ახალი ამბები

“არაპროპორციული სასჯელი და სხვა საფრთხეები” – იურისტები საგანგებო მდგომარეობის კანონმდებლობაზე

24 აპრილი, 2020 • 2023
“არაპროპორციული სასჯელი და სხვა საფრთხეები” – იურისტები საგანგებო მდგომარეობის კანონმდებლობაზე

მომავალში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის განმეორებით დარღვევისთვისთვის შესაძლოა, მოქალაქეს იგივე სასჯელი დაეკისროს, რაც დამამძიმებელ (გენდერის ნიშნით ან არაერთგზის) გარემოებაში ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანის შემთხვევაში – 6-წლიანი პატიმრობა. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი იურისტები ამ ზომას არაპროპორციულად მიიჩნევენ.

საქართველოს პარლამენტმა ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში, ასევე, თანმდევ კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებებით დააწესა პასუხისმგებლობა საგანგებო ან საომარი მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის, ისევე როგორც იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევისთვის, მათ შორის ისეთ დროსაც, როდესაც არ არის გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა.

თუმცა ეს ცვლილებები ძალაში 2 მაისიდან შედის და არ ეხება ამჟამად გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმს, რომლის სანქციებსაც დეკრეტი არეგულირებს.

პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებებით, მომავალში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით დადგენილი იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის − 10 000 ლარით. ხოლო პრეზიდენტის დეკრეტით, მთავრობის დადგენილებით ან/და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული საგანგებო ან საომარი მდგომარეობის რეჟიმის ნებისმიერი დარღვევა (იზოლაციის და კარანტინის წესის ჩათვლით) გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით. იგივე ქმედება ადმინისტრაციულ სახდელდადებული ან ამ მუხლით ნასამართლევი პირის მიერ, ე.ი. საგანგებო ან საომარი მდგომარეობის რეჟიმის განმეორებით დარღვევა კი დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს წლამდე, თუ საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით სხვა რამ არ არის დადგენილი.

იურისტების შეფასებით, სასჯელის ეს ზომა არაპროპორციულია და საგანგებო მდგომარეობის განმეორებით დარღვევა მძიმე დანაშაულის კატეგორიაში გაჰყავს.

დანაშაულის კატეგორიები
სისხლის სამართლის დანაშაული სამი კატეგორიისა: ნაკლებად მძიმე, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაული. ნაკლებად მძიმეა ისეთი განზრახი ან გაუფრთხილებლობითი დანაშაული, რომლის ჩადენისათვის სსს კოდექსით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთას; მძიმეა დანაშაული, რომლის ჩადენისთვის სასჯელის მაქსიმალურ ზომად გათვალისწინებულია ათიწლიანი პატიმრობა; განსაკუთრებით მძიმე დანაშაულად კი ითვლება ისეთი განზრახი დანაშაული, რომლის ჩადენისთვის გათვალისწინებულია ათ წელზე მეტი ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთა.

“ეს სასჯელი, ბუნებრივია, ძალიან არაპროპორციულად გამოიყურება და აუხსნელია, თუ რა მიზანს ემსახურება მსგავსი მაღალი სასჯელის შემოღება”, – ამბობს “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე.

EMC-ის წარმომადგენელ გურამ იმნაძის თქმით, ასევე, სასჯელი არ არის პროპორციული და ზედმეტად ხისტი და მკაცრი ინსტრუმენტია აღმასრულებელი ხელისუფლების ხელში.

“დღევანდელი მაგალითი რომ ავიღოთ, ადამიანმა თუკი ერთხელ ტრანსპორტით გადაადგილების წესი დაარღვია, ხოლო მეორეჯერ 21:00-ის შემდეგ მოუწია პირადი საცხოვრებელი სახლის გარეთ ყოფნა, ამ შემთხვევაში მას ემუქრება [ეს რომ მომავალ საგანგებო მდგომარებისას მომხდარიყო] 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა. ეს არ ნიშნავს, აუცილებლად ყველაზე მკაცრი სასჯელი შეეფარდება ადამიანს, მაგრამ ამის პოტენციური საფრთხე არსებობს და სახელმწიფოს ხელშია  რეპრესიული მექანიზმი, რომელიც შეუძლია, საკუთარი მოქალაქეების მიმართ გამოიყენოს”, – ამბობს იმნაძე.

ამასთან, იურისტების განმარტებით, კანონის ნორმა არ ეხება მხოლოდ ერთი საგანგებო მდგომარეობის ვადაში რეჟიმის განმეორებით დარღვევას. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევაში საუბარია ადმინისტრაციულ სახდელდადებულ პირზე, ასეთად კი ადამიანი ითვლება სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში. საგანგებო მდგომარეობის მუხლით ნასამართლევად კი ადამიანი ჩაითვლება 6 წლის განმავლობაში, ვინაიდან მძიმე დანაშაულისთვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულის ნასამართლეობა უქარწყლდება სასჯელის მოხდიდან ექვსი წლის შემდეგ.

პრეზიდენტის დეკრეტი და სხვა

იურისტები საუბრობენ სხვა ხარვეზებზეც, რომელიც მათი აზრით, პარლამენტის მიერ 23 აპრილს დამტკიცებულ საკანონმდებლო ცვლილებებს აქვს.

“ზოგადად, ბევრად სწორად გამოიყურება ის, რომ კანონით იქნება გათვალისწინებული სანქცია (სანქციის ზომას არ ვგულისხმობ) და ეს არ იქნება პრეზიდენტის დეკრეტზე დამოკიდებული, თუმცა პრეზიდენტს შეეძლება განსხვავებული ნორმა დაადგინოს. თუ არ დაადგენს, მაშინ იმოქმედებს კანონი. თუმცა აქ არის სხვა პრობლემაც, ჩანაწერში “საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით ან/და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით განსაზღვრული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა”. ეს ქმნის განსაკუთრებული პრობლემას ნორმის განჭვრეტადობის თვალსაზრისით, ვინაიდან მოქალაქე რომ დაისაჯოს სისხლის სამართლის წესით, მას უნდა ჰქონდეს საშუალება, ნათლად და არაორაზროვნად იცოდეს, რა არის ის ქცევის წესი, რომლის შეუსრულებლობის გამო დაისჯება. დღეს ჩვენ რასაც ვხედავთ, რეალურად პრეზიდენტმა საკუთარი დეკრეტით რეგულაციების დადგენის მთავრობაზე დელეგირება გააკეთა. ამას აღარც პარლამენტი ამოწმებს და რეალურად ვიღებთ სიტუაციას, როდესაც მთავრობას შეუძლია ყოველდღიურად ახალ-ახალი რეგულაციები აწესოს და მათ დარღვევაზე ადამიანი შეიძლება სამომავლოდ, თუკი მსგავსი განმეორდება, საკმაოდ მაღალი სანქციით აღმოჩნდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” მშვენიერაძემ.

პრეზიდენტის მიერ დეკრეტით განსაზღვრული უფლებამოსილების მთავრობაზე დელეგირების პრობლემის შესახებ საუბრობს გურამ იმნაძეც.

“პრეზიდენტის დეკრეტი ორგანული კანონის ძალის მქონეა და პრეზიდენტს უფლება აქვს, კანონისგან გასხვავებული ნორმა დაადგინოს, აქ კონსტიტუციურობის თვალსაზრისით არ არის პრობლემა, ამიტომ ახალ კანონში აღარც იყო საჭირო ჩანაწერი “პრეზიდენტის დეკრეტით თუ სხვა რამე არ არის დადგენილი”, ეს ისედაც იგულისხმება. უფრო მსხვილი პრობლემაა ის, დღეს ჩვენთან როგორც არის გადაწყვეტილი საგანგებო მდგომარეობის სამართლებრივი რეგულირება. ვინაიდან პრეზიდენტმა, რომელსაც თავისი დეკრეტით უნდა განესაზღვრა შეზღუდვების შინაარსი,  თავისი დეკრეტით ეს უფლებამოსილება გადაულოცა მთავრობას და ჩაწერა, რომ მთავრობას დადგენილებით შეუძლია, შეზღუდოს კონკრეტული უფლებები.  ეს სერიოზული პრობლემაა, ვინაიდან განსხვავებით პრეზიდენტის დეკრეტისგან, რომელზეც პარლამენტი დაუყოვნებლივ მსჯელობს, მთავრობის დადგენილებებს უკვე ვეღარავინ ამოწმებს, თვითონ პრეზიდენტიც”, – ამბობს იმნაძე და დასძენს, რომ ამ პრობლემას ვერც ახალი კანონი აზღვევს.


პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები ამოქმედდება 2020 წლის 2 მაისიდან, თუმცა ის არ გავრცელდება დღეს მოქმედ საგანგებო მდგომარეობაზე, ვინაიდან 2020 წლის 21 მარტის დეკრეტის საფუძველზე საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს პირველ შემთხვევაში ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, კერძოდ, ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით. იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა კი იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას – 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას. 21 მარტის დეკრეტის საფუძველზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრები ახალი კანონის ამოქმედების შემდეგაც ინარჩუნებს ძალას და ახალ კანონთან შესაბამისობაში მოყვანას არ საჭიროებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი