გიგი უგულავას ადვოკატი ბექა ბასილაია პოლიტიკურ დაკვეთად აფასებს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, “ევროპული საქართველოს” ლიდერს დამატებით მიესაჯა 3 წლით და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა.
ადვოკატის თქმით, საქმე განიხილა მოსამართლემ, რომელიც ამ საქმის სააპელაციო წარმოებისას და საკასაციო საჩივრის მომზადების პროცესში გენერალური პროკურორი იყო. საუბარია შალვა თადუმაძეზე, რომელიც უზენაეს სასამართლოში უვადოდ დაინიშნა, მანამდე კი გენერალური პროკურორის თანამდებობას იკავებდა:
“როგორც ვვარაუდობდით, საკასაციო სასამართლომ მიიღო პოლიტიზებული, სრულიად დაუსაბუთბელი გადაწყვეტილება. სასამართლომ შეასურლა ბიძინა ივანიშვილის შეკვეთა გიგი უგულავას მიმართ. უდიპლომო, ყალბდიპლომიანმა თადუმაძემ და მერაბ გაბინაშვილმა, რომლებიც ახლა აირჩიეს, შეასრულეს პოლიტიკური დაკვეთა”, – თქვა ბასილაიამ.
ადვოკატის თქმით, უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავას ბრალდება გადაუკვალიფიცირა 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით, სასჯელად კი დაუდგინდა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამნისტრიის კანონით განახევრდა. დარჩენილი 4.5 წლიდან უგულავას გამოაკლდა წელიწადი და 4 თვე, რაც უგულავას ამ დრომდე ჰქონდა მოხდილი. ეს გადაწყვეიტლება შსს-ში გადაიგზავნება აღსრულებისთვის.
“ეს საქმე განიხილა იმ მოსამართლემ, რომელიც გენერალური პროკურორი იყო ამ საქმის სააპელაციო წარმოებისა და საკასაციო საჩივრის მომზადებისას. ეს ნიშნავს ერთს: გიგი გაასამართლა გენერალურმა პროკურორმა. ამის შემდეგ ობიექტურ მართლმსაჯულებას წერტილი აქვს დასმული. ივანიშვილმა როგორც ორი თვის წინ დაადასტურა, რომ დაჭერები გაგრძელდება, სისრულეში მოიყვანა და პირველი მსხვერპლი არის გიგი უგულავა” ,- ამბობს ადვოკატი.
ადვოკატის თქმით, ამ გადაწყვეტილებას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრებენ.
2018 წლის თებერვალში თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონის გაფლანგვის საქმეზე თბილისის ყოფილ მერს, გიგი უგულავას 1 წლითა და სამი თვით პატიმრობა მიუსაჯა. თუმცა ეს სასჯელი სხვა საქმეზე დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა.
უგულავას გარდა, ამ საქმეზე ბრალდებული იყო თბილისის მერიის ხუთი ყოფილი თანამშრომელი: თბილისის მერის ყოფილი მოადგილე დავით ალავიძე; თბილისის განვითარების ფონდის ყოფილი თავმჯდომარე გიორგი საბანაძე; თბილისის შესყიდვების სამსახურის ყოფილი უფროსი ალექსი თაბუაშვილი; ძველი თბილისის ყოფილი გამგებელი დავით ავალიანი და მისი მოადგილე დიმიტრი ჩხეიძე.
უზენაესმა სასამართლომ დღეს, 10 თებერვალს, სწორედ ამ საქმეზე გამოიტანა გადაწყვეტილება და უგულავას ახალი სასჯელი შეუფარდა.