24 მარტიდან 20 აპრილამდე აზერბაიჯანში სპეციალური საკარანტინო რეჟიმი გამოცხადდა. კარანტინის დროს:
- საჯარო სივრცეებში 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება იკრძალება;
- 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს სახლების დატოვება ეკრძალებათ;
- ბაქო, სუმგაიტი და აფშერონის ნახევარკუნძულის სხვა რაიონები ჩაიკეტა და შესვლა-გამოსვლა მხოლოდ სასწრაფო დახმარების, სამაშველო და სატვირთო ავტომობილებისთვის არის ნებადართული;
- საქალაქთაშორისო ტრანსპორტი აიკრძალა;
- ბაქოში ავბოტუსების დამატებითი ხაზები გამოიყო დილის 6-დან საღამოს 10 საათამდე მეტროსადგურებს შორის; მოქალაქეებს მეტროთი გადაადგილებისგან თავის შეკავებას ურჩევენ;
- რეკომენდირებულია 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა მოქალაქეებს შორის;
- სავაჭრო ცენტრები დაიხურა — ფუნქციონირებს მხოლოდ აფთიაქები, სუპერმარკეტები და სასურსათო მაღაზიები;
„კორონავირუსი ქვეყნის შიგნით ვრცელდება, რაც სერიოზულ ზომებს მოითხოვს“, – თქვა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ სპეციალური რეჟიმის გამოცხადებისას.
ბოლო მონაცემებით, აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 72 შემთხვევაა დადასტურებული. ერთი პაციენტი 12 მარტს გარდაიცვალა – 51 წლის ქალი, რომელსაც ჯანმრთელობის სხვა არაერთი მძიმე პრობლემა ჰქონდა.
„30-მდე ადამიანი საზღვარგარეთ დაინფიცირდა, დანარჩენები – ქვეყნის შიგნით“, – განაცხადა დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.
ამასთან, გადაიდო აზერბაიჯანის გრან-პრი, რომლის გახსნაც ბაქოში 7 ივნისს იყო დაგეგმილი.
24 მარტის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ის 66 დადასტურებული შემთხვაა, სომხეთში – 235.