ახალი ამბები

ყველაფერი, რაც თვითდასაქმებულების 300-ლარიან დახმარებაზე ვიცით

28 აპრილი, 2020 • 2091
ყველაფერი, რაც თვითდასაქმებულების 300-ლარიან დახმარებაზე ვიცით

საქართველოს მთავრობის თანახმად, თვითდასაქმებულები Covid-19-ის პანდემიის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ერთჯერად 300-ლარიან დახმარებას მიიღებენ.

როგორც 28 მარტს ფინანსთან მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, თვითდასაქმებულებისთვის კომპენსაციის გაცემა მაისის თვიდან დაიწყება.

თვითდასაქმებულად თვლიან ყველა პირს, ვინც ეწეოდა რაიმე ტიპის ეკონომიკურ საქმიანობას და იღებდა შემოსავალს, გარდა დაქირავებით დასაქმებულისა.

ფინანსთა სამინისტრო თვითდასაქმებულებში პირობითად კიდევ ორ კატეგორიას გამოყოფს:

  1. ფიზიკური პირები, ვინც რეგისტრირებული არიან შემოსავლების სამსახურში რაიმე ფორმით გადამხდელად;
  2. ფიზიკური პირები, ვინც ეწეოდნენ ეკონომიკურ საქმიანობას და ჰქონდათ შემოსავალი, თუმცა არ არიან შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებულები და არანაირად არ ჩანს მათი ეკონომიკური აქტივობა;

პირველი კატეგორია

როგორც ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, რეგისტრირებული თვითდასაქმებულები იყოფიან 5 ქვეკატეგორიად საგადასახადო სტატუსის მიხედვით:

  1. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირები.
    1. მათი იდენტიფიკაცია ხდება პირველ კვარტალში წარდგენილი დეკლარაციების მიხედვით და სალარო აპარატების ჩეკებით;
    2. ეს ნიშნავს, რომ ადამიანს ერთხელ მიანც თუ აქვს პირველ კვარტალში დეკლარაცია წარდგენილი, ერთხელ მაინც აქვს გამოყენებული საკონტროლო სალარო აპარატი, შეეძლება, მიიღოს კომპენსაცია;
  2. მეწარმე ფიზიკური პირები, ვინც ბაზრობის ტერიტორიაზე საქმიანობენ.
    1. თუ მათ ერთხელ მაინც აქვთ ჩაბარებული დეკლარაცია პირველ კვარტალში, ან ერთხელ მაინც თუ აქვთ გამოყენებული საკონტროლო სალარო აპარატი, მიიღებენ კომპენსაციას;
    2. გარდა ამისა, მინისტრის მოადგილის თქმით, შემოსავლების სამსახურში ბაზრების ორგანიზატორებისგან იგზავნება შესაბამისი სიები, — იანვარსა და თებერვალში ეს სიები უკვე მოწოდებულია, — და თუ ასეთი პირი დაფიქსირდება ამ სიაში, მას შეეძლება მიიღოს შესაბამისი კომპენსაცია;
    3. პირი იდენტიფიცირების ამ საშუალებებიდან ერთ-ერთს მაინც თუ აკმაყოფილებს, მაშინ მიიღებს კომპენსაციას;
  3. პირები, ვინც ახორციელებენ ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ საქმიანობას.
    1. ეს არის სპეციალური სტატუსი, რომელიც შექმნილია პირებისთვის, რომლებიც საქმიანობას ახორციელებენ თონეებში, სილამაზის სალონებში და ავტო-ტექმომსახურების ცენტრებში;
    2. მათთვის კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაციის სტატუსი იქნება საკმარისი;
    3. ასეთი უკვე 7 ათასამდე პირია იდენტიფიცირებული;
  4. მიკრობიზნესის სტატუსის მქონე მეწარმეები, რომლებიც დაფინანსებას არ იღებენ ბიუჯეტიდან. ლაშა ხუციშვილის თქმით:
    1. „ეს არის გადამხდელების ის კატეგორია, რომლის შემოსავალიც 30 000 ლარამდეა და რომელსაც არ აქვს საკონტროლო სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულება;
    2. მეორე მხრივ, იქიდან გამომდინარე, რომ მათი შემოსავალი სრულად გათავისუფლებულია საგადასახადო გადასახადიდან, ამ ნაწილში არსებობს დეკლარირების დაბალი კულტურა;
    3. ამ მიზეზთა გამო მთავრობამ გადაწყვიტა, რომ მიკრობიზნესად რეგისტრაციის სტატუსი საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ამ პირებმა მიიღონ შესაბამისი კომპენსაცია“;
    4. ასეთი სტატუსის მქონე პირი 60 000-ზე მეტია;
  5. ინდმეწარმეები, ვინც ზედა არცერთ კატეგორიაში არ შედიან და მხოლოდ როგორც ინდმეწარმე, ისე ახორციელებენ საქმიანობას;
    1. მათთვის იდენტიფიცირების საშუალება იქნება 1 აპრილამდე წარმოდგენილი 2019 წლის საშემოსავლო დეკლარაცია
    2. საკონტროლო სალარო აპარატი ერთხელ მაინც თუ აქვთ გამოყენებული, მიიღებენ კომპენსაციას

მინისტრის მოადგილის თქმით, უკვე იდენტიფიცირებულია 150 000-მდე თვითდასაქმებული, ვისაც აღარ დასჭირდება შემოსავლის წყაროს დადასტურება/დამატებითი ინფორმაციის წარდგენა.

მეორე კატეგორია

მეორე კატეგორიაში შედიან ის თვითდასაქმებულები, რომლებიც არ არიან რეგისტირებული შემოსავლების სამსახურში და, როგორც მინისტრის მოადგილე ამბობს, შედარებით „რთული კატეგორიაა“ იდენტიფიცირების კუთხით.

ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონულ პორტალზე, რომელიც მალე ჩაეშვება, ასეთმა ადამიანებმა უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა და წარადგინონ შემოსავლის წყაროს დამადასტურებელი დოკუმენტი.

მაგალითად:

  1. გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული პირის მიერ გაცემული პირველადი საგადასახადო დოკუმენტი;
    1. შესყიდვის აქტი;
    2. მიღება-ჩაბარების აქტი; — იურიდიულ პირებს ამ დოკუმენტის შენახვის ვალდებულება აქვთ სამი წლის განმავლობაში და, შესაბამისად, თუ მათთან ფიზიკურ პირებს რაიმე ტიპის ეკონომიკური ურთიერთობა ჰქონდათ, ასეთი ტიპის დოკუმენტებში უნდა ფიქსირდებოდნენ;
  2. საბანკო ამონაწერი, სადაც გამოჩნდება მათი შემოსავლის წყარო და ეკონომიკური საქმიანობის ფაქტი
  3. მუნიციპალიტეტის ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ პირზე გაცემული რაიმე სახის საქმიანობის დამადასტურებელი ცნობა/ნებართვა/ლიცენზია;
  4. საქართველოს რეგისტირებული იურიდიული პირის მიერ გაცემული იურიდიული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება პირის ეკონომიკური აქტივობა ან შემოსავალი;

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, თვითდასაქმებულებმა, ვინც Covid-19-ის პანდემიის პირობებში სამუშაო და შემოსავალი დაკარგეს, 2020 წლის 1 ივლისამდე უნდა წარმოადგინოს მოთხოვნა, რათა 300-ლარიანი ერთჯერადი დახმარება მიიღონ.

ეს ეხება როგორც იდენტიფიცირებულ, ისე არაიდენტიფიცირებულ თვითდასაქმებულებს. როგორც მან განაცხადა, მოთხოვნის წარმოდგენა საჭიროა იმიტომ, რომ მთავრობამ მათი საბანკო ანგარიშები გაიგოს.

„უნდა წარმოადგინონ: სახელი გვარი, პირადი ნომერი, საკონტაქტო ინფორმაცია და საბანკო რეკვიზიტები. ვისაც ვერ აიდენტიფიცირებენ, მათ უნდა წარადგინონ შემოსავლის წყაროს დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი“.

თვითდასაქმებულების იმ ნაწილს, ვინც იდენტიფიცირებული არიან, 10 სამუშაო დღის ვადაში მისცემენ კომპენსაციას;

არაიდენტიფიცირებულების შემთხვევაში 10-დღიან ვადას კიდევ 2-კვირიანი პერიოდი ემატება:

„დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო სამუშაო ჯგუფთან ერთად იხილავს განაცხადს, აჯგუფებს მათ საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტის სპეციფიკის მიხედვით და 2 კვირის განმავლობაში სიას გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგენს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით შექმნილ უწყებათაშორის კომისიას. კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში მოხდება კომპენსაციის ჩარიცხვა“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი