ახალი ამბები

მთავრობის გეგმა ყველა მოწყვლად ჯგუფს უნდა შეეხოს – EMC

23 აპრილი, 2020 • 1248
მთავრობის გეგმა ყველა მოწყვლად ჯგუფს უნდა შეეხოს – EMC

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) მთავრობას მოუწოდებს, სოციალური დახმარების ანტიკრიზისულ გეგმაში გაითვალისწინოს სოციალური დაცვის მექანიზმების მიღმა დარჩენილი ყველაზე მოწყვლადი ადამიანების საჭიროებები, — მათ შორის, არაფორმალურ სექტორში დასაქმებული ადამიანების მრავალმხრივი საჭიროებები.

საქართველოში 21 მარტიდან გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, რომელიც 21 აპრილს კიდევ ერთი თვით გაახანგრძლივეს. შეზღუდვებმა, როგორც EMC წერს, ქვეყნისთვის ცენტრალური ეკონომიკური აქტივობების ნაწილი მთლიანად შეაჩერა, ნაწილი კი შესამჩნევად შეაფერხა. მთავრობას დაანონსებული აქვს, რომ კონკრეტულ ანტიკრიზისულ გეგმას 24 აპრილს წარადგენს.

„მასშტაბური ხასიათი მიიღო შრომითი ხელშეკრულებების დარღვევამ. დღითიდღე იზრდება იმ დასაქმებულთა რაოდენობა, რომლებმაც კრიზისულ ვითარებაში სამსახური განუსაზღვრელი ვადით დაკარგა. უშემოსავლოდ რჩება 800,000 თვითდასაქმებული მშრომელის მნიშვნელოვანი ნაწილიც“, – წერს ორგანიზაცია.

EMC-ის თანახმად, „სოციალურად ორიენტირებული ანტიკრიზისული გეგმის არარსებობა საგანგაშოა არსებული სოციო-ეკონომიკური მდგომარეობისა და გაზრდილი საჭიროებების ფონზე“.

ორგანიზაცია ტელეკომპანია „ფორმულის“ დაკვეთით „ედისონ რისერჩის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებს ახსენებს, რომლის თანახმადაც, მოსახლეობის 45% უთითებს, რომ ფული ერთ თვეზე ნაკლებ ხანს ეყოფა, ხოლო 40% პასუხობს, რომ დანაზოგი მხოლოდ 1-დან 3 თვემდე იქნება საკმარისი.

„მიუხედავად ამისა, საქართველოს მთავრობის მიერ აქამდე გადადგმული ნაბიჯები მეტწილად მსხვილი და საშუალო ბიზნესის დახმარებას ითვალისწინებს. ამის მაგალითია მთავრობის მიერ მყისიერი ინიციატივები ბიზნესებისთვის საგადასახადო ტვირთის შემცირების, კომერციულ ბანკების მხარდაჭერის თუ ინფრასტრუქტურული პროექტების წახალისების მიმართულებით, მაშინ, როდესაც სოციალური მიმართულებით მხოლოდ კომუნალური გადასახადების ფინანსირება და სასურსათო პროდუქტების ფასის დარეგულირება მოხერხდა“, – წერს ორგანიზაცია.

„დღეს, როდესაც საუბარია ორეტაპიან ანტიკრიზისულ გეგმაზე, რომელიც ბიზნესის დახმარების გარდა, ადამიანთა სოციალურ მხარდაჭერასაც მოიაზრებს, აუცილებელია, სოციალურმა პაკეტებმა სრულყოფილად მოიცვას უსამსახუროდ, უშემოსავლოდ დარჩენილები და ასევე ისინი, ვინც რისკჯგუფს წარმოადგენს და მაღალი ეკონომიკური და შრომითი მოწყვლადობით ხასიათდებიან – პენსიონერები, ქრონიკული დაავადებების მატარებელნი, უსახლკაროები, თუ სხვები“, – აცხადებს EMC.

ორგანიზაცია მიუთითებს, რომ „მასობრივი დაკრედიტებისა და ჭარბვალიანობის პირობებში განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებენ გაუმართავი, მტაცებლური მიკროსაფინანსო სისტემებით დაზარალებულებიც, რომლებსაც ისედაც მძიმე ვალდებულებების შესრულება არსებულ ეკონომიკურ კრიზისში კიდე უფრო გაუჭირდებათ“.

„ამ ჯგუფებისთვის კრიზისული ვითარების დაძლევა განსაკუთრებით რთული იქნება და სახელმწიფომ მათ მხარდასაჭერად, მათ შორის ფინანსურ სექტორთან შუამდგომლობის გზით, მიზანმიმართული ზომები უნდა მიიღოს“.

„დღეს სხვადასხვა ქვეყანაში აქტიურად იყენებენ ვაუჩერებისა და უპირობო, დამატებითი შემოსავლის პროგრამებს, მიზნობრივ და უნივერსალურ შემწეობას, ხელფასის ჩანაცვლებისა და სუბსიდირების პაკეტებს. ანტიკრიზისული ზომების მრავალფეროვნების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობამ უნდა შექმნას და საზოგადოებას გააცნოს ადგილობრივი კონტექსტისა და საჭიროებებისთვის შესაფერისი პაკეტი, რათა თავიდან ავიცილოთ ფართომასშტაბიანი სოციალური კრიზისი“, – წერია ორგანიზაციის მიერ 23 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში.

უცვლელად გთავაზობთ განცხადების დარჩენილ ნაწილს:

„სოციალური პაკეტის შემუშავებისას აუცილებელია, რომ საქართველოს მთავრობამ მხედველობაში მიიღოს არსებული სოციალური უზრუნველყოფის სისტემების ღიობები და ჩავარდნები. მაგალითად, ის არ უნდა დაეყრდნოს ხარვეზიან და საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამო საარსებო მინიმუმის დათვლის მეთოდოლოგიას და სასწრაფოდ უნდა შეიმუშაოს კრიზისული ვითარებისთვის შესაბამისი საჭიროებების აღწერის ახალი პროცედურები.

ასევე, სამწუხაროა, რომ აქამდე მთავრობა არ ახდენდა არაფორმალურ სექტორში დასაქმებული ადამინების ფინანსური თუ სოციალური სტატუსის შესწავლას და მათ აღრიცხვას, რაც დღეს უკიდურესად ართულებს მათი დანაკარგების და გაჩენილი საჭიროებების შეფასებას.

მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ ანტიკრიზისულ გეგმაში გაითვალისწინოს არა მხოლოდ უმუშევრად დარჩენილი იმ ადამიანების საჭიროებები, რომლებსაც ე.წ. ფორმალურ სექტორში ჰქონდათ სამსახური, არამედ არაფორმალურ სექტორში დასაქმებული თუ არასტანდარტული სამსახურის მქონე ადამიანთა საჭიროებები, რომლებიც უმეტესად დღიურ შემოსავალზე იყვნენ დამოკიდებულნი (მათ შორის ტაქსის მძღოლები, ძიძები, სალონებში, ტურიზმის სფეროში დასაქმებულები და სხვა).

აღსანიშნავია, რომ სამთავრობო სამუშაო ჯგუფებსა და ფორმატებში, ერთი მხრივ, ბიზნესისა და ფინანსური სექტორის აქტიური ჩართულობა, მეორე მხრივ კი, იმავე ფორმატებში მშრომელთა და მოწყვლადი ჯგუფების ხმების დანაკლისი აჩენს რისკს, რომ ანტიკრიზისული ნაბიჯები ,პირველ რიგში, ბიზნესისა და ფინანსური ინტერესების მიხედვით დაიგეგმება.

ამიტომ, იმ პირობებში, როდესაც მთავრობის წარმომადგენლები მოლაპარაკებებს აწარმოებენ საერთაშორისო საკრედიტო ინსტიტუციებთან და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან (IMF), რათა ეკონომიკური წნეხის შესამსუბუქებლად თუ ეკონომიკის სტიმულირებისთვის ფინანსები მოიძიონ, მნიშვნელოვანია უპასუხოდ არ დარჩეს კითხვები იმაზე, თუ ვის ინტერესებს მოხმარდება ანტიკრიზისული პაკეტის ის ნაწილი, რომელიც ბიზნესის დახმარებისთვისაა განკუთვნილი;

როგორ და რა პრინციპით განაწილდება ეს რესურსი და რამდენად გამჭირვალედ დაიხარჯება მოძიებული რესურსები. ასევე, ცხადი პასუხები უნდა გაეცეს კითხვებს, თუ რა ვალდებულებები ახლავს თან იმ მასშტაბურ ფინანსურ პაკეტებს, რომელსაც საერთაშორისო ინსტიტუციები გასცემენ საქართველოზე; რაზე მიდის მოლაპარაკება და რა არის ამ მოლაპარაკებების პირობები?

გარდა ამისა, გადამწყვეტია არა მხოლოდ მოკლევადიანი ზომების მიღება, არამედ გრძელვადიანი გეგმის შემუშავება, რომელიც საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და დონორებისგან მობილიზებული თანხების ეკონომიკურად მდგრადად და სოციალურად სამართლიანად მიმართვას უზრუნველყოფდა და ორიენტირებული იქნებოდა არა მხოლოდ ადამიანებისა და შინამეურნეობების გადარჩენისკენ, არამედ კრიზისის შედეგად კიდევ უფრო გაღრმავებული სიღარიბის დაძლევისკენ“.

მასალების გადაბეჭდვის წესი