ახალი ამბები

დღეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობას ვერ ვხედავ – გახარია

13 მარტი, 2020 • 748
დღეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობას ვერ ვხედავ – გახარია

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს, 13 მარტის სპეციალურ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ კორონავირუსის გამო დღეის მდგომარეობით სააგნგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობას ვერ ხედავს.

“რამდენიმე ქვეყანამ საგანგებო მდგომარეობა უკვე გამოაცხადა. მინდა მიაქციოთ ყურადღება ერთ რამეს: ქვეყნებმა, რომლებმაც საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს, განმარტეს რას ნიშნავს ეს, რა ღონისძიებების გატარებას. თქვენ თუ დააკვირდებით იმ ღონისძიებებს, რაც უკვე გავატარეთ, ჩვენ საგანგებო მდგომარეობა არ გამოგვიცხადებია, მაგრამ იგივე ღონისძიებები უკვე რამდენიმე კვირაა დაწყებული გვაქვს.

ამიტომ, ჩვენ ვამბობთ, რომ მივყვებით კონკრეტულ გამოწვევას და ყოველდღიურად ახალი გამოწვევების მიხედვით ამ ღონისძიებებს ვამკაცრებთ. ამ ღონისძიებების გამკაცრება კიდევ უფრო მოგვიწევს, მაგრამ დღეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობას დღეს ვერ ვხედავ, მაგრამ შეიძლება ამის საჭიროება დადგეს ხვალ”, – აღნიშნა გახარიამ.

კორონავირუსის გამო სახელმწიფო უწყებების ნაწილი დისტანციურ მუშაობაზეა გადასული, გარდა ამისა, არსებობს რეკომენდაცია მრავალრიცხოვანი ქელეხებისა და ქორწილების გადადების შესახებ, ასევე, რამდენიმე კვირით გადადებულია სწავლა საბავშვო ბაღებში, სკოლებსა და უნივერსიტეტებში.


13 მარტის მდგომარეობით, მსოფლიოში კორონავირუსის 130 ათასზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 5 ათასამდე გარდაიცვალა, ნახევარზე მეტი კი გამოჯანმრთელდა. ჩინეთში რეგისტრირებულია ვირუსის 81 ათასამდე შემთხვევა, დანარჩენი კი მსოფლიოს 120-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული. ჩინეთის შემდეგ ყველაზე მეტი – 15 ათასი შემთხვევა არის დაფიქსირებული იტალიაში, სადაც გარდაცვლილთა რიცხვმა 1 000-ს  გადააჭარბა. საქართველოში რეგისტრირებულია ვირუსის 25 შემთხვევა.

მასალების გადაბეჭდვის წესი