ახალი ამბები

9 თვეში მთავრობამ შტატგარეშე თანამშრომლების ანაზღაურებაზე 365 მლნ ლარი დახარჯა — „ლელო“

15 მარტი, 2024 • 975
9 თვეში მთავრობამ შტატგარეშე თანამშრომლების ანაზღაურებაზე 365 მლნ ლარი დახარჯა — „ლელო“

პარტია „ლელოში“ აცხადებენ, რომ 2023 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს ხელისუფლებამ შტატგარეშე თანამშრომლების ანაზღაურებაზე 365 მილიონი ლარი დახარჯა და ამ მიმართულებით ხარჯი ბოლო წლებია, მუდმივად იზრდება.

„ლელოს“ თქმით, ხელისუფლება 12 წელია, უწყვეტად ზრდის ბიუროკრატების რაოდენობასა და ბიუროკრატიულ ხარჯებს იმის ნაცვლად, რომ ქვეყანაში საკმარისი ინვესტიციები შემოიტანოს და კერძო სექტორში მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები შექმნას.

როგორც „ლელოში“ აცხადებენ, მთავრობა უმუშევრობის შემცირებას საჯარო სექტორში დასაქმების გზით ცდილობს, რაც მისაღები არაა. მათი განცხადებით, სახელმწიფომ სხვადასხვა გადაწყვეტილებით თუ პროექტებით უნდა შექმნას გარემო, რომელშიც სამუშაო ადგილებს ქმნის არასახელმწიფო სექტორი, ხოლო საჯარო სამსახური არის მცირე, პროფესიული, ეფექტური და ნეიტრალური.

ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს, 15 მარტს, „ლელოს“ წევრმა საბა ბუაძემ ბრიფინგი გამართა, სადაც შესაბამისი მონაცემები წარადგინა.

კერძოდ, „ლელოს“ თანახმად, 2012 წელს საჯარო სექტორში დასაქმებული იყო 287 ათასი ადამიანი, 2022-ში — 308 ათასი, შესაბამისად, მათი რაოდენობა 21 ათასით გაიზარდა.

მათივე განცხადებით, ევროკავშირში საჯარო სექტორში დასაქმებულთა წილი საერთო დასაქმებულებში საშუალოდ 16%-ია, გერმანიაში – 11%, ნიდერლანდებში – 12%, საქართველოში კი მათი წილი 23%-ია.

როგორც „ლელოში“ აცხადებენ, 2013-2022 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ჯამში, დაახლოებით 16.8 მლრდ ლარის ოდენობის ხელფასი გაიცა, მათ შორის, შტატგარეშეებზე – 2.3 მლრდ.

„ლელოს“ თანახმად, 2013 წლიდან 2022 წლამდე შტატგარეშე დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება ბიუჯეტიდან 347 მილიონი ლარით გაიზარდა. მათივე ინფორმაციით, სახელმწიფო სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში 2022 წელს შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობა, 2016 წელთან შედარებით, 18 470-ით გაიზარდა.

„2023 წლის 9 თვეში საქართველოს მთავრობამ შტატგარეშე თანამშრომლების ანაზღაურებაზე 365 მილიონი ლარი დახარჯა, რაც წინა წელთან შედარებით 58 მილიონი ლარით მეტია.

შტატგარეშე მოსამსახურეთა დასაქმების საჭიროება ბუნდოვანია და ხელშეკრულებებში არც მათი ფუნქცია-მოვალეობაა დეტალურად გაწერილი.

ამასთანავე, საქართველოს მთავრობამ სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამით 30 000 ადამიანი დაასაქმა სრულიად ხელოვნურად შექმნილ პოზიციებზე, რაც წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის ზრდაა“, – აცხადებენ „ლელოში“.

როგორც საბა ბუაძე ამბობს, „ქართული ოცნება“ საკუთარი პარტაქტივისა და ნათესავების დასაქმებისთვის ქმნიან არარსებულ სამუშაო ადგილებს, სადაც ადამიანები სამსახურშიც კი არ დადიან და ხელფასები ისე ერიცხებათ.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოების ყველაზე გაჭირვებული ნაწილისთვის მახე შექმნა და ამ სისტემით ცდილობს, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს.

„ჩვენთან „ქართულ ოცნებას“ და ივანიშვილის წარმოუდგენიათ, რომ მთავარი დამსაქმებელი უნდა იყოს სახელმწიფო, რაც არის საშიში ტენდენცია. ვინაიდან ყველა ლარი, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან არის გადახდილი, „ქართული ოცნებისთვის“ არის ერთგვარი საარჩევნო რესურსი, რომლითაც ისინი შემდეგ საჯარო სექტორში დასაქმებულებს აშანტაჟებენ და ამ ყველაფერს საკუთარი ძალაუფლების გასახანგრძლივებლად იყენებენ.

ჩვენ მივმართავთ მთავრობას, რომ გააკეთონ განმარტება ბიუროკრატიის მოცულობასთან დაკავშირებით – როგორი იქნება ბიუროკრატიის მოცულობა? კიდევ აპირებენ თუ არა ამ ბიუროკრატიული ხარჯების ზრდას? ტენდენცია არის საკმაოდ ნათელი და აჩვენებს „ქართული ოცნების“ პრიორიტეტებს: საჯარო სამსახურში გაბერონ შტატები, დაასაქმონ საკუთარი ნათესავები, დაასაქმონ საკუთარი პარტიული აქტივი, ნაცვლად იმისა, რომ კერძო სექტორში შეიქმნას რეალური სამუშაო ადგილები. ეს არის საგანგაშო მოცემულობა“, – განაცხადა საბა ბუაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი