ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთი და საქართველო პანდემიის პირისპირ – ხედვა სომხეთიდან

17 აპრილი, 2020 • 5740
სომხეთი და საქართველო პანდემიის პირისპირ – ხედვა სომხეთიდან

ჰრანტ მიკაელიანი, ანალიტიკოსი, ერევანი


SARS-Cov2 პანდემია – სამხრეთ კავკასიის რეგიონული კონტექსტი

საწყის ეტაპზე სომხეთში კორონავირუსის ბევრად მეტი შემთხვევა იყო დარეგისტრირებული, ვიდრე საქართველოსა და აზერბაიჯანში ერთად. აზერბაიჯანმა მალევე “გადაუსწრო” სომხეთს, თუმცა საქართველოში დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა დღესაც ბევრად ნაკლებია, ვიდრე სომხეთსა და აზერბაიჯანში.

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო უფრო მეტად არის მსოფლიოსთვის ღია, ვიდრე მისი მეზობლები და, შესაბამისად, სამხრეთ კავკასიაში სწორედ საქართველო შეიძლებოდა აღმოჩენილიყო ვირუსის ეპიცენტრი [ისევე როგორც იტალია, რომელიც მსოფლიოში ნომერ პირველი ტურისტული მიმართულებაა და რომელსაც მჭიდრო კონტაქტები ჰქონდა ჩინეთთან, ევროპაში კორონავირუსის ეპიცენტრი გახდა].

ეს ლოგიკა იმით შეგვიძლია გავამყაროთ, რომ სამხრეთ კავკასიაში პირველი შემთხვევა სწორედ საქართველოში დაფიქსირდა და პირველი სამი კვირა სწორედ საქართველოში დადასტურდა ყველაზე მეტი შემთხვევა.

2019 წლის სტატისტიკის მიხედვით, აზერბაიჯანს დღე-ღამეში 660 ირანის მოქალაქე სტუმრობდა, საქართველოს – 389, სომხეთს კი – 411. 29 თებერვალს ირანში მხოლოდ 593 დადასტურებული შემთხვევა იყო დარეგისტირებული, თუმცა უკვე ჰყავდათ 43 გარდაცვლილი. ირანში მოსახლეობის დაავადების მაჩვენებელი მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 0.05% იყო.

სტატისტიკური მონაცემების გათვალისწინებით, ეს ნიშნავს იმას, რომ სამხრეთ კავკასიის თითოეულ ქვეყანაში ორ დღეში ერთხელ  ერთი დაინციფირებული ჩამოდიოდა. საქართველომ მალევე მიიღო ზომები და უკვე 23 თებერვალს ირანთან საზღვარი ჩაკეტა, სომხეთმა ეს 24 თებერვალს, ხოლო აზერბაიჯანმა 29 თებერვალს გააკეთა. შედეგად, თითოეულმა ქვეყანამ ერთი ან მეტი ინფიცირებული მიიღო.

აქვე განვიხილოთ იტალიის შემთხვევაც. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სამხრეთ კავკასიის თითოეული მოქალაქე, რომელიც იტალიაში ცხოვრობს, წელიწადში ერთხელ სამშობლოში ბრუნდება, ამას სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ჩამოსულ იტალიელ ტურისტებს თუ მივუმატებთ, ასევე, იმ ადამიანებს, რომლებიც იტალიაში ტურისტებად ჩავიდნენ და შემდეგ დაბრუნდნენ, ციფრები საშუალებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ  საშუალოდ, დღე-ღამეში აზერბაიჯანში 63 ადამიანი ჩადიოდა იტალიიდან, სომხეთში -75 და საქართველოში – 161.

11 მარტს იტალიაში კორონავირუსის შედეგად უკვე 827 გარდაცვლილი იყო [მოსახლეობის 0.3%]. ეს კი თავის მხრივ ნიშნავს, რომ პირდაპირი საჰაერო მიმოსვლით საქართველო დღეში ორ ინფიცირებულს, სომხეთი და აზერბაიჯანი კი თითო ინფიცირებულს მიიღებდა. თუმცა საქართველომ იტალიასთან საჰაერო მიმოსვლა ჯერ კიდევ 6 მარტს შეაჩერა [დაახლოებით მაშინვე აზერბაიჯანმაც]. მაშინ, როდესაც სომხეთმა ეს 15 მარტს გააკეთა, მას შემდეგ, რაც Ryan Air-მა თავად შეწყვიტა ფრენები მილანიდან სომხეთში.

საკუთრივ, ესეც გახდა მთავარი მიზეზი, პირველ ეტაპზე სომხეთში ინფიცირებულთა რაოდენობა რომ გაიზარდა. საქართველოში ეპიდემიის ეფექტური შეკავების მიზეზიც ეს იყო.

 სამხრეთ კავკასიაში დარეგისტრირებული ინფიცირების შემთხვევები

მეზობლებთან შედარებით საქართველოს შეუძლია ეფექტურად შეაკავოს ვირუსის გავრცელების ზრდა საკმაოდ დაბალ ზღვარზე. ამასთან, მაინც ვერ ხერხდება დაავადების გავრცელების შეჩერება. ზრდა გრძელდება. რეალურად, ზედა გრაფიკული სურათი ვერ დაგვეხმარება ამ ტემპების განსაზღვრაში. მათთვის სხვა გრაფიკს მოვიშველიებთ, სადაც ნაჩვენები იქნება თითოეულ ქვეყანაში შემთხვევების რიცხვი დადასტურებული პირველი 10 შემთხვევის შემდეგ.

ინფიცირების შემთხვევების ზრდის სიჩქარე სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში

ვხედავთ, როგორ მცირდება შემთხვევების ზრდა საკარანტინო ზომების შემოღების შემდეგ, განსაკუთრებით, ზრდა მნიშვნელოვად მცირდება სომხეთში საგანგებო მდგომარეობის შემოღებიდან ორკვირანახევრის შემდეგ. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში დაინფიცირებულთა რიცხვი რამდენჯერმე მეტია აქ, ვიდრე საქართველოში.

სომხეთში ეს ფაქტი საკამათო და ოპოზიციის მხრიდან ხელისუფლების კრიტიკის საფუძველიც გახდა. წლის დასაწყისში ფაშინიანმა სომხეთი მეზობელ ქვეყნებს შეადარა და განაცხადა, რომ ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს წილით სომხეთმა გაუსწრო მეზობელ ქვეყნებს. საქმე ის არის, რომ ერთია სტატისტიკური მაჩვენებელი, სადაც მნიშვნელოვანია მეთოდოლოგია, მონაცემების შეგროვება და ადამიანების კვალიფიციკაცია, და მეორეა  რეალობა, რომელზეც ცვლილებები აისახება.

თუ გავითვალისწინებთ, რომ აზერბაიჯანი ავტორიტარული ქვეყანაა და ამავე დროს სომხეთის მიმართ არამეგობრულად განწყობილი, ამ ქვეყნასთან სომხეთი არ შეუდარებიათ, თუმცა შეადარეს საქართველოს.

ხელისუფლება რაღაც პერიოდში ცდილობდა კიდეც ამისთვის ახსნა მოეძებნა, რომ თითქოს, საქართველოში ნაკლებ ადამიანს ტესტავენ კორონავირუსზე, სომხეთში კი “უბრალოდ არ გაუმართლათ სუპერგამავრცელებლებთან დაკავშირებით”, რასაც სინამდვილეში, რეალობასთან ნაკლები კავშირი აქვს.

საქართველოს ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია საკმაოდ ოპერატიული და დეტალურია – რაც არ იძლევა ჯერჯერობით იმის თქმის საშუალებას, რომ არაზუსტია. საქართველოში, სომხეთის მსავსად, არ არის პრესისთვის შეზღუდვები ინფორმაციის გავრცელებაზე. სომხეთში კი იტალიიდან დიდი რაოდენობით ვირუსის “იმპორტმა” იქონია გავლენა.

ტესტირებასთან დაკავშირებით შემდეგი სტატისტიკაა ხელმისაწვდომი – სომხეთში, 15 აპრილის მონაცემებით, 9,095 ადამიანს ჩაუატარდა ტესტი, რომელთაგან 1,110 დადებითია, რაც ნიშნავს იმას, რომ საშუალოდ 7.2 უარყოფითი პასუხია. საქართველოში ტესტირება [15 აპრილის მონაცემი] 5,027-მა გაიარა, მათ შორის 306 დადებითია. ეს ნიშნავს იმას, რომ ერთ დადებითზე 15.4 უარყოფითი ტესტია, ანუ მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ რაოდენობრივად ნაკლები ადამიანი დატესტა, ხარისხობრივად ეს ორჯერ მეტია.

ომხეთი, ერევანი; ფოტო: hetq.am

ქვეყნების [ინსტიტუტების] განსხვავებული რეაქციის მიზეზები

ჩვენ ვნახეთ, რომ სომხეთში ეპიდემიის გავრცელება უფრო სწრაფად მოხდა, ვიდრე საქართველოში. რაც შეეხება მიზეზებს, ამის შესახებ საუბარი ცალკე შეგვიძლია. საქართველოს რეაქცია უფრო სწრაფი იყო პანდემიის ყველა ეტაპზე.

ჩინეთთან საზღვრები  [28 იანვარი], ირანთან  [23 თებერვალი] და იტალიასთან [6 მარტი] უფრო ადრე ჩაიკეტა, თუმცა ჯერ კიდევ პირველ ჩაკეტვამდე, 26 იანვარს საქართველომ ჩამომსვლელ მგზავრთა თერმოსკრინინგი დაიწყო.

14 მარტს საქართველომ საზღვარი ჩაკეტა სომხეთთან და აზერბაიჯანთან, 18 მარტს კი- ყველა სხვა ქვეყნის მოქალაქისთვის, 20 მარტს  ფრენები ყველა მიმართულებით შეჩერდა, 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, 30 მარტს-  კომენდანტის საათი, ძალიან მაღალი ჯარიმებით დარღვევებზე.

იმ ტერიტორიებზე კი, სადაც ვირუსის უკონტროლო ტრანსმისიის გავრცელების შესახებ გახდა ცნობილი, მკაცრი ლოკალური კარანტინი გამოაცახდეს და ჩაკეტეს საქართველოს სხვა რეგიონებისგან. საკარანტინო ზომები იმდენად მკაცრია საქართველოში, რომ ხელისუფლების ნაბიჯებს კრიტიკაც მოჰყვა.

სომხეთის შემთხვევაში, ხელისუფლება თავიდანვე ირწმუნებოდა, რომ მკაცრი ზომების მიღების საჭიროება არ დგას, თუმცა მალევე შეცვალა პოლიტიკა და ვირუსის გავრცელების შეკავების ზომები მიიღო. ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებთან საზღვრები მოგვიანებით ჩაკეტა, განსაკუთრებით, იტალიასთან და სხვა ევროპულ ქვეყნებთან.

საქართველოს რეაქციის ეფექტურობა საერთაშორისო საზოგადოებას და საერთაშორისო პრესას არ გამორჩენია. სტატიები მომზადდაა Foreign Policy, Guardian, Intellinews-ის მიერ. სომხეთმაც გამოიყენა გარკვეულწილად საქართველოს გამოცდილება – დაიწყო დაახლოებით იმავე ზომების გამოყენება, თუმცა, ნაკლებად ხისტად.

ამავე დროს, საქართველოს ინსტიტუციური მდგრადობის დონე უფრო მაღალია, რასაც მრავალმხრივ შედეგებამდე მივყავართ. საქართველოს ხელისუფლება უფრო მეტად უსმენს ექსპერტებს, ვიდრე მისი მეზობლები. ასევე უფრო ეფექტურად მუშაობს პოლიცია. სომხეთში ნაკლებია პოლიცილების მოტივაცია, საკარანტინო ზომები გააკონტროლოს.

ბოლო დღეებში ერევანში სულ უფრო ნაკლებად იგრძნობა  საკარანტინო ზომების დაცვა, როგორც კარანტინის შერბილების, ასევე, პოლიციის მხრიდან ნაკლები ყურადღების გამო [განსაკუთრებით, ჯარიმებით უკმაყოფილო მოსახლეობის პირველი კრიტიკის შემდეგ].

ასევე, საქართველოს ჯანდაცვის სისტემა უფრო მომზადებული და ეფექტური აღმოჩნდა, ვიდრე სომხეთის: ამ ეტაპზე CFR (დაავადებულებისა და გარდაცვლილთა თანაფარდობა] სომხეთში 1.5%-ია, საქართველოში – 1%.

საქართველოს დილემა vs სომხეთის დილემა [პოლიტიკა და ეკონომიკა]

საქართველო

პანდემიაზე ოპერატიული რეაქციისა და ხისტი კარანტინის გადაწყვეტილების მიღებისას, საქართველოს ხელისუფლებამ, სავარაუდოდ, იცოდა, რომ მტკივნეულ კომპრომისზე მიდის. პირველ რიგში, იმიტომ, რომ საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი სექტორია ტურიზმი. მეორე- საქართველო უფრო მეტად არის ინტეგრირებული ევროკავშირთან, ასევე, ჩინეთთან. მესამე- ეკონომიკური ზიანი ხელისუფლებისთვის, რომელიც ისედაც რთულ პოლიტიკურ ვითარებაშია, სერიოზული რისკია, განსაკუთრებით, არჩევნების წინ.

ამავე დროს, სწორედ რთული პოლიტიკური მდგომარეობა და უკომპრომისო ოპოზიცია შეცდომის უფლებას არ უტოვებს საქართველოს ხელისუფლებას. ეკონომიკასა და ჯანდაცვას შორის კომპრომისის ფარგლებში კი, მან ჯანდაცვა აირჩია. ეს არჩევანი ჯერ კიდევ თებერვალში არ იყო ისეთი მკაფიო, როგორც ახლა. თუმცა, როგორც ჩანს, გაამართლებს. ყოველ შემთხვევაში, 1918 წლის გრიპის პანდემიის გამოცდილება, თანამედროვე კვლევების შესაბამისად, ამბობს იმას, რომ ის ქვეყნები და რეგიონები, რომლებმაც კარანტინი ადრევე გამოაცხადეს, ნაკლები ეკონომიკური დანაკარგებით გამოვიდნენ.

იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება მოსახლეობის ჯანდაცვის უზრუნველყოფის საკითხს ბუნებრივად მიუდგა, მერკანტილური მიზეზიც ჰქონდა. კორონავირუსთან დაკავშირებით წარმოქმნილმა სიტუაციამ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე იშვიათი შანსი მისცა ხელისუფლებას, ამომრჩევლის თვალში იმიჯი გაიუმჯობესოს და ხელისუფლებამ ამ შანსით ისარგებლა. ჯანდაცვის საკითხების გადაჭრაზე კონცენტრირებით ისინი ასევე ქმნიან პლატფორმას, რომლის ფარგლებშიც ოპოზიცია, რომელიც პოლიტიკური განხილვებითაა დაკავებული, უფრო სუსტად გამოიყურება.

ყოველივე ეს, ასევე ინსტიტუციონალური მდგრადობის დონე, კარგად ასახავს იმას, თუ რატომაც აღმოჩნდა საქართველოს ხელისუფლების რეაქცია უფრო ეფექტური. რაც შეეხება სომხეთს, ამ შემთხვევაშიც ყველაფერი შეიძლება აიხსნას.

სომხეთი

კარანტინის საჭიროების საკითხის განხილვისას სომხეთის მთავრობა გადასადგმელ ნაბიჯებს თავიდან არ განიხილავდა ჯანდაცვის სასარგებლოდ . პირველ რიგში, იმიტომ, რომ ეკონომიკური მაჩვენებლები ხელისუფლების პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარი პარამეტრი გახდა და მათი დათმობა არ სურდათ. მეორე, ევროპის ქვეყნებში ახლად გახსნილ პირდაპირ ავიამომისვლას ხელისუფლება საკუთარ მნიშვნელოვან მიღწევად მიიჩნევდა და არც მისი დათმობა უნდოდათ. მესამე, ექსპერტული საზოგადოების უყურადღებობის გამო, ხელისუფლებამ კორონავირუსის საფრთხის დონე შესაბამისად ვერ შეაფასა.

ამასთან, ხმების მწვავე საჭიროებას სომხეთის ხელისუფლება არ განიცდის [თუმცა აქტიურად ცდილობენ დადებითი იმიჯის შენარჩუნებას]. ხელისუფლების მომხრეთა რაოდენობა 70%-ს უახლოვდება, ადამიანების რიცხვი კი, რომლებიც საპარლამენტო არჩევნებზე ხელისუფლებას დაუჭერს მხარს, 55%-დან 63%-მდე მერყეობს სხვადასხვა გამოკითხვით – ბევრად მეტია, ვიდრე საქართველოშია ეს მაჩვენებელი გამოკითხვებით [დაახლოებით, 36%].

ამავე დროს, სომხეთის ხელისუფლებას პირიქით – აქტიური პოლიტიკური დღის წესრიგი აქვს ოპონენტებთან ბრძოლის. 5 აპრილს დანიშნული იყო რეფერენდუმი საკონსტიტუციო სასამართლოს საკითხზე, რომელიც იქამდე მიტინგების გამართვას ითვალისწინებდა.  მიტინგები იმართებოდა კიდეც, რომელსაც თავად პრემიერი ფაშინიანი ედგა სათავეში შვებულების დროს [ამიტომაც ვერ შეძლო დროული რეაგირება კორონავირუსის გავრცელების საფრთხეზე].

მეტიც, სავარაუდოდ, სწორედ ეს მიტინგები იყო დამატებითი ხელშემწყობი ფაქტორი ვირუსის გავრცელებისა [რაზეც ირიბად მეტყველებს დაინციფირებულთა მაღალი რიცხვი არარატის მაზრაში, სადაც მიტინგები 10-11 მარტს ჩატარდა]. ამიტომაც, პირიქით, სომხეთის ხელისუფლება მიმართული იყო შიდაპოლიტიკურ აქტივობებზე, რაც დღესაც გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი