ახალი ამბები

არ დაუშვათ შეკრებები ეკლესიაში – EMC სასულიერო პირებს

21 მარტი, 2020 • 1524
არ დაუშვათ შეკრებები ეკლესიაში – EMC სასულიერო პირებს

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) აკრიტიკებს სინოდის 20 მარტის გადაწყვეტილებას და სასულიერო პირებს მოუწოდებს, „არ დაუშვან კოლექტიური შეკრებები ეკლესიაში სწორედ მათი მრევლისა და სხვა ადამიანების სიცოცხლის და ჯანმრთელობის დასაცავად“.

20 მარტს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა მრავალსაათიანი კრების შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კორონავირუსის გავრცელების რისკის მიუხედავად, ეკლესიებში არც მსახურება ჩერდება და არც ზიარების წესი იცვლება.

პრეზიდენტმა პრემიერის წარდგინების შემდეგ 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება შეიზღუდება. გიორგი გახარიას ჰკითხეს, ეს შეზღუდვა ეხება თუ არა ეკლესიებსაც, რაზეც უპასუხა, რომ შეზღუდვა ყველას ეხება.

საპატრიარქოს პრესსამსახურის წარმომადგენელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ დაწერა, რომ ჟურნალისტებთან მოგვიანებით გააკეთებს განმარტებას.

EMC გამოეხმაურა განვითარებულ მოვლენებს და განაცხადა: „სინოდის ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მწვავე სოციალურ ინტერესებს და საჯარო წესრიგს. ამასთან, EMC მიიჩნევს, რომ საგანგებო მდგომარეობის შესახებ მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილება მეტწილად საპატრიარქოს გუშინდელ გადაწყვეტილებაზე რეაქცია იყო და ნიშანდობლივია, რომ მან არსებითად ახალი სავალდებულო შეზღუდვები სწორედ საჯარო შეკრებებზე გაავრცელა“.

EMC წერს:

„აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა ქრისტიანულმა ეკლესიამ, მათ შორის, მსოფლიო პატრიარქმა, საბერძნეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ, უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ეპიდემიის პრევენციის მიზნით ეკლესიებში ღვთისმსახურების წესი დროებით შეცვალა.მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ სპეციალური მიმართვაც კი გაავრცელა მორწმუნე და ყველა კეთილი ნების ადამიანისადმი დედამიწაზე, სადაც ის მედიცინის მუშაკებს მადლობას უხდის, ხოლო მეცნიერების პროგრესის მოლოდინისათვის მორწმუნეებს ლოცვასა და სოციალური პასუხისმგებლობის აღებას იზოლაციის კუთხით სთხოვს.

აქვე უნდა ითქვას, რომ საქართველოში მოქმედმა სხვა რელიგიურმა ორგანიზაციებმა წინა დღეებში მიიღეს სოციალურად პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება და საჯარო შეკრებები ღვთისმსახურების ადგილებში დროებით შეზღუდეს. მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ სპეციალური მიმართვაც კი გაავრცელა მორწმუნე და ყველა კეთილი ნების ადამიანისადმი დედამიწაზე, სადაც ის მედიცინის მუშაკებს მადლობას უხდის, ხოლო მეცნიერების პროგრესის მოლოდინისათვის მორწმუნეებს ლოცვასა და სოციალური პასუხისმგებლობის აღებას იზოლაციის კუთხით სთხოვს.

უნდა ითქვას, რომ ზიარების წესის ცვლილების საკითხი მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში თეოლოგებსა და სასულიერო პირებს შორის დავის საგანი გახდა.მათი თქმით, ზირების მიღების ფორმები (და არა მისი საღვთისმეტყველო შინაარსი) დროთა განმავლობაში იცვლებოდა და მართლმადიდებელ ეკლესიაში მხოლოდ ბოლო დროს დამკვირდრა ერთი კოვზით ზიარება, რომელიც გარკვეულ პერიოდში შეიძლება ასევე შეიცვალოს. საეკლესიო ტრადიცია ყოველთვის ექვემდებარება დროსა და მოცემულობას, გასნხვავებით დოგმატური სწავლებისაგან, რომელიც ყოველ ქრისტიანულ ეკლესიაში მტკიცედ არის შენარჩუნებული და მის გარშემო კითხვები არც კი დაისმის.

EMC მიიჩნევს, რომ სინოდის გადაწყვეტილება ვირუსის გავრცელების მასშტაბს და რისკებს სათანადოდ არ იაზრებს და უგულბელეყოფს ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის და უსართხოების დაცვის მაღალ საჯარო ინტერესებს, რაც ორგანიზაციის მხრიდან სოციალური პასუხისმგებლობის პრობლემას აჩვენებს და საჯარო წესრიგის დაცვის იდეასთან მოდის ღია წინააღმდეგობაში.

სამწუხაროა, რომ სინოდის გადაწყვეტილება არც ერთი მითითება არ გააკეთა მორწმუნეების მხრიდან სახელმწიფოს და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვის მნიშვნელობის შესახებ. ამასთან, სინოდის გადაწყვეტილება დაცლილი იყო სოლიდარობის შინაარსისგან და მათ შორის არაფერი თქვა, არსებულ მძიმე სოციალურ რეალობაში კიდევ უფრო გაღარიბებული სოციალური ჯგუფების – უსახლკაროების, მუშების, ხანდაზმულების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, სამსახურის და მინიმალური შემოსავლის გარეშე დარჩენილი ათიათასობით ადამიანის საჭიროებების შესახებ და საკუთარ სოციალურ პასუხისმგებლობაზე ამ ვითარებაში.

ჩვენ მივიჩნევთ, რომ საპატრიარქოს მხრიდან მიღებული ეს გადაწყვეტილება სახელმწიფო ძალაუფლებასთან ღია კონფლიქტში შესვლას ემსახურება და საკუთარი ძალაუფლების გაძლიერების პოლიტიკური მიზანი უფრო აქვს, რაც ბოლო პერიოდში საპატრიარქოში შექმნილი კრიზისის და საზოგადოებრივი ნდობის შესუსტების ფონზე კიდევ უფრო თვალსაჩინოდ ჩანს. სხვადასხვა პოლიტიკურ კონტექსტში ძალაუფლების დემონსტრირების და კონსტიტუციურ წესრიგთან ღია კონფლიქტში შესვლის ამგვარი ნაბიჯები საპატრიარქოს არა ერთხელ გადაუდგამს და ყველა ჯერზე ადამიანის უფლებების და ინტერესების დემონსტრაციული იგნორირების შინაარსი.

ეპიდემიის გავრცელების პრევენციისა და ადამიანების სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვის ‘უკიდურესი აუცილებლობის’ პირობებში, რელიგიური შეკრებების აკრძალვას, რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის ლეგიტიმური მიზანი გააჩნია და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების პირობებში კანონიერი და გამართლებული ჩარევა იქნება.

შექმინილი მდგომარეობის გათვალისწინებით, EMC მოუწოდებს

  • სახელმწიფოს დადგენილი შეზღუდვის წესის დარღვევით თვითნებური შეკრებისა და საგანგებო მდგომარეობის შეზღუდვებთან რელიგიური მოტივებით წინააღდეგობის შესაძლო შემთხვევების პრევენციის მიზნით, სათანადო მოლაპარაკებები აწარმოოს საპატრიარქოსთან.
  • სასულიერო პირებს განუხრელად დაიცვან საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, რომელიც უახლოეს მომავალში კანონიერ ძალაში შევა და არ დაუშვან კოლექტიური შეკრებები ეკლესიაში სწორედ მათი მრევლისა და სხვა ადამიანების სიცოცხლის და ჯანმრთელობის დასაცავად“.

მასალების გადაბეჭდვის წესი