ახალი ამბები

ოპოზიცია ეხმაურება ოქრუაშვილის 5-წლიან სასჯელს [განახლებადი]

13 აპრილი, 2020 • 2173
ოპოზიცია ეხმაურება ოქრუაშვილის 5-წლიან სასჯელს [განახლებადი]

ოპოზიონერი პოლიტიკოსები კრიტიკულად ეხმაურებიან თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ოპოზიციონერ ირაკლი ოქრუაშვილისთვის პატიმრობის მისჯას და მას პოლიტპატიმრად მიიჩნევენ; მათი ნაწილი აცხადებს, რომ თუ ხელისუფლებამ პოლიტპატიმრები არ გაათავისუფლა, საარჩევნო საკითხებზე მიღწეული შეთანხმება კითხვნის ნიშნის ქვეშ დადგება.

13 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს, რომელიც ამჟამად პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერია, 20-21 ივნისის საქმეზე 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ადვოკატის ცნობით, ოქრუაშვილი 20-21 ივნისის „ჯგუფური ძალადობის“ ხელმძღვანელობის ნაწილში გამართლდა, თუმცა მონაწილეობაში დამნაშავედ ცნო სასამართლომ.

ოქრუაშვილის თანაპარტიელი გურამ ჩალაგაშვილი აცხადებს: „ამ გადაწყვეტილებით მოსამართლემ ბრძანა, რომ ის 40 ათასი ადამიანი, ვინც ოქრუაშვილთან ერთად ვიდექით, ვიყავით დამნაშავეები“.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტპატიმარი უწოდა და განაცხადა:

„დღევანდელი განაჩენი გვეუბნება, რომ პოლიტიკურად შეთითხნილი საქმეები გრძელდება, პოლიტპატიმრები რჩებიან ციხეში, არაფერი არ მუშაობს სახელმწიფოში, გარდა მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოსი“.

გრიგოლ ვაშაძის თქმით, „თუ ამ პანდემიის ბოლომდე [პოლიტპატიმრებს] არ გამოუშვებენ, არც შეთანხმება იქნება და ის ცივილიზებული გზაც, რომელსაც მოგვეჩვენა, რომ ყველანი დავადექით, დამთავრდება“.

ირაკლი ოქრუაშვილი, გიგი უგულავა, ბესიკ თამლიანი და გიორგი რურუა – ეს არის ჩამონათვალი იმ ადამიანებისა, რომელთა პატიმრობიდან გათავისუფლებაზეც, ოპოზიციის მტკიცებით, ხელისუფლებასთან შეთანხმება შედგა.

თუმცა ხელისუფლება აცხადებს, რომ ოპოზიციასთან დიალოგის ფარგლებში არავის გათავისუფლების ან დაპატიმრების საკითხზე არ შეთანხმებულან.

პარლამენტარმა, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ პოლიტიკური გადაწყვეტილება უწოდა ოქრუაშვილისთვის პატიმრობის მისჯას.

მან განაცხადა, რომ საარჩევნო საკითხებზე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხმების შესასრულებლად საჭიროა, პოლიტიკური პატიმრები გაათავისუფლონ.

ოქრუაშვილისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯას გამოეხმაურა ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი, რომელმაც ფეისბუკზე დაწერა:

„ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ გამოტანილმა გადაწყვეტილებამ დაადასტურა, ხელისუფლება პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების შესახებ დანაპირების შესრულებას არც ფიქრობდა. უმძიმესი ეკონომიკური კრიზისის გარდა, პოლიტიკურ კრიზისშიც შეჰყავთ ვითარება“.

„სამწუხაროა, რომ საკონსტიტუციო კომისიის შექმნას ოპოზიციამ მხარი დაუჭირა. სხვა გადაწყვეტილება, საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზაციისთვის, უკეთეს ფონს შექმნიდა“, — წერს სამადაშვილი.


ირაკლი ოქრუაშვილი 25 ივლისს დააკავეს — 20-21 ივნისის მოვლენებიდან ერთ თვეზე ოდნავ მეტი ხნის შემდეგ. ის ქუჩაში, ტელეკომპანია რ2-ის შენობიდან გამოსვლის შემდეგ დააკავეს.

27 ივლისს ოქრუაშვილის სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. მისთვის წარდგენილი ბრალდება იყო „ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა“.

ოქრუაშვილი ბრალდებას უარყოფს. ოპოზიცია ოქრუაშვილის პატიმრობას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს. „ვთვლით, რომ არც მისი დაკავების დროს და არც ახლა კანონი არაფერ შუაში არ იყო“, – განაცხადა ადვოკატმა.

დაცვის მხარე აპირებს, განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივროს.


19 ნოემბერს პროკურატურამ ირაკლი ოქრუაშვილს, ყოფილ გენერალურ პროკურორ ზურაბ ადეიშვილთან ერთად, ბრალი წაუყენა ბუტა (ამირან) რობაქიძის საქმეზე, თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით.

ოქრუაშვილს ამ საქმეზეც შეუფარდეს პატიმრობა. სასამართლოს ამ საქმეზე საბოლოო განაჩენი ჯერ არ გამოუტანია.


ივლისში, დაკავებამდე, ირაკლი ოქრუაშვილი უცხოეთში იმყოფებოდა, დაბრუნების შემდეგ კი განაცხადა, რომ „რუსთავი 2“, სინამდივლეში, მას ეკუთვნის.

ოქრუაშვილის მტკიცებით, მას აქვს დოკუმენტი, სადაც ქიბარ ხალვაში — სტრასბურგის სასამართლსო გადაწყვეტილების შემდეგ არხის მფლობელი — ხელმოწერით ადასტურებს, რომ თვითონ ნომინალური პირი იყო და ტელევიზია ვარდების რევოლუციის დროს რეალურად ოქრუაშვილმა იყიდა.

ქიბარ ხალვაში დოკუმენტს ყალბს უწოდებს.

ამავე პერიოდში ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ 2014-დან 2016 წლამდე პროკურატურაში საკუთარი დროის უდიდეს ნაწილს ატარებდა.

მისი თქმით, ვანო მერაბიშვილის, ადეიშვილის და მიხეილ სააკაშვილის საქმეებზე მის მიერ მიცემული ჩვენებების ნაწილი ობიექტური იყო, ნაწილი კი – ბიძინა ივანიშვილის მოთხოვნით ნათქვამი.


პოლიტპატიმრები გარეთ ან არავითარი შეთანხმება – დეკანოიძე ოქრუაშვილის განაჩენზე

მასალების გადაბეჭდვის წესი