ახალი ამბებიეკონომიკა

დავრჩი უფულოდ/ვარ თვითდასაქმებული – რა საბუთები მჭირდება დახმარების მისაღებად?

27 აპრილი, 2020 • 5004
დავრჩი უფულოდ/ვარ თვითდასაქმებული – რა საბუთები მჭირდება დახმარების მისაღებად?

როგორ მიიღებენ ადამიანები მთავრობის მიერ წინა კვირას დაანონსებული დახმარების პაკეტებს?

24 აპრილს მთავრობამ დააანონსა მოქალაქეების დახმარების შემდეგი პაკეტები:

  • 300-ლარიანი ერთჯერადი დახმარება თვითდასაქმებულებს და არაფორმალურ სექტორში დასაქმებულებს, ვინც მოახერხებს დასაბუთებას, რომ Covid-19-ის ეპიდემიის გამო უსახსროდ დარჩა;
  • უხელფასოებს/სამსახურდაკარგულებს — 200-ლარინი ყოველთვიური დახმარება 6 თვით;
  • 100-ლარიანი ყოველთვიური დახმარება 6 თვის განმავლობაში — სოციალურად მოწყვლადი, მათ შორის მრავალშვილიანი ოჯახებისთვის და შშმ პირებისთვის;

„ნეტგაზეთი“ დაინტერესდა დახმარების ადმინისტრირების პროცესით:

ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარება

თვითდასაქმებულების და არაფორმალურად მშრომელების რეგისტრაცია მთავრობისგან ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარების მიღების მიზნით 21 მაისიდან დაიწყება და 1 ივნისამდე გაგრძელდება.

ამ მიზნით მზადდება სპეციალური საიტი, სადაც მოქალაქეებს თავიანთი მონაცემების ატვირთვა შეეძლებათ. ეს ინფორმაცია „ნეტგაზეთს“ ჯანდაცვის/სოციალური დაცვის სამინისტროში დაუდასტურეს.

როგორც მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაიამ „რუსთავი-2-თან“ განაცხადა, იმის გათვალისწინებით, რომ სიების დამუშავება შრომატევადია და საბუთების შეტანას და შემოწმებას დროს დასჭირდება, დაახლოებით 20 მაისთვის ან მაისის ბოლოს მოხდება ამ ჯგუფისთვის დახმარების გადარიცხვა.

იმის გათვალისიწნებით, რომ რეგისტრაციის პროცესი 21 მაისი-1 ივნისის პერიოდია, ეს, სულ მცირე, 1 ივნისამდე არ მოხდება.

თავდაპირველად დაუზუსტებელი იყო ისიც, როგორ მოახერხებენ რეგისტრაციას ის ადამიანები, ვინც ვებგვერდის მოხმარებას სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ მოახერხებს. თუმცა მინისტრის მოადგილეებმა, თამარ ბარკალაიამ და გიორგი წოწკოლაურმა განაცხადეს, რომ ეს შესაძლებელი იქნება სოციალური მომსახურების სააგენტოს რაიონული და რეგიონული სერვისცენტრებშიც.

რა მონაცემები იქნება საჭირო მათთვის?

სამინისტროს „ნეტგაზეთისთვის“ არც ის დაუზუსტებია, რა მონაცემები იქნება დახმარების მიღების კრიტერიუმი. ამ საკითხზე 24 აპრილს, როდესაც სამთავრობო გეგმა დააანონსა, მოკლედ ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თანახმად, სოციალური მომსახურების სააგენტოს აქვს სპეციალური პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც არაფორმალურად დასაქმებული „უმარტივესი გზით“ მიიღებს დახმარებას.

„ეს შეიძლება იყოს, მაგალითად, დამლაგებლისთვის – ორგანიზაციის წერილი, სადაც ის ალაგებდა; მოვაჭრისთვის – ბაზრობის ადმინისტრაციის წერილი, ელემენტარული, სადაც ის შრომობდა; მძღოლისთვის – ასევე მსგავსი. რაიმე სახის გადასახადები საბანკო ანგარიშიდან, რაც ადასტურებს ელემენტარულად, რომ ამ ადამიანს 2020 წლის პირველ კვარტალში შემოსავალი უფიქსირდებოდა, ესეც საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ასეთი სოციალური დახმარება გავცეთ“, – თქვა გიორგი გახარიამ.

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა სოციალური მომსახურების სააგენტოს, საიდანაც დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან გადაგვამისამართეს. სამინისტროში „ნეტგაზეთის“ კითხვებზე პასუხად სხვადასხვა ტიპის დახმარებასთან დაკავშირებით გვითხრეს, რომ ამ კვირაში გახდება საზოგადოებისთვის ინფორმაცია ცნობილი.

ამ საკითხზე „რუსთავი 2-ის“ ეთერში ისაუბრა მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაიამ, რომლის თქმითაც, „ონლაინ პორტალზე  აღნიშნულ პირებს [თვითდასაქმებულებს, რომლებიც ისედაც არიან აღრიცხულები და რეგისტრირებულები შემოსავლების სამსახურში] დასჭირდებათ მხოლოდ და მხოლოდ საბანკო ანგარიშისა და პერსონალური მონაცემების მითითება.  საბანკო ანგარიში იქნება საკმარისი, რომ მათ მიიღონ შესაბამისი დახმარება“.

არაფორმალური სექტორი?

მთავრობის გეგმით, 300-ლარიანი ერთჯერადი დახმარება ეხება არაფორმალურ სექტორში დასაქმებულებსაც, რომლებიც სამუშაოს გარეშე დარჩნენ. როგორც თამარ ბარკალაიამ თქვა, მათ შემთხვევაში პროცესი უფრო რთულია:

„იმავე ონლაინ პორტალზე ამ პიროვნენებს დასჭირდებათ მათი პირადი ინფორმაციის დარეგისტრირება, ასევე, ბანკის ანგარიშის ნომერი. გარდა ამისა, ინფორმაცია, თუ რა ტიპის დასაქმებას ეწეოდნენ ისინი და რა ტიპის შემოსავალი ჰქონდათ მათ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე“.

მინისტრის მოადგილის თქმით, საკმარისი იქნება ნებისმიერი ტიპის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც იურიდიული პირის მიერ იქნება გაცემული.

„მაგალითვისთვის, ეს შეიძლება იყოს სასურსათო მაღაზიიდან ცნობა, რომელიც ადასტურებს, რომ ის იბარებდა კონკრეტული მცხობელის მიერ გამომცხვარ  პროდუქციას. ასევე, ბაზრის ადმინისტრაციის მიერ გაცემული ცნობა, რომ დახლი იყო გაცემული ამა თუ იმ მოქალაქეზე.“

მინისტრის მოადგილის თქმით, ნებისმიერი დამსაქმებლის/იურიდიული პირის ცნობას ჩათვლიან, როგორც ვალიდურ ცნობას. ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად მან დაადასტურა, რომ კომპანიები არ დაისჯებიან იმისთვის, რომ არაფორმალურად ასაქმებდნენ ადამიანებს.

ძიძები და ფიზიკურ პირებთან მომუშავე სხვა ადამიანები

თუმცა დახმარებას ვერ მიიღებენ ფიზიკურ პირებთან მომუშავე ადამიანები: „ფიზიკურ პირებთან მომუშავე ადამიანები, სამწუხაროდ, ვერ მიიღებენ დახმარებას, იქიდან გამომდინარე, რომ ფიზიკური პირის მიერ მიღებული დადასტურება ვერ იქნება, სამწუხაროდ, საკმარისი“.

ასეთი ადამიანები არიან ძიძები, ფიზიკურ პირებთან მომუშავე მძღოლები, დამლაგებლები და ა.შ. „იურიდიული პირის მიერ უნდა იყოს ცნობა აუცილებლად გაცემული“, – თქვა თამარ ბარკალაიამ.

„იმ შემთხვევაში, თუ [მოქალაქე] მძღოლად მუშაობდა ან ტაქსის მძღოლი იყო, ამ შემთხვევაში ლიცენზია იქნება საკმარისი. თუმცა, თუ ის მძღოლად მუშაობდა ოჯახში, ოჯახის წერილი, სამწუხაროდ, არ იქნება საკმარისი“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

200 ლარი ფორმალურად დასაქმებულებს

მოქალაქეებისთვის განკუთვნილი სოციალური პაკეტი ითვალისწინებს უხელფასოდ დარჩენილი ადამიანების დახმარებას ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით.

მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაის თქმით, ფორმალურად დასაქმებულების შემთხვებაში პროცესი მარტივია:

„უმუშევრად დარჩენილ დასაქმებულებს არ სჭირდებათ არავითარი დამატებითი რეგისტრაციის გავლა… [შემოსავლების სამსახური] მიიღებს ინფორმაციას დამსაქმებლებიდან იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც უმუშევრად დარჩნენ ან უხელფასო შვებულებაში იყვნენ გაშვებული პანდემიის პირობებში და შემოსავლების სამსახურიდან მიღებული სიების საფუძველზე მოხდება ავტომატურად გადარიცხვა“, – განაცხადა მან.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 24 აპრილს განაცხადა, რომ დახმარებების გაცემა დაიწყება მაისიდან, თუმცა არ დაუზუსტებია, რომელი რიცხვიდან/თვის რა ნაწილიდან. მინისტრის მოადიგლე თამარ ბარკალაიამ დღეს დააზუსტა, რომ დასაქმებულებისთვის 200-ლარიანი დახმარების გაცემა მაისის მეორე ნახევარშია დაგეგმილი.

სხვა პაკეტები

რაც შეეხება სხვა გასაცემლებს, რაც სოციალურად დაუცველთა არსებულ სისტემას და სარეიტინგო ქულებს ებმის — როგორც თამარ ბარკალაიამ განაცხადა:

  • „სოციალურად დაუცველთა ბაზებში არის ქულათა სისტემა, რომელიც ოჯახის მოწყვლადობას განსაზღვრავს. ამ ეტაპზე სტანდარტული მიზნობრივი სოციალური დახმარების გაცემა ხდება იმ ოჯახებზე, რომლებსაც 65 000 და ნაკლები ქულა აქვთ;
  • ამ მოკლევადიანი დახმარების პაკეტში 65 ათასიდან 100 ათას ქულამდე რანჟირების ოჯახებისთვის არის დახმარება 100 ლარის ოდენობით 6 თვის განმავლობაში. ეს ის ოჯახებია, რომლებიც ამ ეტაპზე მხოლოდ ბავშვის დანამატს იღებდნენ და მიიღებენ ოჯახის თითოეულ წევრზე დანამატს 6 თვის გამნავლობაში;
  • ასევე, ის ოჯახები, რომლებსაც ჰყავთ 3 შვილი და მეტი და მათი ქულა არის 100 ათასზე ნაკლები, სტანდარტულ სოციალურ პაკეტთან ერთად, დამატებით მიიღებენ 100 ლარს. 
  • გარდა ამისა, მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და შშმ ბავშვები 6 თვის განმავლობაში 100 ლარს მიიღებენ“;

თამარ ბარკალაიამ განაცხადა, რომ დახმარების ამ პაკეტების გაცემა ყველაზე სწრაფად, მაისის მეორე კვირის ბოლოს დაიწყება…


ნახეთ ასევე:

არაფორმალურად მშრომელები დახმარების გარეშე არ უნდა დარჩნენ – ინტერვიუ

მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა სრულად

მასალების გადაბეჭდვის წესი