აქტივისტებმა პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან ბოტასები მას შემდეგ მოიტანეს, რაც პარლამენტში შესვლაზე უარი უთხრეს, მიუხედავად იმისა, რომ მათ ნაწილზე საშვები დაშვებული იყო. ისინი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე აპირებდნენ დასწრებას, სადაც მთავარი პროკურორობის კანდიდატის, ირაკლი შოთაძის მოსმენა უნდა გაიმართოს.
პროტესტის ერთ-ერთი მონაწილის, ზვიად კუპრავას განმარტებით, ეს ბოტასები არის დღევანდელი ხელისფლების სიმბოლო:
“რადგან არ შეგვიშვეს, ჩვენ, ცხადია, ფიზიკური ძალის გამოყენებით შესვლას არ შევეცდებოდით, ამიტომ ჩავატარეთ ეს აქცია-პერფორმანსი. გამოვფინეთ იმ ადამიანების სურათები, რომელთა საქმეებიც ძალიან უხეშად იქნა გაყალბებული ირაკლი შოთაძის მთავარი პროკურორობის დროს. ასევე გამოვფინეთ ირაკლი შოთაძის, ფარცხალაძის და პროკურატურის სიმბოლო”, – განმარტა ნეტგაზეთთან კუპრავამ.