კომპანია „სოლიდუსის“ მფოლებლი, გიორგი არველაძე BM.GE-ს ეუბნება, რომ ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდეს. მედიასთან ის ამბობს, რომ სანამ საწვავის კრიზისი იქნება, მზადაა ოკუპირებული რეგიონი „მოამარაგოს“, თუ მათ „ფული ეყოფათ“.

„სანამ ეს კრიზისი არის, მოთხოვნა იქნება. სანამ ეს კრიზისი იქნება, მე მზად ვარ, რომ მოვამარაგო, მაგრამ ფული თუ ეყოფათ კი. უფასოდ ეს არ ხდება. არავინ არაფრის ჩუქებას არ აპირებს. თვითონაც არ უნდათ საჩუქრები, ყიდულობენ. გუშინ დამატებით კიდევ 100 ტონა გავიტანეთ, დღეს ჯამში 400 ტონა გვაქვს უკვე გატანილი“, – აცხადებს გიორგი არველაძე BM.GE-სთან.

არველაძის თქმითვე, საქართველოში საწვავი კომპანია „რეფსოლისგან“ შეიძინა და ოკუპირებულ რეგიონში კერძო მესაკუთრეებზე გაყიდა.

„ანგარიშსწორება ლარში მოხდა. ისინი გადმოდიან ფულს ახურდავებენ და ლარში მოაქვთ“, – ამბობს არველაძე მედიასთან და განმარტავს, რომ გალის და ოჩამჩირის რაიონში მცხოვრები მოსახლეობა საწვავის გარეშე დარჩა, რადგან, მისი თქმით, რეგიონში უმეტესად კერძო მესაკუთრეების ბენზინგასამართი სადგურებია.


აფხაზეთში საწვავის კრიზისის ფონზე, საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპირებულ რეგიონში საწვავის შეტანა ირაკლი კობახიძემ 12 აგვისტოს დაადასტურა. მისი თქმით, საწვავი საქართველოს სახელმწიფოს არ შეუტანია და ეს ბიზნესმა გააკეთა.

მოგვიანებით „რადიო თავისუფლებამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი კომპანია „სოლიდუსმა“ შეიტანა. კომპანიას ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განხორციელების ნებართვა ირაკლი კობახიძის 11 აგვისტოს დათარიღებული განკარგულებით გაუგრძელდა.

კომპანიის მფლობელი, გიორგი არველაძე ამბობს, რომ საუბარია დაახლოებით 300 ტონა საწვავზე.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა ამბობს, რომ საწვავის შეტანისთვის ხელი არ შეუშლიათ. და რომ აფხაზეთის საწვავის ბაზრის მონაწილეებმა „შეძლეს საქართველოს ტერიტორიიდან საწვავის შემოტანის შესაძლებლობის მოძებნა“.

ფოტო: JEMNEWS