ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა

12 მარტი, 2020 • 1749
აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა

აზერბაიჯანის მოქალაქე 51 წლის ქალი კორონავირუსით დაინფიცირების შემდეგ გარდაიცვალა. ეს სამხრეთ კავკასიაში კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანის გარდაცვალების პირველი დადასტურებული შემთხვევაა.

როგორც „როიტერსი“ წერს აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრზე დაყრდნობით, მოქალაქე ირანიდან ჩავიდა აზერბაიჯანში.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, საზღვრის კვეთის შემდეგ ის ჯერ კარანტინში იმყოფებოდა, რის შემდეგაც სპეციალურ ჰოსპიტალში მკურნალობდნენ, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მისი ოჯახის წევრები და სხვა პირები, ვისთანაც მას კონტაქტი ჰქონდა, იდენტიფიცირებულები არიან და კარანტინში იმყოფებიან.

აზერბაიჯანული მედიის ცნობითვე, დაღუპულს ჯანმრთელობის სხვა პრობლემებიც აღენიშნებოდა, კერძოდ, წითელი მგლურა (კანისა და ლორწოვანი გარსების ქრონიკული დაავადება), ნეფრიტი (თირკმლების ანთებითი დაავადება), დაზიანებული ჰქონდა ფილტვები და დაბალი იმუნიტეტი ჰქონდა.

ადამიანები, ვისაც ქრონიკული დაავადებები აღენიშნებათ, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში რისკ-ჯგუფში შედიან.

აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 28 თებერვალს გამოავლინეს. 12 მარტის მონაცემებით, ქვეყანაში Covid-19-ით ინფიცირების 11 შემთხვევა დასტურდება. აზერბაიჯანს ირანთან საზღვარი ჩაკეტილი აქვს.

საქართველოში ინფიცირების 25 შემთხვევაა დადასტურებული, სომხეთში კი 4.

მასალების გადაბეჭდვის წესი