ახალი ამბები

მერაბიშვილის განცხადებამ აჩვენა, რომ ოპოზიციის ამ ნაწილს არჩევნები არ სურს – თალაკვაძე

21 თებერვალი, 2020 • 1309
მერაბიშვილის განცხადებამ აჩვენა, რომ ოპოზიციის ამ ნაწილს არჩევნები არ სურს – თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ ციხიდან გათავისუფლებული ვანო მერაბიშვილის განცხადება “დამხობაზე”, მიუთითებს, რომ ოპოზიციის “ამ ნაწილს არჩევნები არ სურს”.

„მისმა განცხადებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ნაციონალურ მოძრაობას და ოპოზიციის ამ ნაწილს აქვს დესტრუქციული დღის წესრიგი. მათი მიზანი არ არის დემოკრატიული არჩევნები და შეთანხმება რაიმეზე, მათი მთავარი მიზანი, პოლიტიკური სურვილი და მთავარი ამოცანა არის დესტაბილიზაცია და რაიმე ცვლილებების მოპოვება საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ხელისუფლება არავის მისცემს დესტაბილიზაციის საშუალებას და მომავალთან დაკავშირებით მოქალაქეები მიიღებენ გადაწყვეტილებას დემოკრატიული და  თავისუფალი არჩევნების გზით.

ვანო მერაბიშვილმა 20 თებერვალს, ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ ერთ წელიწადში ხელისუფლება შეიცვლება.

“წლის ბოლომდე მე გაძლევთ გარანტიას, რომ ამ ხელისუფლების დამხობის მერე, ამ ციხის კარები ფართოდ გაიღება და ყველა ის პოლიტპატიმარი, ვინც ამ ციხეში ზის, გათავისუფლდება”, – უთხრა მერაბიშვილმა ჟურნალისტებს. მისი თქმით, ე.წ. მატროსოვის ციხეში მყოფი ყველა ადამიანი პოლიტპატიმარია.

აქტიურ პოლიტიკაში ჩავერთვები – ვანო მერაბიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი