ახალი ამბები

პეტიცია: საზოგადოების წინაშე ბოდიში მოიხადოს პარლამენტის წევრმა თამაზ მეჭიაურმა

3 სექტემბერი, 2015 • 1420
პეტიცია: საზოგადოების წინაშე ბოდიში მოიხადოს პარლამენტის წევრმა თამაზ მეჭიაურმა

პეტიციის ავტორები მიიჩნევენ, რომ პარლამენტის წევრის მიერ გიორგი მარგველაშვილის შეფასება წარმოადგენს პრეზიდენტის, როგორც ინსტიტუციის შეურაცხყოფას და ატარებს უკიდურესად ნეგატიურ ხასიათს.

 

“2015 წლის 02 სექტემბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას პარლამენტარმა თამაზ მეჭიაურმა საქართველოს პრეზიდენტი მოიხსენია როგორც “ენჯეოშნიკი სოროსელი”, რომელიც “ნერვებს უშლის” (იგულისხმებოდა ვეტოს უფლების გამოყენება) მასაც და მოსახლეობასაც.

 

მივიჩნევთ, რომ პარლამენტის წევრის მიერ პრეზიდენტის მსგავსი შეფასება წარმოადგენს პრეზიდენტის, როგორ ინსტიტუტის შეურაცხყოფას, ატარებს უკიდურესად ნეგატიურ ხასიათს და არ შეესაბამება დემოკრატიულ სახელმწიფოში ხელისუფლების შტოებს შორის დამოკიდებულების პრინციპებს. თავისი გამოსვლით თამაზ მეჭიაურმა ასევე დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი კონტექსტი მიანიჭა არასამთავრობო სექტორის წევრობას და კონკრეტულ არასამათავრობო ორგანიზაციას, რაც ასევე მიუღებელი და აღმაშფოთებელია.

 

მოვითხოვთ, რომ თამაზ მეჭიაურმა ბოდიში მოიხადოს საზოგადოების წინაშე პარლამენტის წევრისათვის შეუფერებელი, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორისათვის შეურაცხმყოფელი პოზიციის გამო,” – წერია პეტიციის ტექსტში.


პეტიციის ადრესატი საქართველოს პარლამენტია. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით პეტიციის შინაარსს, ხელის მოსაწერად შეგიძლიათ გადახვიდეთ ამ ბმულზე.


2 სექტემბერს თამაზ მეჭიაურმა ბიძინა ივანიშვილი გააკრიტიკა. დეპუტატის აზრით, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მარგველაშვილი ვეტოს უფლებით აღჭურვა. პრეზიდენტის შესაფასებლად კოალიცია “ქართული ოცნების” წევრმა გამოიყენა სიტყვები: “ენჯეოშნილი”, “სოროსელი”, “ქსოვა”.

 

ნეტგაზეთი პარლამენტის სხდომის შემდეგ თამაზ მეჭიაურს დაუკავშირდა და რამდენიმე კითხვა დაუსვა მის განცხადებებთან დაკავშირებით. როგორც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, არც ეჯეოშნიკობაა დიდი დანაშაული და არც სოროსელობა. მეჭიაურის თქმით, ამ სიტყვებით მას სქართველოს პრეზიდენტისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია.

თამაზ მეჭიაური, 02/09/2015
თამაზ მეჭიაური, 02/09/2015

მასალების გადაბეჭდვის წესი