ნეტგაზეთთან“ აცხადებს, რომ შეზღუდული არ არის იმ თვითდასაქმებულების რაოდენობა, რომლებიც დახმარებას მიიღებენ და საჭიროების შემთხვევაში ბიუჯეტი გაიზრდება.

უსამსახუროდ – არაფორმალურად დასაქმებული

36 წლის მაია ბერიძე აჭარაში, ხელვაჩაურის სოფელ ფერიაში ქმართან და ორ შვილთან ერთად ცხოვრობს. ის ოჯახში ერთადერთი იყო, რომელიც მუშაობდა — მეუღლეს სამსახური არა აქვს, შვილებიდან ერთი სკოლის მოსწავლეა, მეორე კი- სტუდენტი.

სხვადასხვა დროს არაერთგან მუშაობდა დამლაგებლად და მიმტანად, როგორც სასტუმროებში და რესტორნებში, ისე ფიზიკურ პირებთან.

ბოლოს, გასული წლის ივლისიდან, ბათუმის ერთ-ერთ სასტუმროში დამლაგებლად მუშაობდა არასრულ განაკვეთზე, რისთვისაც 300 ლარს უხდიდნენ, თუმცა ოფიციალურად გაფორმებული არ ყოფილა;

ის კიდევ ერთ სასტუმროში ექსტრა-მიმტანად მუშაობდა გამოძახებით, დღიურად, რისთვისაც 30-50 ლარს უხდიდნენ ხელზე. ამას გარდა, შიგადაშიგ დამლაგებლად მუშაობდა ერთ-ერთი ოჯახისათვის.

თუმცა Covid-19-ის ეპიდემიის გავრცელების შემდეგ სამივე სამსახური დაკარგა. ცოტა ხნით მოახერხა, რომ დასაქმებულიყო სასტუმროში, სადაც საკარანტინე სივრცეა მოწყობილი, თუმცა ახლა კვლავ სამუშაოს გარეშეა დარჩენილი.

ბანკის ვალი და ნისია

უმუშევრობას არაერთი სირთული მოჰყვება: როგორც გვიამბობს, ვეღარ ახერხებდა, ბანკის ვალი გადაეხადა და ამიტომაც სამთვიანი გადავადების შეთავაზებით ისარგებლა.

გაუჭირდა ყოველდღიური პროდუქტების შეძენაც: „პროდუქტებს ნისიად ვიღებ მაღაზიაში… ვინც ძალიან გაჭირვებულია, იმათ ურიგებენ პროდუქტს, მგონი, გამგებლები. მაგრამ ჩვენ მაღაზიაში ნისიად ვიღებთ. ყოველთვის ვმუშაობდი და როცა ვიმუშავებ, გადავიხდი…”

„მანქანა და სახლი კი მაქვს, მაგრამ ეგ ახლა არ გაჭმევს… გამგებლები მასე უყურებენ, რა გიჭირს, მანქანა გყავს და სახლი გაქვსო… უმუშევარი რომაა ხალხი, როგორ არ გიჭირს. უმუშევარი რომ დავრჩი, ძალიან ძნელია“.

დანაზოგის გარეშე

როგორც მაია ბერიძე გვიამბობს, სხვადასხვა საჭიროებების გამო, მცირე შემოსავლის გათვალისწინებით, არც ფინანსური დანაზოგი აქვს. კვლევების თანახმად, მის მდგომარეობაში არაერთი მოქალაქეა.

მაგალითად, „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) 2019 წლის სექტემბერში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 88% ამბობდა, რომ მას ან მის ოჯახს დანაზოგი არ აქვს.

მოკლედ კვლევის შესახებ
ეს კვლევა 2019 წლის 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. კვლევის ცდომილება 1.7%-ია. საველე სამუშაოები „CRRC – საქართველომ“ ჩაატარა.

უფრო ახალი გამოკითხვით, რომელიც ტელეკომპანია „ფორმულის“ დაკვეთით 2020 წლის აპრილის პირველ კვირაში ჩაატარა კომპანია „ედისონ რისერჩმა“, გამოკითხულთა 45% ამბობს, რომ არსებული ფინანსური რესურსი მხოლოდ 1 თვეზე ნაკლებ ხანს ეყოფოდათ.

ამავე მონაცემებით, გამოკითხულთა (ჯამში, 1000-მდე მოქალაქე — ისინი სატელეფონო ინტერვიუთი გამოკითხეს) 40%-ს ფინანსური რესურსი ერთიდან სამ თვემდე ეყოფოდა. მხოლოდ 15%-ს ეყოფოდა თანხა სამ თვეზე მეტხანს.

„მერგება დახმარება?“

უსამსახუროდ და დანაზოგის გარეშე არაერთი მოქალაქეა დარჩენილი. მთავრობამ გამოაცხადა, რომ მოსახლეობას სხვადასხვა პროგრამით დაეხმარება. დახმარებების გაცემა მაისის მეორე ნახევრიდან იგეგმება. თუმცა ჯერ ყველამ ზუსტად არ იცის, თუ მიიღეს, რა სახის დახმარებას მიიღებენ.

მაგალითად, მაია ბერიძეც თავად დაუკავშირდა „ნეტგაზეთს“ მას შემდეგ, რაც გამოვაქვეყნეთ ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ფიზიკურ პირებთან მომუშავე ადამიანები ერთჯერად დახმარებას ვერ მიიღებენ. მას აინტერესებდა, მოხვდება თუ არა მთავრობის დაანონსებული ანტიკრიზისული გეგმის ბენეფიციარებს შორის.

სავარაუდოდ, იგი, როგორც ფიზიკურ პირთან (ოჯახში) დასაქმებული, ვერ მიიღებს ერთჯერად 300-ლარიან დახმარებას. იმის გამო, რომ ფორმალურად დასაქმებული არ ყოფილა, შესაძლოა, ყოველთვიური 200-ლარიანი დახმარება არ ერგოს.

თუმცა, როგორც არაფორმალურად დასაქმებულს, — თუკი ის სასტუმრო (იურიდიული პირი), სადაც გაუფორმებლად მუშაობდა არასრულ განაკვეთზე, ამას დაუდასტურებს, — რჩება შესაძლებლობა, რომ მიიღოს 300-ლარიანი ერთჯერადი დახმარება.

იგი ამ კითხვაზე პასუხის მიღებას ახლა სოციალური მომსახურების სააგენტოში ცდილობს. სქემა, რომლითაც, სავარაუდოდ, სააგენტო იხელმძღვანელებს, ასეთია:

სქემა – მოკლედ

24 აპრილს მთავრობამ დააანონსა მოქალაქეების დახმარების შემდეგი პაკეტები:

  • 300-ლარიანი ერთჯერადი დახმარება თვითდასაქმებულებს და არაფორმალურ სექტორში დასაქმებულებს, ვინც მოახერხებს დასაბუთებას, რომ Covid-19-ის ეპიდემიის გამო უსახსროდ დარჩა;
  • უხელფასოებს/სამსახურდაკარგულებს — 200-ლარიანი ყოველთვიური დახმარება 6 თვით;
  • 100-ლარიანი ყოველთვიური დახმარება 6 თვის განმავლობაში — სოციალურად მოწყვლადი, მათ შორის, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის და შშმ პირებისთვის;

[დახმარების პაკეტების ადმინისტრირების პროცესთან დაკავშირებით წაიკითხეთ „ნეტგაზეთის“ სტატია: დავრჩი უფულოდ/ვარ თვითდასაქმებული – რა საბუთები მჭირდება დახმარების მისაღებად?]

როგორც 27 აპრილს გახდა ცნობილი, 300-ლარიანი ერთჯერადი დახმარებით ვერ ისარგებლებენ ფიზიკურ პირებთან მომუშავე ადამიანები.

ეს „იქიდან გამომდინარე, რომ ფიზიკური პირის მიერ მიღებული დადასტურება ვერ იქნება, სამწუხაროდ, საკმარისი“, – განაცხადა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაიამ. მისი თქმით, „იურიდიული პირის მიერ უნდა იყოს ცნობა აუცილებლად გაცემული“.

„იმ შემთხვევაში, თუ [მოქალაქე] მძღოლად მუშაობდა ან ტაქსის მძღოლი იყო, ამ შემთხვევაში ლიცენზია იქნება საკმარისი. თუმცა, თუ ის მძღოლად მუშაობდა ოჯახში, ოჯახის წერილი, სამწუხაროდ, არ იქნება საკმარისი“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ვინ ვერ მიიღებს დახმარებას?

ისეთი ადამიანები, ვისზეც მინისტრის მოადგილე საუბრობდა, არიან ძიძები, ფიზიკურ პირებთან მომუშავე მძღოლები, დამლაგებლები და ა.შ.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC-ის) სოციალური პროგრამის დირექტორი, კოტე ერისთავი „ნეტგაზეთთან“ ამბობს, „საუბარია მოწყვლად ჯუგფებზე: დამლაგებლები, მომვლელები, ძიძები, ისინი, ვინც სახლებში რემონტზე მუშაობდნენ და ა.შ.“

ამიტომ, მისი თქმით, „უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ ძალიან მოქნილად ჩართოს ეს ადამიანები დახმარების პროგრამებში, ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში თუ არსებული სოციალური დაცვის სისტემის ფარგლებში“.

მინისტრის მოადგილის პასუხი

„ნეტგაზეთი“ 28 აპრილს ამ საკითხზე ესაუბრა ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, ლაშა ხუციშვილს, რომელმაც დაგვიდასტურა, რომ დახმარებას ვერ მიიღებენ ის ადამიანები, რომლებიც ვერანაირად ვერ ასაბუთებენ რაიმე სახის ეკონომიკურ აქტივობას.

მისი თქმით, ძირითადი კატეგორია, რომელთაც ყველაზე მეტად გაუჭირდებათ ამის დადასტურება, ძიძები არიან, თუმცა მან არ გამორიცხა, რომ ძიძების ნაწილს მაინც შეხვდეს დახმარება. საუბარია ძიძების იმ ნაწილზე, ვინც სააგენტოების გავლით იყვნენ ფიზიკურ პირებთან დასაქმებულები.

„არიან სააგენტოები, რომლებიც აგზავნიან ძიძებს, რომლებიც შეიძლება არ არიან თვითონ რეგისტრირებული, მაგრამ ეს კომპანია იყოს რეგისტრირებული და კომპანია უგზავნის ფიზიკურ პირს ძიძას. ასეთ შემთხვევაში, ასეთი კომპანიის მიერ დადასტურებაც საკმარისი იქნებოდა“.

სავარაუდოდ, იგივე წესი გავრცელდება იმ ხელოსნებზე, ვინც სააგენტოების გავლით იყო დასაქმებული…

რამდენ მოქალაქეს ეყოფა 75 მილიონი?

შეიძლება თუ არა დახმარების გარეშე დარჩენილთა რაოდენობა გაცილებით მეტი იყოს, ვიდრე ისინი, ვინც ვერანაირად დაადასტურებენ ეკონომიკურ აქტივობას?

როდესაც პრემიერ-მინისტრმა ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა და განაცხადა, რომ მთავრობა თვითდასაქმებულებს/არაფორმალურ მშრომელებს ერთჯერადად 300 ლარით დაეხმარებოდა, თქვა, რომ ამისთვის 75 მილიონი ლარი არის გამოყოფილი.

75 მილიონი ლარი რომ 300-300 ლარად გადავანაწილოთ, ის 250,000 მოქალაქეს ეყოფა.

თუმცა სტატისტიკა უჩვენებს, რომ თვითდასაქმებულების რაოდენობა 840,400 ადამიანია (დასაქმებულთა სრული რაოდენობის თითქმის ნახევარი, 49.7%).

წყარო: OSGF/საქსტატი

შესაბამისად, გამოდის, რომ თუკი სხვა, დამატებითი სახსრები არ გამოიძებნა, 590,400 ადამიანი ვერც აღნიშნულ ერთჯერადი 300-ლარიან დახმარებას მიიღებს.

ამ საკითხზე „ნეტგაზეთთან“ განმარტება გააკეთა ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილმა, რომელიც ამბობს, რომ არ არსებობს რაიმე ტიპის ლიმიტი თვითდასაქმებულთა რაოდენობასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, 75 მილიონი იყო დაბიუჯეტირებული თანხა, რაც, შემოსავლების სამსახურში არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, პირველ ეტაპზე მოსალოდნელი განცხადებების რაოდენობას შეესაბამებოდა. 

თუმცა „თვითდასაქმებულთ რაოდენობა, რომელიც დაადასტურებს თავის შემოსავალს, 500, 000 იქნება, ამაზე ლიმიტი არა გვაქვს და ამ კონკრეტული პროგრამის ბიუჯეტი გაიზრდება შესაბამისი მოცულობით“. ლაშა ხუციშვილის თქმით, ამ საკითხზე მთავრობა უკვე შეთანხმებულია დონორ ორგანიზაციებთან და „თანხის მოზიდვის პრობლემა არ იქნება“.

მინისტრის მოადგილის თანახმად, აქ კიდევ ერთი საკითხია თვითდასაქმებულთა  დიდი ნაწილი, რომელიც მოიცავს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას და სოფლად შინამეურნეობებში დასაქმებულ პირებს:

„ამ კატეგორიის პირებისთვის ცალკე იქნება სასოფლო-სამეურნეო ღონისძიებების მხარდაჭერის პაკეტი, რომელზეც ისაუბრებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო“, – გვითხრა მან.

„[სოფლის მეურნეობის სამინისტროს] პროგრამის ბენეფიციარები იქნებიან ეს პირები. მაგრამ ეს არ გამორიცხავს, რომ გარკვეულმა ნაწილმა, რომელიც სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას აწარმოებს და შემდეგ ყიდის, შეძლოს დადასტურება.

მაგალითად, როცა პირი აწარმოებს პროდუქციას, მაგალითად, ყველას, აბარებს მაღაზიაში, რესტორანში, კვების ობიექტში ან მიდის და ბაზრობაზე ყიდის. ასეთი პირები ბაზრობიდან მოიტანენ ცნობას, რომ ბაზრობაზე ამა და ამ საქმიანობას ეწევიან, მიუხედავად იმისა, თუ არ არიან გადამხდელად რეგისტრირებულები.

შესაბამისად, იმ ნაწილის, რაც კი თეორიულად შეიძლება დადასტურდეს, ყველას იდენტიფიკაცია მოხდება და [დახმარების გარეშე დარჩენილთა] რაოდენობა მაქსიმალურად იქნება შემცირებული. სოფლის მეურნეობაში კი დამატებით პროგრამები იქნება“, – ამბობს ლაშა ხუციშვილი „ნეტგაზეთთან“ საუბრისას.

საკმარისია 300 ლარი?

კიდევ ერთი საკითხი ფინანსური დახმარებების ზომაა — რამდენად საკმარისი იქნება ისინი? EMC-ის სოციალური პროგრამის დირექტორი კოტე ერისთავი მიუთითებს, რომ ყოველთვიურად, 6 თვის განმავლობაში, 200 ლარი — რაც ფორმალურად დასაქმებულებისთვის გამოყო სახელმწიფომ — დაახლოებით იგივეა, რაც საქსტატის მიერ დადგენილი საარსებო მინიმუმი.

„საარსებო მინიმუმი კი ძალიან პრობლემური, ხარვეზიანი მეთოდოლოგიით გამოიანგარიშება და ეს თანხა არ არის საკმარისი არათუ ღირსეული ცხოვრებისთვის, არამედ შეიძლება, გადარჩენისთვისაც კი“, – გვეუბნება ის.

„შესაბამისად, ერჯერადად 300 ლარი, მით უმეტეს, სრულიად არასაკმარისია“. ამასთან, როგორც ერისთავი ამბობს, ზოგადადაც, „თვითდასაქმებულ და არაფორმალურ სექტორში დასაქმებულ ადამიანებს სახელმწიფოსგან ყურადღება არ ექცევა, სახელმწიფო არ სწავლობს მათ გამოწვევებს, პრობლემებს, საჭიროებებს და ისინი სამართლებრივი და ინსტიტუციონალური დაცვის მიღმა არიან და ის მინიმალური დაცვის მექანიზმებიც არ აქვთ, რაც ფორმალურ სექტორში დასაქმებულებს“…


მთავარ ფოტოზე: მარიამ მუთიძის ილუსტრაცია


ნახეთ ასევე:

ყველაფერი, რაც თვითდასაქმებულების 300-ლარიან დახმარებაზე ვიცით

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი