სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეო, სადაც სავარაუდოდ ჩანს, რომ სოფელ მლეთაში, ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიასთან რამდენიმე რუსი სამხედრო სპეციალური ტექნიკით გადაადგილდება.
უცნობია, ვისი გადაღებულია ვიდეო ან როდის. ამასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ოფიციალურ განმარტებას არ აკეთებს და არც მედიის ზარებს პასუხობს.
ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა, რომელიც ერთ-ერთია, ვინც აღნიშნული ვიდეო გაავრცელა, ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს, რომ თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსების საოკუპაციო პატრული სამუშაოებს ატარებს, რაც მათი დიდი ხნის გაცხადებული ახალი საოკუპაციო გეგმის ნაწილია.
“ფაქტია, რომ ეს ჯგუფი რაღაც სამუშაოების ჩასატარებლად არის ამოსული. შეიძლება, სადაზვერვო სამუშაოების. მკაფიოდ ჩანს, რომ დრონს უშვებს ერთი, მეორეს აქვს ზურგჩანთა, საიდანაც მოჩანს რამდენიმემეტრიანი ანძა. ეს შეიძლება იყოს მიწის ასაზომი მოწყობილობა. ახალი საოკუპაციო გეგმის ფარგლებში ლომისას ტაძარი მთლიანად ყვება ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ახლა ერთი მესამედია იქით, ორი მესამედი ჩვენს კონტროლირებულ ტერიტორიაზეა. აშკარაა, რომ რუსები გადმოსულები არიან ჩვენს კონტროლირებად მხარეს და იქ აწარმოებენ სამუშაოებს”, – ამბობს ქაცარავა.
ლომისის წმინდა გიორგის ეკლესია სოფელ მლეთაშია, რომელიც დუშეთის მუნიციპალიტეტის ქვეშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შედის. საოკუპაციო ხაზი ეკლესიას და იქ არსებულ ინფრასტრუქტურას ორ ნაწილად ყოფს. ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოყოლილი, ნაწილი კი, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.
ნეტგაზეთი დაუკავშირდა მერის წარმომადგენელს ქვეშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, რეზო სისაურს, რომელმაც გავრცელებული ვიდეოსა და ეკლესიის ტერიტორიაზე ოკუპანტების ყოფნის შესახებ ჩვენგან შეიტყო.
“არაფერი ინფორმაცია მე არ მაქვს. პირველად მესმის ეს ახლა თქვენგან. არის შემთხვევები, რომ დღეობაში, ლომისობა დღეს, სამხედრო ფორმით ამოსულან, სანთლებიც აუნთიათ, ულოციათ და არავისთვის არაფერი დაუშავებიათ. ახლა არ ვიცი, რა ხდება. მაშინ იქ უნდა ავიდე და ვნახო”, – გვითხრა მერის წარმომადგენელმა.
ნეტგაზეთი ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიაში მყოფ ბერებთან კომუნიკაციასაც შეეცადა და საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსს, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს დაუკავშირდა. დეკანოზი თავად გვესაუბრა ამ თემაზე.
“რაც ახალგორის ოკუპირება მოხდა, რუსეთის მხარემ გაავლო თავისი ე.წ. საზღვარი და იქ კვირაში ორ-სამჯერ ამოდის რუსული ჯარის პატრული. მეტი არაფერი მომხდარა ახლაც. წლების განმავლობაში ასე ხდება და ვიღაცამ ეს როგორც სიახლე, ისე დადო. ამოდიან, რამდენიმე ხანი რჩებიან, ათვალიერებენ და ჩადიან უკან. ერთ ნაბიჯს აქეთ გადმოდგამენ თუ იქით გადადგამენ, ამას ვერავინ გააკონტროლებს. იქ ეს ხაზი რომ არსებობს საერთოდ, რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია ზოგადად, მაგრამ ახლა სიახლე და განსაკუთრებულობა ეს არ არის”, – გვეუბნება დეკანოზი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მომხდართან დაკავშირებით განმარტება არ გაუკეთებია. უწყება ნეტგაზეთის ზარებსა და წერილობით შეტყობინებებს არ პასუხობს.