ახალი ამბები

პარლამენტისთვის ყველაზე სიმბოლური და შესაფერისი იყო სსრკ-ის ჰიმნის სტრიქონები – ნადირაშვილი

18 თებერვალი, 2020 • 1337
პარლამენტისთვის ყველაზე სიმბოლური და შესაფერისი იყო სსრკ-ის ჰიმნის სტრიქონები – ნადირაშვილი

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ირმა ნადირაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტის სხდომათა დარბაზში დღეს, 18 თებერვალს, საბჭოთა კავშირის ჰიმნის ჩართვა იყო სიმბოლური ნაბიჯი ოპოზიციის მხირდან.

“მე მომწონს, როდესაც დარბაზში ჟღერს საქართველოს ჰიმნი, “დიდება თავისუფლებას, თავისუფლებას დიდება”, მაგრამ დღეს პარლამენტის სხდომათა დარბაზში იყო კომუნისტური პარტიის ჩვეულებრივი სხდომა და, შესაბამისად, ყველაზე უფრო სიმბოლური და ყველაზე უფრო შესაფერისი იყო საბჭოთა კავშირის ჰიმნის სტრიქონები, რომლებსაც ისინი ისმენდნენ”, – თქვა ირმა ნადირაშვილმა ტვ “პირველის” ეთერში, დიანა ტრაპაიძის “დღის ამბებში”.

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, ქვეყანაში არიან პოლიტიკური პატიმრები და სხვებსაც ემუქრებიან დაპატიმრებით, რის გამოც, მისი შეფასებით, პარლამენტში იყო საბჭოთა კავშირის სულისკვეთება.

“საქართველოს არ უნდა საბჭოთა კავშირში დაბრუნება. შესაბამისად, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ამ ნაბიჯის გადადგმა. ერთადერთ რამეზე ვნერვიულობდი, პარლამენტის სპიკერი გია ვოლსკი (რომელსაც სხდომა იმ დროს მიჰყავდა), ძველი ჩვეულების თანახმად, ფეხზე არ წამომდგარიყო”, – აღნიშნა ნადირაშვილმა.

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში სსრკ-ის ჰიმნი იმ დროს ჩართეს, როდესაც სიტყვით პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე გამოდიოდა.

თალაკვაძის გამოსვლისას სსრკ-ის ჰიმნი ჩართეს [ვიდეო]

მასალების გადაბეჭდვის წესი