ახალი ამბები

ყველაზე მეტი დასაქმებული მშენებლობებზე დაიღუპა – 2019 წლის სტატისტიკა

13 მარტი, 2020 • 1610
ყველაზე მეტი დასაქმებული მშენებლობებზე დაიღუპა – 2019 წლის სტატისტიკა

2019 წელს სამუშაო ადგილზე დაიღუპა 45 და დაშავდა 168 დასაქმებული, ამ შემთხვევების უმრავლესობა კი მშენებლობებზე დაფიქსირდა, — იუწყება შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი.

დეპარტამენტმა, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია, 13 მარტს გამოაქვეყნა 2019 წლის საქმიანობის შეჯამება, სადაც ეს და სხვა მონაცემებია განხილული.

მშენებლობები, დამამუშავებელი და სამთომოპოვებითი მრეწველობა — ეს არის ის ძირითადი ადგილები, სადაც 2019 წელს საწარმოო პროცესში სიკვდილი და დაშავება ყველაზე ხშირად დაფიქსირდა. საწარმოო შემთხვევების ყველაზე ხშირად თბილისში დაფიქსირდა.

ანგარიშის თანახმად, ნახევარზე მეტი დაღუპული და დაშავებული დასაქმებული მშენებლობის სექტორიდან იყო. კერძოდ, მშენებლობის (F1 საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობებისა და F2 სამოქალაქო მშენებლობის) სექტორში დაღუპულია 29 და დაშავებულია 54 დასაქმებული [საქსტატის 2018 წლის მონაცემებით, სამშენებლო სექტორში 99 ათასი ადამიანი იყო დასაქმებული].

2019 წელსვე დამამუშავებელ მრეწველობაში დასაქმებული 5 ადამიანი დაიღუპა და 42 დაშავდა. დამამუშავებელი მრეწველობა ფართო დარგია, რომელიც აერთიანებს როგორც კვების პროდუქტების და ტექსტილის წარმოებას, ასევე ნავთობპროდუქტების, ქიმიკატების და ლითონების წარმოებას. ანგარიშში არ არის მოყვანილი უფრო დაზუსტებული მონაცემები.

სამთომოპოვებით მრეწველობაში 3 ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა. ეს დარგი მოიცავს ნახშირის და ლითონის მადნების მოპოვებას (ჭიათურა, ტყიბული).

ელექტროენერგიის მიწოდების სექტორში დაიღუპა 4 და დაშავდა 6 ადამიანი;

ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორში გარდაცვლილია 1 და დაშავებულია 24 ადამიანი;

წყალმომარაგებისდა ნარჩენების მართვის სექტორში დაღუპულია 2 და დაშავებულია 13 დასაქმებული;

ნავთობპროდუქტების ვაჭრობის სექტორში დაღუპულია 1 და დაშავებული 6 ადამიანი;

განთავსების საშუალებებით უზრუნველყფისა და საკვების მიწოდების საქმიანობების სექტორში დაშავებულია 5 დასაქმებული.

სოფლის მეურნეობის სექტორში დაშავდა 2 ადამიანი;

შრომის ინსპექციის ანგარიშის თანახმადვე, დაშავებულთაგან 9 ქალი იყო, 159 – კაცი, გარდაცვლილები კი ყველანი კაცები იყვნენ.

შრომის ინსპექციის თანახმადვე, „24%-ით შემცირდა დაღუპულთა რაოდენობა, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა – 16%-ით“.

2018 წელს საწარმოო შემთხვევების შედეგად 59 ადამიანი დაიღუპა და 199 ადამიანი დაშავდა, რაც წინა წლის მონაცემებთან შედარებით გაზრდილი რიცხვები იყო.

„ნეტგაზეთის“ მიერ შსს-დან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციისა და შრომის ინსპექციის ახალი მონაცემების შეჯამებით, 2011 წლიდან 2019 წლის ჩათვლით, ანუ 9 წლის განმავლობაში, საწარმოო შემთხვევების შედეგად 435 ადამიანი დაიღუპა და 1280 დაშავდა.


გარეკანის ფოტო: თამუნა ჩქარეული/OC Media


ამ თემაზე გირჩევთ:

მუშები ისევ იღუპებიან — რატომ ვერ მუშაობს სისტემა

მასალების გადაბეჭდვის წესი