საზოგადოება

ავარიული შენობის ნაცვლად 10-სართულიან კორპუსს კომპანია გამარტივებული ტენდერით ააშენებს

10 იანვარი, 2024 • 3895
ავარიული შენობის ნაცვლად 10-სართულიან კორპუსს კომპანია გამარტივებული ტენდერით ააშენებს

თბილისში, ვარკეთილში, 4-სართულიან ავარიულ საცხოვრებელ ბინას დაანგრევენ და მის ნაცვლად 10-სართულიან კორპუსს ააშენებენ. სამუშაოებს შპს “ტასჰაბი” შეასრულებს, რომელთანაც თბილისის განვითარების ფონდმა ხელშეკრულება გამარტივებული ტენდერით გააფორმა. კორპუსის ჯამური სამშენებლო ღირებულება დაახლოებით 10 553 370 ლარია. 

ხელშეკრულება ითვალისწინებს დეტალური საინჟინრო, სატრანსპორტო და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტების მომზადებას. ასევე, პროექტის მიხედვით განხორციელებულ სამუშაოებზე ზედამხედველობას. სამშენებლო სამუშაოების ჩატარების საბოლოო თარიღად მითითებულია 2026 წლის 19 სექტემბერი.

თბილისის განვითარების ფონდის ინფორმაციით, ავარიულ სახლს ამ ეტაპზე 36 მეპატრონე ჰყავს. თითოეული მათგანი უძრავ ქონებას ახალ კორპუსში მიიღებს.

თბილისის განვითარების ფონდში აცხადებენ, რომ ავარიული შენობების რაოდენობიდან გამომდინარე, თითქმის შეუძლებელია გამაგრება-გაძლიერების ღონისძიებების ეფექტურად განხორციელება. ამას ემატება მოსახლეობის დროებითი საცხოვრებლით დაკმაყოფილებისთვის საჭირო ფინანსური რესურსის მობილიზების პრობლემა. ამიტომ გადაწყდა, ავარიული შენობები ახალი კორპუსებით ჩანაცვლდეს.

რაც შეეხება გამარტივებულ ტენდერებს, ფონდში ამას “მაღალი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესით ხსნიან”.

“ამ კონკრეტული პროექტის შეზღუდულ ვადებში ჩატარება გამოწვეულია იმ ფაქტორითაც, რომ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების კონცეპტუალური დიზაინ-პროექტისა და დეტალური საპროექტო-საინჟინრო მომსახურების მიღებამდე, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო სამშენებლო სამუშაოების მისაღები სიზუსტით დაგეგმვა.

ამავდროულად, პროექტირების გარკვეულ ეტაპამდე შეუძლებელი იყო მოსახლეობასთან ეფექტიანი კომუნიკაციაც, საპროექტო სართულებრივი გეგმების არარსებობის გამო”, – ვკითხულობთ ფონდის დირექტორის, გიორგი პაპავას გადაწყვეტილებაში.

კიდევ ერთი არგუმენტი, რითაც ფონდი გამარტივებულ ტენდერს ხსნის, არის ის, რომ ტენდერის სტანდარტული პირობებით ჩატარების შემთხვევაში, მერიას ავარიულ სახლში მცხოვრები მოსახლეობის დროებითი საცხოვრებლის ქირის გადახდა რამდენიმე თვით მეტი ხნის განმავლობაში მოუწევდა. ხელშეკრულების გამარტივებული წესით, ანუ უფრო სწრაფად გაფორმებით კი ეს თანხა დაიზოგა.

ფონდმა საპროექტო მომსახურების გამარტივებული შესყიდვით მიღების უფლება 2022 20 დეკემბრის მიიღო. 22 დეკემბერს კი გაფორმდა ხელშეკრულება შპს “ტასჰაბთან”. მხარეებს შორის საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი 2023 წლის 18 დეკემბერს გაფორმდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი