ახალი ამბები

დუშეთის მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო დაგეგმილი პროექტების დროულად განხორციელება – სახელმწიფო აუდიტის სამსახური

15 თებერვალი, 2020 • 1021
დუშეთის მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო დაგეგმილი პროექტების დროულად განხორციელება – სახელმწიფო აუდიტის სამსახური

დუშეთის მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო დაგეგმილი პროექტების დროულად განხორციელება, ასევე საბიუჯეტო შემოსავლებისა და გადასახდელების სათანადოდ დაგეგმვა. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახური ავრცელებს.

“მუნიციპალიტეტის ანგარიშზე ირიცხებოდა მნიშვნელოვანი საბიუჯეტო რესურსი, მათ შორის თავისუფალი ნაშთი. აღნიშნული მიუთითებს მუნიციპალიტეტის მფლობელობაში არსებული ფინანსური რესურსების არაეფექტიან მართვაზე”, – აღნიშნულია ანგარიშის ძირითადად მიგნებებში.

აუდიტის სამსახურმა ის პუნქტები გამოყო, სადაც დუშეთის მუნიციპალიტეტმა ვერ შეძლო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის მიზნობრივად და სარგებლიანად დახარჯვა:

  • წყლის სისტემის მოწყობა – დუშეთის მუნიციპალიტეტის მიერ დახარჯული დიდი ოდენობით თანხების მიუხედავად მოსახლეობის ნაწილს წყალი შეფერხებით მიეწოდება, ან მიეწოდება სასმელად უვარგისი, ტექნიკური წყალი. ასევე არ არის განხორციელებული აბონენტების გამრიცხველიანება და არ ხდება მომხმარებლის წყლის გადასახადის ამოღება.
  • სამშენებლო სამუშაოების გამარტივებული შესყიდვები – მუნიციპალიტეტის მიერ სამშენებლო სამუშაოების გამარტივებული შესყიდვები განხორციელებულია ხარვეზებით. რიგ შემთხვევებში სათანადოდ არ არის დასაბუთებული გამარტივებული შესყიდვის განხორციელების მიზანშეწონილობა. შედეგად მუნიციპალიტეტმა დაკარგა სატენდერო ეკონომიის მიღების შესაძლებლობა. ასევე ანგარიშსწორების პროცესში არ იქნა დაცული კანონმდებლობის მოთხოვნები და სამუშაოების ღირებულება ანაზღაურებულია ფაქტობრივი დანახარჯების გაანგარიშების გარეშე, რაც ქმნის თანხების ზედმეტად ანაზღაურების რისკს;
  • სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილების შედეგად გაუარესდა მერიის, როგორც შემსყიდველი ორგანიზაციის პირობები, კერძოდ კერძოდ, გაიზრდა შესყიდვის ობიექტის ერთეულის ფასი და შესაბამისი თანხა ზედმეტადაა ანაზღაურებული;
  • ინფრასტრუქტურული ნაწილი – მუნიციპალიტეტში მოწყობილი ინფრასტრუქტურული ობიექტების ნაწილი დაზიანებულია, რაც სავარაუდოდ გამოწვეულია უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების ჩაბარებით. შესაბამისად, მერიის მიერ დანერგილი კონტროლის მექანიზმები ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხის უზრუნველყოფის შესახებ, ყველა შემთხვევაში ვერ უზრუნველყოფს სამუშაოების უხარისხოდ შესრულების თავიდან აცილებას. ასევე არ მომხდარა სათანადო შემდგომი რეაგირება გამოვლენილი ხარვეზების გამოსასწორებლად;
  • ქონების მართვა – ქონების მართვასა და კონტროლის პროცესში არსებულმა სისუსტეებმა გამოიწვია მუნიციპალიტეტის ქონების ნაწილის არაეფექტიანად განკარგვა. შედეგად, მუნიციპალიტეტი კარგავს დამატებითი შემოსავლებისმიღების შესაძლებლობას;
  • სამშენებლო მასალები – მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო სხვადასხვა დროს შეძენილი და გადმოცემული სამშენებლო მასალების სრულად გამოყენება. შესაბამისად, დაგეგმილი ზოგიერთი ინფრასტრუქტურული პროექტი დროულად ვერ განხორციელდა;
  • საკონსულტაციო მომსახურებისთვის ხარჯის გაღება – მუნიციპალიტეტმა ვერ დაასაბუთა რა აუცილებელი საჭიროებით იყო განპირობებული საკონსულტაციო მომსახურებისთვის ხარჯის გაღება, ვინაიდან მერიას გააჩნია შრომითი რესურსი და მიზანშეწონილია საკუთარი რესურსებით უზრუნველყოს აღნიშნული საქმიანობის განხორციელება. ამდენად, მერიის მიერ საკონსულტაციო მომსახურებაზე გაწეულია არარაციონალური ხარჯი;
  • საჭირო დოკუმენტაციის არ ქონა – მუნიციპალიტეტის საკრებულოს არათანამდებობის პირებზე უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურებულია მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით, შესაბამისი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის გარეშე;
  • ტრანსპორტის გამოყენება – მერიას არ გააჩნია რაციონალური მიდგომა მისი ფუნქციონირებისათვის საჭირო ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამოყენებასა და საწვავის ხარჯვასთან დაკავშირებით. მუნიციპალიტეტმა ხარჯი გასწია საბიუჯეტო ასიგნებების ეკონომიური და რაციონალური ხარჯვის ვალდებულების დაცვის გარეშე;
  • თანამშრომლების სრული ფუნქციური დატვირთვა – მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ-ებში გამოვლინდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც თანამშრომელთა სრული ფუნქციური დატვირთვის შესახებ სათანადო ინფორმაცია ვერ იქნა წარმოდგენილი.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მსგავსი ანგარიში გამოქვეყნა საქართველოს სხვადასხვა რეიონების შესახებ, სადაც დეტალურად განიხილა ის პროექტები, რომელთა დაგეგმვის მიუხედავად მათი შესრულება ვერ მოხერხდა, ან ნაწილობრივ მოხერხდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი