ახალი ამბები

უსუფაშვილი: ჩემი განცხადება არ გულისხმობდა მოსამართლეებზე ზეწოლის წახალისებას

22 სექტემბერი, 2015 • • 1299
უსუფაშვილი: ჩემი განცხადება არ გულისხმობდა მოსამართლეებზე ზეწოლის წახალისებას

დავით უსუფაშვილი უსაფუძვლოსა და აბსურდულს უწოდებს საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ უსუფაშვილის ნათქვამი „შესაძლოა აღქმული იყოს როგორც მოსამართლეებსა და მათი ოჯახის წევრებზე განხორციელებული ზეწოლის გამართლება და მისი წახალისება”.

 

უსუფაშვილმა განმარტა, რომ მისი ნათქვამი ეხებოდა გამოხატვის თავისუფლებას და არა მოსამართლეებზე ზეწოლას.

 

 

“თუ საკონსტიტუციო სასამართლოს ვარაუდი გამართლდა და ამ განცხადებას რომელიმე მოქალაქე აღიქვამს, როგორც მოსამართლეებზე და მათი ოჯახის წევრებზე ზეწოლის გამართლებად და წახალისებად, ვთხოვ, დამიკავშირდეს და რაიმე, უფრო გასაგები ენით ავუხსნი, რომ აქ საუბარია გამოხატვის თავისუფლების, სასამართლოს დამოუკიდებლობის პატივისცემის და მართლმსაჯულების განხორციელებაში ჩაურევლობის ფუნდამენტური პრინციპების დაბალანსებულ დაცვაზე”,  ამბობს დავით უსუფაშვილი.

 

უსუფაშვილმა 21 სექტემბერს განაცხადა:

 

“საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა გადაწყვიტა თავისი პროტესტი ქუჩაში გამოსვლით გამოეხატა. მე მინდა ყველას, მათ შორის მოსამართლეებს, ვთხოვო, რომ პატივი ვცეთ ადამიანების უფლებას საკუთარი მოსაზრების გამოთქმაზე, და თუ ადამიანებს აქვთ რაღაც სათქმელი, მათ შეუძლიათ ეს ქუჩაში გამოსვლითაც გამოხატონ და მე ასევე მივმართავ მოქალაქეებს, რომ პატივი ვცეთ სასამართლოების დამოუკიდებლობას. და ჩვენი მოსაზრებები ისე გამოვთქვათ, რომ ხელი არ შევუშალოთ მართლმსაჯულების განხორციელებას”.

 

ამ განცხადებას გამოეხმაურა საკონსტიტუციო სასამართლო და შეახსენა პარლამენტის თავმჯდომარესა და სხვა დაინტერესებულ პირებს, რომ მოსამართლის სახლთან აქციის ჩატარება კანონის დარღვევაა.

 

საკონსტიტიციო სასამართლომ 2015 წლის 16 სექტემბერს გამოაქვეყნა გადაწყვეტილება საქმეზე “გიგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, რის შედეგად უგულავა წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ამის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოსთან და მოსამართლეებთან მოქალაქეების ჯგუფი პერმანენტულ აქციებს მართავს. საკონსტიტუციო სასამართლომ სამართალდამცავებს რეაგირებისკენ მოუწოდა.

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მიხედვით, აკრძალულია შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზება მოსამართლის საცხოვრებელ ადგილას. ამ კანონის დარღვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

 

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის გარდა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 365-ე მუხლი ადგენს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, მოსამართლის, მსაჯულის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების ან დაზიანების მუქარა სასამართლოში საქმის ან მასალის განხილვასთან დაკავშირებით ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

დავით უსუფაშვილი
დავით უსუფაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი