ახალი ამბები

„გთხოვთ, მთავრობას შეახსენოთ შეთანხმების მნიშვნელობა“ – ოპოზიციის მიმართვა

23 აპრილი, 2020 • 911
„გთხოვთ, მთავრობას შეახსენოთ შეთანხმების მნიშვნელობა“ – ოპოზიციის მიმართვა

ოპოზიციური პარტიები — „ევროპული საქართველო“, „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“ და სხვები — საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავენ, „ქართულ ოცნებას“ შეახსენონ 8 მარტს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულების მნიშვნელობა.

პარტიების განცხადებით, 8 მარტს მიღწეული შეთანხმება არ შესრულდება, სანამ „პოლიტიკური პატიმრები – გიგი უგულავა, გიორგი რურუა და ირაკლი ოქრუაშვილი – არ გათავისუფლდებიან“.

მიმართვის ტექსტი

„მაშინ, როცა მთელ მსოფლიოსთან ერთად, საქართველო ცდილობს გაუმკლავდეს უპრეცედენტო პანდემიას, ჩვენ, ქვემოთ ხელისმომწერ ქართულ ოპოზიციურ პარტიებს, გვსურს მოგაწოდოთ ბოლო ინფორმაცია 2020წლის 8 მარტს საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმების განხორციელების შესახებ.

როგორც მოგეხსენებათ, პოლიტიკურ პატიმართა გათავისუფლება აღნიშნული შეთანხმების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. სამწუხაროდ, 13 აპრილს, ირაკლი ოქრუაშვილს, რომლის გათავისუფლებაც გათვალისწინებული იყო 8 მარტის შეთანხმებით, ხუთწლიანი პატიმრობა მიესაჯა, რაც შეთანხმების სულისკვეთებისა და ტექსტის დარღვევა და უკან გადადგმული ნაბიჯია.

14 აპრილს შეერთებული შტატების საელჩომ და ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა გააკეთეს განცხადებები ,სადაც მათ განმოთქვეს შეშფოთება ირაკლი ოქრუაშვილისთვის პატიმრობის მისჯის გამო და შეთანხმების სრულად განხორციელებისკენ მოუწოდეს. ამის საპრისპიროდ, ოპოზიცია შეთანხმებას ზედმიწევნით იცავს.

ჩვენ მხარი დავუჭირეთ საკონსტიტუციო ცვლილებების კომისიის შექმნას პარლამენტში და მონაწილეობას ვიღებთ დისკუსიებში საარჩევნო კოდექსის შესახებ. მიუხედავად ამისა, აღიშნული ძალისხმევა შეიძლება ფუჭი აღმოჩნდეს, თუ პოლიტიკური პატიმრები – გიგი უგულავა, გიორგი რურუა და ირაკლი ოქრუაშვილი – არ გათავისუფლდებიან.

როგორც კი კორონავირუსის პანდემია გადაივლის, მოვლენათა ამგვარი განვითარება გარდაუვლად გამოიწვევს პოლიტიკურ არასტაბილურობას და გაზრდის რისკებს ოტქომბერში დანიშნული არჩევნების წინ. ჩვენი ამოცანაა, რომ ეს არ მოხდეს. საგანგებო სიტუაციები არასდროს არ უნდა იქნას გამოყენებული დემოკრატიის დასაზიანებლად.

დღეს, როცა თქვენ ფოკუსირებულნი ხართ თქვენი ქვეყნების პანდემიასთან ბრძოლაზე, მოგმართავთ თხოვნით, რათა საქართველოს მთავრობას 8 მარტის შეთანხმების სრულად განხორციელების მნიშვნელობა შეახსენოთ“.

ხელმომწერები

მიმართვას, რომელიც „ევროპული საქართველოს“ ტვიტერის გვერდზე 23 აპრილს გამოქვეყნდა, ხელს აწერენ:

  • ევროპული საქართველო
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
  • საქართველოს ლეიბორუსტული პარტია
  • პოლიტიკური გაერთიანება „ლელო“
  • სამოქალაქო მოძრაობა
  • თავისუფალი დემოკრატები
  • ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“
  • ახალი საქართველო
  • საქართველოს რესპუბლიკური პარტია
  • ეროვნულ-დემოკრატიული პარტია
  • ევროპელი დემოკრატები
  • საქართველოს პარლამენტართა საზოგადოება
  • ქრისტიან-კონსერვატიული პარტია
  • მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის
  • ვემსახურები საქართველოს
  • საქართველო ლიდერთა შორის
  • მოძრაობა სამართლიანობისთვის
  • სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის
  • თავისუფლება
  • ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა
  • ახალი ქრისტიან-დემოკრატები
  • კანონი და სამართალი
  • ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობა
  • გამარჯვეული საქართველო
  • ახალი საქართველოსთვის
  • დამოუკიდებელი დეპუტატი ნატო ჩხეიძე

2020 წლის 13 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს 20 ივნისის საქმეზე 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

კვლავ პატიმრობაში რჩებიან გიორგი რურუა — რომელსაც აღკვეთის ღონისძიების სახით აქვს პატიმრობა შეფარდებული იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით, თუმცა მხარდამჭერები მის დაკავებას ივნისის აქციებს უკავშირებენ — და გიგი უგულავა, რომელსაც უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, 3-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.

ვრცლად თითოეულის საქმის შესახებ:

ოქრუაშვილს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

უგულავას 3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

გიორგი რურუა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

ოპოზიცია ეხმაურება ოქრუაშვილის 5-წლიან სასჯელს [განახლებადი]

მასალების გადაბეჭდვის წესი