ახალი ამბები

რატომ არ ცვლიან საარსებო მინიმუმის დადგენის გზას

19 აპრილი, 2019 • 4413
რატომ არ ცვლიან საარსებო მინიმუმის დადგენის გზას

რას ნიშნავს საარსებო მინიმუმი და როგორ ითვლება ის ახლა? შეიძლება თუ არა დათვლის ხერხი შეიცვალოს, და  თუ შეიძლება -როგორ? რა მნიშვნელობა აქვს ამ მაჩვენებელს? როგორ ებმის საარსებო მინიმუმი სოციალურ პოლიტიკას? რას მისცემს და რა გამოწვევების წინაშე დააყენებს სახელმწიფოს საარსებო მინიმუმის სხვანაირად გამოანგარიშება?

საქსტატის გაანგარიშებით, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი, 2019 წლის მარტის მონაცემებით, 160 ლარი და 50 თეთრია, საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი კი — 304 ლარი. ამ თანხით ცხოვრება მოსახლეობის ნაწილისთვის წარმოუდგენელია, ნაწილისთვის – გაუსაძლისი.

იმის მიუხედავად, რომ მთავრობის წევრების ნაწილი წლებია აცხადებს, რომ საარსებო მინიმუმის გაანგარიშების მეთოდოლოგიის შეცვლას ემხრობა, ამ მაჩვენებელს წლებია იმავენაირად ითვლიან.

„ვის ეყოფა, რას ეყოფა“?

68 წლის ვახტანგი თბილისში მეუღლესთან, შვილთან და მის ცოლ-შვილთან ერთად ცხოვრობს — ოჯახში ექვსნი არიან. საქსტატის გამოანგარიშებით, ექვსსულიანი და მეტი ოჯახისთვის საარსებო მინიმუმი 427 ლარია, თუმცა ვახტანგი ამბობს, რომ მის ოჯახს მხოლოდ ეს თანხა რომ ჰქონდეს თვეში, ფაქტობრივად, არაფერში ეყოფოდა.

„ჩემი წამლების შემხედვარე, აბსურდია, ეგ თანხა რამეში გვეყოს. ძირითადად წამლებზე მეხარჯება“. იგი გვიამბობს, ძროხის, ღორის, ქათმის ხორცისა და თევზეულის (რაც სამომხმარებლო კალათშია) ფუფუნება თვეში ერთი-ორჯერ თუ გვექნებაო. 200-ლარიანი პენსია, რაც მას და მის მეუღლეს აქვთ, როგორც ამბობს, ფაქტობრივად, არაფერში ჰყოფნით.

თბილისის ცენტრალური ბაზარი. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

„ვერც ორსულიანი ოჯახი იცხოვრებს თვეში 256 ლარად და 80 თეთრად“, — ამას 60 წლის ნატა კობახიძე გვეუბნება. „რომ დავრჩეთ ამ თანხაზე, არაფრით არ მეყოფა. თვეში 250-300 ლარამდეა კომუნალურები. ისე, შემოსავალს ძირითადად საკვებში ვხარჯავ. ყველაფერი გაძვირებულია“, — ამბობს ის.

ორივე მათგანმა მოისმინა ინფორმაცია საარსებო მინიმუმის ახალი მონაცემების შესახებ, თუმცა ეჭვი ეპარებათ, ეს რიცხვები რეალობას ასახავდეს. „რანაირად გამოთვალეს ეს რიცხვები“? — კითხულობს ვახტანგი.

[yellow_box]როგორ ითვლიან ახლა?[/yellow_box]

ეს კითხვა ბევრს უჩნდება. ხოლო სპეციალისტების ნაწილი, ვინც საარსებო მინიმუმის დადგენის საქსტატისეულ/მთავრობისეულ გზას იცნობს, მის ხარვეზებზე მიუთითებს და ამბობს, რომ სხვანაირად დათვლით, შესაძლოა, განხვავებული რიცხვები მივიღოთ.

საარსებო მინიმუმს საქსტატი მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე ადგენს. სასურსათო კალათას უწოდებენ პროდუქტების ერთობლიობას, რომელიც, საქსტატის თანახმად, შეიცავს ადამიანისთვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების (კალორიების, ცხიმების, ცილების და ნახშირწყლების) რაოდენობას.

სასურსათო კალათა

ამჟამად სასურსათო კალათში 40 პროდუქტია შეტანილი, დაწყებული ხორბლის პურით, დასრულებული ჩაით. ამ პროდუქტების წონები ისეა გადანაწილებული, რომ ადამიანს დღიურად 2300 კილოკალორია (კკალ — ენერგიის ერთეული) გამოუვიდეს.

საქსტატი ჯერ ანგარიშობს კალათაში შესული თითოეული პროდუქტის საშუალო ფასს ქვეყანაში (5 ქალაქში ფასებზე დაკვირვების შედეგად), ამის შემდეგ კი- სასურსათო კალათის თვიურ შუალედურ ღირებულებას;

შევაჭრების კოეფიციენტი

ამ მონაცემს ამრავლებენ „შევაჭრების კოეფიციენტზე“, რასაც 0.865-ად განსაზღვრავენ, რაც ნიშნავს, რომ თვიურ შუალედურ ღირებულებას 13.5%-ით ამცირებენ.

შევაჭრების კოეფიციენტზე გამრავლება ნიშნავს, რომ საქსტატი უშვებს, ადამიანები პროდუქტებს საბაზროზე 13.5%-ით ნაკლებს იხდიან პროდუქტებში შევაჭრების შედეგად [თუმცა სუპერმარკეტების ზრდის ფონზე, უცნობია, მოსახლეობის რა ნაწილი ახერხებს, შევაჭრების შედეგად ფასდაკლებით იყიდოს პროდუქტი].

რაც ზემოთ აღწერილი გაანგარიშებების შედეგად მიიღება, ის რიცხვი არის მინიმალური სასურსათო კალათის საბოლოო ღირებულება.

არასასურსათო კალათა

არსებობს ცნება — არასასურსათო კალათა, რომელსაც მეთოდოლოგია არ აზუსტებს, ანუ საქსტატი არ აღწერს, თუ უშუალოდ რა შედის არასასურსათო კალათში. არასასურსათო კალათა იდეაში ნებისმიერ არასასურსათო ხარჯს გულისხმობს, აუცილებლად საჭირო ნივთსა თუ მომსახურებებას, — კომუნალურ გადასახადებს, მედიკამენტებს, ტანსაცმელს, პირადი ჰიგიენის ნივთებს, ტრანსპორტირებას, კომუნიკაციას და ა.შ.

კალათის ზომა განისაზღვრება უბრალო პროპორციით, ანუ არასასურსათო კალათის ღირებულება იმის მიხედვით განისაზღვრება, თუ რა არის სასურსათო კალათის საბოლოო ღირებულება.

ეს პროპორცია საქართველოში არის 70/30. ეს ნიშნავს, რომ თუკი მინიმალური სასურსათო კალათის საბოლოო ღირებულება, პირობითად, 70 ლარია, არასასურსათო კალათისთვის 30 ლარი გამოიყოფა; თუ კალათის ღირებულება 140 ლარი იქნება, არასასურათო კალათისთვის ავტომატურად გამოიყოფა 60 ლარი.

2019 წლის მარტის მონაცემებით გამოდის, რომ ოთხსულიანმა ოჯახმა, რომლის საარსებო მინიმუმად განსაზღვრულია 321 ლარი, საკვებისთვის უნდა იმყოფინოს 224 ლარი და 70 თეთრი, ხოლო დარჩენილი 96 ლარი და 30 თეთრი ყველაფერი დანარჩენისთვის უნდა გამოიზოგოს.

სწორედ ამ ორი მაჩვენებლის, სასურსათო და არასასურსათო კალათის ჯამი გვაძლევს საარსებო მინიმუმს.

[blue_box]რა პრობლემაა საარსებო მინიმუმის ასე დათვლაში?[/blue_box]

როგორც ეკონომიკის დოქტორი ირაკლი მაკალათია ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს, ის პროპორცია, რასაც ამჟამად საქართველოში სასურსათო-არასასურსათო ხარჯებზე ანაწილებენ — 70/30 — მოძველებული და არასამართლიანია.

უსამართლო პროპორცია

მისი თქმით, ეს რიცხვები 1990-იან წლებში აიღეს, როდესაც მოსახლეობა გაცილებით მეტს ხარჯავდა სურსათში, ვიდრე ახლა. „ცხოვრების დონე იზრდება. ცხადია, რომ ადამიანები თანხის 70%-ს კვებაზე აღარ მოიხმარენ. არასამართლიანია, რომ არასასურსათო ხარჯებს 30%-იან წილს მიაკუთვნებენ, რადგან ეს რეალობაში ასე არ არის. ამ პროპორციას საფუძველი არ აქვს“, — გვეუბნება იგი.

საქსტატის მონაცემებით, შინამეურნეობების სასურსათო ხარჯების წილი მთლიან სამომხმარებლო ხარჯებში 2017 წელს 41.4% იყო. ეს ნიშნავს, რომ ხარჯების საშუალოდ 41.4%-ს ხარჯავდნენ სურსათში და არა 70%-ს, როგორც ამას საარსებო მინიმუმის არსებული მეთოდოლოგია ითვალისწინებს.

სასურსათო ხარჯების წილის შესახებ მონაცემები 2007 წლიდანაა ხელმისაწვდომი და ჩანს, რომ ეს პროცენტული წილი მცირდება. 2007 წელს სასურსათო ხარჯების წილი 55.9% იყო, 2017 წლისთვის კი ეს მაჩვენებელი 14.5 პროცენტული ერთეულით იყო შემცირებული.

შეიძლება სხვანაირად დათვლა?

მაკალათიას თანაავტორობით მომზადებულ კვლევაში, — „საარსებო მინიმუმის კვლევის მეთოდოლოგიური ხარვეზები, მინიმალური სასურსათო კალათის შემადგენლობის ოპტიმიზაცია და საარსებო მინიმუმის გაანგარიშება“, — რომელიც 2014 წელს ჩატარდა USAID-ის დაფინანსებით, პროპორცია სასურსათო და არასასურსათო ხარჯებს შორის განსაზღვრულია 55/45-ად.

სასურსათო ხარჯები 2007-2017 წლებში. წყარო: საქსტატი

კვლევა ასევე ამბობს, რომ უმჯობესი იქნება, ფასებს დააკვირდნენ არა მხოლოდ 5, არამედ 8 ქალაქში; ფასების იმპუტაციის (ანუ სეზონური ფასების ხელოვნურად იმიტირების, პირობითი ფასების გაანგარიშების) ნაცვლად, რასაც ამჟამად მიმართავენ, შემოიღონ „ზაფხულისა და ზამთრის“ კალათები;

არასაკმარისი კალორიები

ირაკლი მაკალათიას თანახმად, კალორიების ის რაოდენობა, რაც ახლაა საკმარისად მიჩნეული — 2300 კკალ — არასაკმარისია და 2500-მდე უნდა გაიზარდოს.

აშშ-ის დაავადებათა პრევენციისა და ჯანმრთელობის ხელშეწყობის ოფისის (სახელმწიფო უწყება) მონაცემების თანახმად, კალორიების საჭიროება თითოეული ადამიანისთვის განსხვავებულია და დამოკიდებულია ასაკზე, სქესზე, სიმაღლეზე, წონაზე, ფიზიკური აქტივობის დონესა და სხვა ცვლადებზე.

ამ ცვლადების გათვალისწინებით, 19-დან 40 წლამდე კაცებს, სულ მცირე, 2400-2600 კკალ ესაჭიროებათ (საშუალო და მაღალი აქტივობის ადამიანებს კი- 2800 და 3200) , იმავე ასაკის ქალებს -1800-2000; საქსტატი შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცისთვის 2300 კკალ-ს იღებს ორიენტირად.

მაკალათიას თანახმად, კალორიების რაოდენობა 2500-მდე მაინც უნდა გაიზარდოს. ამასთან ერთად კი მინიმალური სასურსათო კალათის გამრავალფეროვნება იქნება საჭირო.

„არსებულ კალათაში მნიშვნელოვანი პროდუქტები არ შედის, მაგალითად, მწვანილი, ბანანი და მრავალი სხვა. ამასთან, მაღალ ხვედრით წილს ანიჭებენ დაბალფასიან პროდუქტს, არადა აჯობებს, რომ, მაგალითად, ხორცის მასა გაიზარდოს და ჭარხლისა შემცირდეს“, — განმარტავს იგი.

მისი თქმითვე, კალათის გამრავალფეროვნება მის ღირებულებას ავტომატურად გაზრდის.

რა რიცხვს მივიღებდით საარსებო მინიმუმის ასე დათვლით?

ამ ყველაფრის (სასურსათო-არასასურსათო ხარჯების გადანაწილება 55/45 პროცენტზე, მინიმალური სასურსათო კალათის შევსება, კალორიების 200-ით გაზრდა) გათვალისწინებით მიღებული რიცხვი 2014 წლის აპრილისთვის, აღნიშნული კვლევის თანახმად, შრომისუნარიანი მამაკაცისთვის 309 ლარი იყო.

იმავე თვეში სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დათვლილი საარსებო მინიმუმი შრომისუნარიანი მამაკაცისთვის ორჯერ ნაკლები — 155.6 ლარი იყო (საშუალო მომხმარებლისთვის კი გაცილებით ნაკლები — 137.8 ლარი).

[red_box]საარსებო მინიმუმი — ორიენტირი[/red_box]

რატომ არის საარსებო მინიმუმი მნიშვნელოვანი და როგორ ებმის ეს მაჩვენებელი სოციალურ პოლიტიკას? საქართველოს კანონმდებლობა საარსებო მინიმუმს განსაზღვრავს, როგორც ორიენტირს ხელფასების, პენსიების და სხვა სოციალური გასაცემლების მინიმუმის განსაზღვრისთვის; ასევე, მოსახლეობის „ნაკლებად უზრუნველყოფილი ნაწილის განსაზღვრისა“ და მიზნობრივი სოციალური პოლიტიკის გატარებისათვის.

როგორც მაკალათია განმარტავს, თუკი სახელმწიფო აღიარებს, რომ საარსებო მინიმუმი გაცილებით მეტია, ვიდრე ის, რასაც ახლა გვეუბნებიან, მას სოციალური ვალდებულებები დაეკისრება — პენსიის გაზრდა, შემწეობების მომატება, მინიმალური ხელფასის აწევა;

მისი აზრით, სწორედ ეს არის მიზეზი, რატომაც არ იცვლება მეთოდოლოგია: “[რეალურ] საარსებო მინიმუმს თუ შეადარებენ მოსახლეობის შემოსავლებს, სიღარიბის დონეც გაიზრდება, ამ რეალობის აღიარებისთვის კი სახელმწიფო პოლიტიკურად მზად არ არის“, — ამბობს იგი.

2005 წლის ბრძანებულებით კი მინიმალურ ხელფასად 135 ლარია განსაზღვრული, თუმცა მხოლოდ აღმასრულებელ ხელისუფლებაში დასაქმებულთათვის. საქართველოს პრეზიდენტის 1999 წელს ბრძანებულების [რომელიც დღემდე მოქმედებს] თანახმად, თვიური მინიმალური ხელფასი 20 ლარია;

ნახეთ ასევე ნეტგაზეთზე:

[yellow_box]რას ამბობს საქსტატი? მთავრობა?[/yellow_box]

ნეტგაზეთმა სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს ჰკითხა, ამჟამად რა არგუმენტი უმაგრებს ზურგს სასურსათო/არასასურსათო ხარჯების წილად 70/30 პროპორციის განსაზღვრას, რაზეც გვიპასუხეს: „საქსტატი ეთანხმება და მზადყოფნას გამოთქვამს საარსებო მინიმუმის მეთოდოლოგიის სრულყოფასთან დაკავშირებულ განხილვებში ჩართვისათვის“.

თუმცა მსგავსი შინაარსის განცხადებები წლებია ისმის. ნეტგაზეთის კითხვაზე, თუკი არსებობს კონსენსუსი, რომ საარსებო მინიმუმის დათვლის გზა მოძველებულია, რა უშლის ხელს ამის შეცვლას; ან საქსტატს თუ ჰქონია ინიციატივა საარსებო მინიმუმის გაანგარიშების მეთოდიკაში ცვლილების შესატანად, გვიპასუხეს:

„გამომდინარე იქიდან, რომ საარსებო მინიმუმის საკითხი მჭიდროდ არის დაკავშირებული მოსახლეობის კეთილდღეობის პოლიტიკის გატარებასთან, აღნიშნული სამუშაოების კოორდინირება სცილდება საქსტატის კომპეტენციას. ამასთან, საქსტატი აპირებს საარსებო მინიმუმთან მიმართებაში სამუშაო დისკუსიების გამართვას რამდენიმე დაინტერესებულ მხარესთან უახლოეს მომავალში“.

ამასთან, „ის, თუ რა ზომით იმოქმედებს [როგორ და რამდენად შეცვლის] მეთოდოლოგიური ცვლილებები საარსებო მინიმუმის მაჩვენებლის სიდიდეზე, დამოკიდებული იქნება სწორედ დაინტერესებული მხარეების მიერ გამართულ განხილვებზე და მიღწეულ შეთანხმებებზე“, — მოგვწერეს საქსტატიდან.

„ამასთან, მხედველობაში მისაღებია იმ ფაქტიც, რომ საარსებო მინიმუმი ახლოს უნდა იყოს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონესთან“, — მისწერეს ნეტგაზეთს საქსტატიდან.

დავით სერგეენკო

ჯანდაცვისა და შრომის მინისტრმა დავით სერგეენკომ 16 აპრილს, მას შემდეგ, რაც საარსებო მინიმუმზე მარტის მონაცემები გამოქვეყნდა, განაცხადა: „სულ იყო მსჯელობა, რომ მეთოდოლოგია გადახედილიყო, რამე სხვა დამტკიცებული მეთოდოლოგია მიგვეღო, რასაც მეც ვეთანხმები“.

ნეტგაზეთი 17 აპრილს დაუკავშირდა სამინისტროს პრესსამსახურს კითხვებით, — რა უშლის ხელს ამ მეთოდოლოგიის შეცვლას, როგორ წარმოუდგენიათ მისი ცვლილება, უნდა შეიცვალოს თუ არა ახლანდელი 70/30 პროპორცია, გაუქმდეს შევაჭრების კოეფიციენტი, თუმცა სამინისტროსგან პასუხი ვერ მივიღეთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი