ახალი ამბები

გიორგი რურუა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

16 მარტი, 2020 • 1197
გიორგი რურუა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

“მთავარი არხის” მეწილე გიორგი რურუა სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა. “მთავარი არხისვე” ცნობით, სასამართლომ არ დააკმაყოფილა ადვოკატის შუამდგომლობა მისი საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების შესახებ.

რურუას ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, პროცესზე დაიკითხა პოლიციელი, რომელმაც მონაწილობა მიიღო რურუას ჩხრეკაში.

როგორც საძაგლიშვილმა განმარტა, პოლიციელმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა ნივთები ამოიღო ჩხრეკის დროს. რურუას ადვოკატი ირწმუნება, რომ, მიუხედავად პოლიციელის ნათქვამისა, ჩხრეკა ადგილზე არ ჩტარებულა:

“დაიკითხა პოლიციელი ლევან ადეიშვილი, რომელიც მონაწილეობდა გიორგი რურუას დაკავებაში და ფაქტობრივად გამოაშკარავდა, რომ ეს ადამიანი დღეს სასამართლოს აძლევდა ცრუ ინფორმაციას კერძოდ, მან სასამართლოს მისცა ყალბი ჩვენება. აღსანიშნავია რომ, ის ყველაფერზე ამბობდა “არ მახსოვს, არ ვიცი”… ეს ადამიანი გვიყვებოდა თუ რა ნივთები ამოიღეს ჩხრეკის შედეგად გიორგი რურუასგან მაშინ, როდესაც ასეთი ჩხრეკა ფიზიკურად არ ჩატარებულა ადგილზე. ამოღებულ ნივთებში პოლიციელმა დაგვისახელა ტელეფონი და საფულე, ხოლო ჩვენს კითხვაზე, სხვა ნივთი ჰქონდა თუ არა, მან თქვა, რომ არ ქონია. მაგალითად, შევეკკითხეთ პარალონზე და მან თქვა, რომ გიორგი რურუას პარალონი არ ქონია”, – განაცხადა რურუას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

საწინააღმდეგო მოსაზრება აქვს საქმის პროკურორს, დავით კიკაჩეიშვილს, რომელმაც პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მოწმემ დაადასტურა ჩხრეკის ნამდვილობა:

“მოწმემ ცალსახად დაადასტურა მისი მოანწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების ნამდვილობა. მან განმარტა, რომ ჭავჭავაძის გამზირზე, სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე ნამდვილად ჩატარდა გიორგი რურუას ჩხრეკა, დაადასტურა, რომ ბრალდებულისგან ნამდვილად იქნა ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი მჭიდითა და ვაზნებით, ასევე დაადასტურა, რომ აღნიშნულის შემდეგ, ანუ მას შემდეგ, რაც ჩხრეკა დასრულდა, იგი დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით”, – განაცხადა საქმის პროკურორმა დავით კიკაჩეიშვილმა.

“მთავარი არხის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და მეწილე გიორგი რურუა, რომელიც 2019 წელს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებში იყო ჩართული, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარების ბრალდებით 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს.

თავად რურუა არ აღიარებს ბრალს იარაღის უკანონოდ ტარების შესახებ და თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს. ნოემბერში სასამართლოზე რურუამ განაცხადა, რომ სამართალდამცველებმა ადვოკატთან დარეკვის უფლება არ მისცეს, ნების წინააღმდეგ გაჩხრიკეს, ნების საწინააღმდეგოდ აუღეს დნმ-ის ნიმუში და იარაღი ჩაუდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი