ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა სოციალური პაკეტის შემუშავებისას არ უნდა დაეყრდნოს „ხარვეზიან და საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამო საარსებო მინიმუმის დათვლის მეთოდოლოგიას“.
მთავრობას დაანონსებული აქვს, რომ კონკრეტულ ანტიკრიზისულ გეგმას 24 აპრილს წარადგენს. EMC მთავრობას მოუწოდებს, სოციალური დახმარების ანტიკრიზისულ გეგმაში გაითვალისწინოს სოციალური დაცვის მექანიზმების მიღმა დარჩენილი ყველაზე მოწყვლადი ადამიანების საჭიროებები, — მათ შორის, ფორმალური სისტემებიდან გარიყული ადამიანების მრავალმხრივი საჭიროებები.
[ვრცლად: მთავრობის გეგმა ყველა მოწყვლად ჯგუფს უნდა შეეხოს – EMC]
თუმცა EMC კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხს გამოყოფს: ამ სოციალური პაკეტის შეთავაზებისას მთავრობამ არ უნდა იხელმძღვანელოს საარსებო მინიმუმის დადგენილი სტანდარტით, რადგან, მათ თანახმად, ამ მაჩვენებლის გამოანგარიშების მეთოდოლოგია ხარვეზიანია და საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამო.
საქსტატის ბოლო მონაცემებით (2020 წლის მარტში), შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 206 ლარია. თუმცა სპეციალისტების ნაწილი, ვინც საარსებო მინიმუმის დადგენის საქსტატისეულ/მთავრობისეულ გზას იცნობს, მის ხარვეზებზე მიუთითებს და ამბობს, რომ სხვანაირად დათვლით, შესაძლოა, განხვავებული რიცხვები მივიღოთ.
საარსებო მინიმუმს საქსტატი მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე ადგენს. სასურსათო კალათას უწოდებენ პროდუქტების ერთობლიობას, რომელიც, საქსტატის თანახმად, შეიცავს ადამიანისთვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების (კალორიების, ცხიმების, ცილების და ნახშირწყლების) რაოდენობას.
სასურსათო კალათა
ამჟამად სასურსათო კალათში 40 პროდუქტია შეტანილი, დაწყებული ხორბლის პურით, დასრულებული ჩაით. ამ პროდუქტების წონები ისეა გადანაწილებული, რომ ადამიანს დღიურად 2300 კილოკალორია (კკალ — ენერგიის ერთეული) გამოუვიდეს.
საქსტატი ჯერ ანგარიშობს კალათაში შესული თითოეული პროდუქტის საშუალო ფასს ქვეყანაში (5 ქალაქში ფასებზე დაკვირვების შედეგად), ამის შემდეგ კი- სასურსათო კალათის თვიურ შუალედურ ღირებულებას;
შევაჭრების კოეფიციენტი
ამ მონაცემს ამრავლებენ „შევაჭრების კოეფიციენტზე“, რასაც 0.865-ად განსაზღვრავენ, რაც ნიშნავს, რომ თვიურ შუალედურ ღირებულებას 13.5%-ით ამცირებენ.
შევაჭრების კოეფიციენტზე გამრავლება ნიშნავს, რომ საქსტატი უშვებს, ადამიანები პროდუქტებს საბაზროზე 13.5%-ით ნაკლებს იხდიან პროდუქტებში შევაჭრების შედეგად [თუმცა, სუპერმარკეტების ზრდის ფონზე, უცნობია, მოსახლეობის რა ნაწილი ახერხებს, შევაჭრების შედეგად ფასდაკლებით იყიდოს პროდუქტი].
რაც ზემოთ აღწერილი გაანგარიშებების შედეგად მიიღება, ის რიცხვი არის მინიმალური სასურსათო კალათის საბოლოო ღირებულება.
არასასურსათო კალათა
არსებობს ცნება — არასასურსათო კალათა, რომელსაც მეთოდოლოგია არ აზუსტებს, ანუ საქსტატი არ აღწერს, თუ უშუალოდ რა შედის არასასურსათო კალათში. არასასურსათო კალათა იდეაში ნებისმიერ არასასურსათო ხარჯს გულისხმობს, აუცილებლად საჭირო ნივთსა თუ მომსახურებებას, — კომუნალურ გადასახადებს, მედიკამენტებს, ტანსაცმელს, პირადი ჰიგიენის ნივთებს, ტრანსპორტირებას, კომუნიკაციას და ა.შ.
კალათის ზომა განისაზღვრება უბრალო პროპორციით, ანუ არასასურსათო კალათის ღირებულება იმის მიხედვით განისაზღვრება, თუ რა არის სასურსათო კალათის საბოლოო ღირებულება.
ეს პროპორცია საქართველოში არის 70/30. ეს ნიშნავს, რომ თუკი მინიმალური სასურსათო კალათის საბოლოო ღირებულება, პირობითად, 70 ლარია, არასასურსათო კალათისთვის 30 ლარი გამოიყოფა; თუ კალათის ღირებულება 140 ლარი იქნება, არასასურათო კალათისთვის ავტომატურად გამოიყოფა 60 ლარი.
2020 წლის მარტის მონაცემებით გამოდის, რომ ოთხსულიანმა ოჯახმა, რომლის საარსებო მინიმუმად განსაზღვრულია 365 ლარი, საკვებისთვის უნდა იმყოფინოს 255.5 ლარი, ხოლო დარჩენილი 109.5 ლარი ყველაფერი დანარჩენისთვის უნდა გამოიზოგოს.
EMC მთავრობას მოუწოდებს, „მხედველობაში მიიღოს არსებული სოციალური უზრუნველყოფის სისტემების ღიობები და ჩავარდნები“, არ დაეყრდნოს საარსებო მინიმუმის დათვლის არსებულ მეთოდოლოგიას და „სასწრაფოდ შეიმუშაოს კრიზისული ვითარებისთვის შესაბამისი საჭიროებების აღწერის ახალი პროცედურები“.
ვრცლად საარსებო მინიმუმის გამოანგარიშების მეთოდოლოგიაზე გირჩევთ სტატიას „ნეტგაზეთის“ არქივიდან.