ყოფილმა შინაგან საქმეთა და პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა მრავალწლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დღეს, 20 თებერვალს დატოვა. როგორც მან თქვა, ის გააგრძელებს ბრძოლას “ქართული ოცნების” ხელისუფლების წინააღმდეგ.
“მე ვარ კმაყოფილი იმით, რომ არ წავედი არანაირ კომპრომისზე, კომპრომისზე საკუთარი თავის მიმართ”, – თქვა ვანო მერაბიშვილმა და აღნიშნა, რომ მას მხარდამჭერები აძლევდნენ სამარტოო საკანში იმედიანად ყოფნის ძალას.
“მე შევინარჩუნე ძალა, რწმენა და ენერგია, რომ გავაგრძელო იმისათვის ბრძოლა, ეს რეჟიმი საქართველოს დღესვე ჩამოსცილდეს. მე გაძლევთ გარანტიას, რომ ეს ხელისუფლება ერთ წელიწადში დასრულდება, ამის გაკეთება არის აუცილებელი და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ. ეს არის აუცილებელი იმისათვის, რომ ქვეყანაში დაიწყოს განვითარება, ქვეყანა წავიდეს წინ, კეთილდღეობა გაიზარდოს, გაქრეს უიმედობა, ახალგაზრდებს მიეცეს პერსპექტივა, ადამიანებს დასაქმება და ღირსეული პენსია, მოხუცებს კი- ღირსეული პენსია. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. წლის ბოლომდე მე გაძლევთ გარანტიას, რომ ამ ხელისუფლების დამხობის მერე ამ ციხის კარები ფართოდ გაიღება და ყველა ის პოლიტპატიმარი, ვინც ამ ციხეში ზის, გათავისუფლდება”, – უთხრა მერაბიშვილმა ჟურნალისტებს. მისი თქმით, ე.წ. მატროსოვის ციხეში მყოფი ყველა ადამიანი პოლიტპატიმარია.
მერაბიშვილმა პოლიციას მიმართა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მათ მიმართ ნდობა აღდგეს.
როგორც მერაბიშვილმა აღნიშნა, აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნდება.
“კონკრეტულ პარტიასთან დაკავშირებით მე აქამდე განცხადებებს არ ვაკეთებდი, რადგან ვიყავი იზოლაციაში და ჩამოცილებული ვიყავი პროცესებს. დღეს არ შემიძლია განცხადებების გაკეთება, რადგან ამ 5 წუთში, რაც გამოვედი ციხიდან, არაფერი შეცვლილა. ჩემი უახლოესი მეგობრები და მათ შორის, თანაპარტიელები, ჩემდა სამწუხაროდ, დღეს სხვადასხვა პარტიაში არიან. რა თქმა უნდა, ყველა მათგანს შევხვდები, გავიზიარებ, გავეცნობი და მივიღებ გადაწყვეტილებას. მე მჭირდება გარკვეული დრო”, – უთხრა მერაბიშვილმა ჟურნალისტებს.
როგორც მერაბიშვილმა აღნიშნა, სწორედ ამის შემდეგ იტყვის საჯაროდ, ითანამშრომლებს “ევროპულ საქართველოსთან” თუ “ნაციონალურ მოძრაობასთან”. კითხვაზე, შეხვდება თუ არა მიხეილ სააკაშვილს, როგორც მერაბიშვილმა აღნიშნა, ის შეხვდება ყველას. მან ასევე არ გამორიცხა, რომ ხელისუფლებამ მის წინააღმდეგ, შესაძლოა, ახალი სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყოს.
“მე ჩავერთვები აქტიურ პოლიტიკაში ამ რეჟიმის დასამარცხებლად”, – თქვა ვანო მერაბიშვილმა.







