ახალი ამბები

ბავშვები თვითიზოლაციაში – ნეიროფსიქოლოგის წაკითხული ზღაპრები და რჩევები მშობლებს

20 აპრილი, 2020 • 3675
ბავშვები თვითიზოლაციაში – ნეიროფსიქოლოგის წაკითხული ზღაპრები და რჩევები მშობლებს

კოვიდ-19-ის გავრცელებასთან ერთად მსოფლიოში ადამიანების ცხოვრების სტილი საგრძნობლად შეიცვალა. მოსახლეობის უმეტესობას სახლში უწევს ყოფნა, მათ შორის კი არიან ბავშვებიც, რომელთაც ამ ცვლილებების ფონზე შეეზღუდათ ფიზიკური აქტივობისთვის საჭირო არეალებზე წვდომა, გარდა ამისა ისინი ჩამოშორდნენ მეგობრებს და ხშირად უწევთ უამრავი უარყოფითი ახალი ამბავის მოსმენა ტელევიზიის ან ინტერნეტის საშუალებით. ეს ყველაფერი კი შესაძლოა უარყოფითად აისახოს მათ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.

“ნეტგაზეთი” დაინტერესდა, როგორ უნდა მოახერხოს მშობელმა, ამ ცვლილებების ფონზე ბავშვის დაცვა ისე, რომ არ მოწყვიტოს არსებულ რეალობას და თვითიზოლაციაში ყოფნა მსუბუქი და შედარებით სახალისო გახადოს. ამის გასარკვევად ჩვენ ნეიროფსიქოლოგ ნინო მარგველაშვილს დავუკავშირდით, რომელმაც პანდემიის დროს მშობლებისთვის გამოსადეგარი რამდენიმე რჩევა მოგვცა.

საკუთარი პროფესიის გარდა ნინომ თვითიზოლაციაში მყოფი ბავშვებისთვის მკითხველის ფუნქციაც შეითავსა. მან თავისი იუთუბ არხის საშუალებით ერთი თვის წინ ბავშვებისთვის ზღაპრების ონლაინ კითხვა დაიწყო. მისი თქმით, ეს იდეა მაშინ გაუჩნდა, როდესაც სასწავლო დაწესებულებები დაიხურა და ბავშვებს თვითიზოლაციაში გადასვლა მოუწიათ. ნეიროფსიქოლოგი ბავშვებისთვის კითხულობს შედარებით უცნობ ზღაპრებს, რომლებსაც ინგლისურიდან თარგმნის და წიგნის ილუსტრაციებთან ერთად ვიდეოს საშუალებით ბავშვებს უზიარებს. მისი თქმით, არხის გაკეთების მიზანია მშობლებისთვის შრომის, ბავშვებისთვის კი სახლში ყოფნისას თანმხლები სირთულეების შემსუბუქება.

ეცადეთ სახლში არ შექმნათ უარყოფითი განწყობა

ნინო მარგველაშვილის თქმით, თვითიზოლაციის დროს მნიშვნელოვანია სახლში არსებული განწყობა პანდემიის მიმართ:

“ბავშვების ემოციებზე გავლენას ახდენს გარშემომყოფების დამოკიდებულება და ზოგადი განწყობა თვითიზოლაციის და ახალი რეალობის მიმართ. თუ ოჯახში რეალისტური და ოპტიმისტური ატმოსფეროა, ბავშვებიც ბევრად მარტივად ეგუებიან ამ მდგომარეობას იმიტომ, რომ იციან, მშობლები აკეთებენ იმას, რისი გაკეთებაც შეუძლიათ, იცავენ მათ, როგორც შეუძლიათ. ხაზს უსვამენ, რომ სახლში უსაფრთხოდ არიან ერთად და უამრავი დრო აქვთ საინტერესო და ახალი აღმოჩენებისთვის.

თუ სახლში დაძაბულობა, შიში და შფოთვაა, ეს გავლენას ახდენს ბავშვების განწყობაზე, მიუხედავად იმისა, ისინი ხმამაღლა საუბრობენ თუ არა ამ თემაზე. ამ დროს ბავშვსაც უჩნდება ეჭვები, უნდობლობა, შიში და უსუსურობის განცდა”, – განმარტავს მარგველაშვილი.

თუმცა, მისი განმარტებით, ეს არ ნიშნავს, რომ მშობელმა შვილს ინფორმაცია არ მიაწოდოს არსებულ ვითარებაზე. მარგველაშვილის თქმით, ამ დროს მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს სწორად მიეწოდოს ინფორმაცია პანდემიის შესახებ და აუხსნას, თუ რატომ უწევთ მუდმივად სახლში ყოფნა და რა დადებითი მხარეები შეიძლება ჰქონდეს ამ ფაქტს.

“მშობელმა უნდა აუხსნას, რა მდგომარეობაში ვართ, რა სიტუაციაა ქვეყანაში და მსოფლიოში, რატომ ვიქცევით ისე, როგორც ვიქცევით, რა რეკომენდაციებს გვაძლევენ ექიმები, რათა ჩვენ ერთმანეთი დავიცვათ. ამასთან, მშობლებმა ბავშვებს უნდა დაუსვან შეკითხვები, თუ რას გრძნობენ თვითონ, რა იციან ამ ვირუსის შესახებ და ა.შ.”, – ამბობს მარგველაშვილი.

ყურადღება მიაქციეთ ბავშვის გუნება-განწყობილების ცვლილებებს

მარგველაშვილის თქმით პანდემიის დროს შესაძლებელია, ბავშვებს ქცევები და გუნება-განწყობილება შეეცვალოთ, რაღაც საკითხების მიმართ გაჯიუტდნენ ან პირიქით, თუმცა ამ დროს მნიშვნელოვანია, მშობელმა სწორად აღიქვას, ბავშვის ქცევის მიღმა რა დგას, რომელიც შესაძლოა გამოწვეული იყოს სევდით, შიშით თუ დაუცველობის განცდით.

“ბავშვის ბრაზი, წუწუნი, სიჯიუტე, მოწყენილობა ნორმალური რეაქციაა შეცვლილ ყოველდღიურობასთან. თუმცა, თუ მშობელი გრძნობს, რომ ბავშვს გაუმწვავდა შიშები, ღამე ვეღარ იძინებს ან რაიმე კონკრეტული სახის ქცევებს ავლენს, შესაძლოა ამის მიღმა მომავალთან დაკავშირებული ფარული შიშები იყოს, როდესაც მან არ იცის, რა იქნება მომავალში. ამიტომ აუცილებელია, რომ მშობელი თერაპიული თამაშების გზით თუ წიგნების დახმარებით ბავშვის დახმარებას შეეცადოს, სადაც აქცენტი ემოციებისა და ამბის გამთლიანებაზე იქნება. მაგალითად, შესაძლოა წაუკითხოთ წიგნები, სადაც მოთხრობილია ამბავი, თუ რა შიშები აქვს სხვადასხვა წიგნის პერსონაჟს და როგორ ახერხებს ამ შიშის მიღებას და შემდეგ სავსე ცხოვრების გაგრძელებას. ამ გზით დიდია ალბათობა, რომ მშობელი და ბავშვი ერთად მივლენ იქამდე, რომ ეს არის შიში მომავალზე, გაურკვევლობაზე, რაც ნორმალურია, მაგრამ მისი ოჯახი მის გვერდითაა, ასევე, მასთან არიან სხვა ადამიანებიც, ვინც დაეხმარებიან. რომ ცხოვრებაში ყველაფერი ცვალებადია და, საბოლოო ჯამში, ყველაფერი კარგად იქნება.

გარდა ამისა,მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ამ დროს ბავშვების ნებისმიერი ემოცია ნორმალური გამოხატულებაა და ისინი ემოციებისგან კი არ უნდა დავიცვათ, არამედ ვაგრძნობინოთ ეს ემოციები”, – განმარტავს მარგველაშივლი.

იმ შემთხვევაში კი, თუ ბავშვს წვდომა აქვს ინფორმაციის მიღების წყაროებთან, მშობლებმა უნდა ეცადონ კარგად აუხსნან მათ, რომ ამ დროს ბევრი ადამიანი ღელავს და შესაძლოა ყველა ინფორმაცია, რასაც ისინი მიიღებენ, არ იყოს მართალი. ამ გზით მშობლებმა უნდა შექმნან ბავშვში სიმშვიდის და სტაბილურობის განცდა.

შექმენით ბავშვისთვის სტაბილურობის განცდა

ნეიროფსიქოლოგის თქმით, თვითიზოლაციის დროს ასევე მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს ჰქონდეს სტაბილურობის განცდა, ამის მისაღწევად კი აუცილებელია მშობელი შვილთან ერთად ყოველდღიურად დაკავდეს რაიმე აქტივობით, რომელიც მუდმივ სახეს მიიღებს:

“მნიშვნელოვანია ოჯახში იყოს რაიმე სახის რიტმულობა, რაიმე აქტივობა, რასაც ყოველდღე შეასრულებენ ოჯახის წევრები. ეს შეიძლება იყოს დილაობით ერთად საუზმე ან საღამოს, ძილის წინ დროის ერთად გატარება. ერთი აქტივობა მაინც უნდა იყოს, რასაც ყოველდღე შეასრულებს ოჯახი, რაც ბავშვს მისცემს სტაბილურობის განცდას”, – განმარტა მარგველაშვილმა.

მისი თქმით, საბოლოოდ ყველა ბავშვს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება, თუმცა ზემოთ ჩამოთვლილი რჩევები მშობლებს დაეხმარებათ, რომ ბავშვებისთვის მუდმივი სახლში ყოფნა და თვითიზოლაცია შედარებით მშვიდი და უსაფრთხო გახდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი