ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, შესაბამისი სამსახურები, შს სამინისტრო და საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობენ და ხვდებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს როგორც თბილისში, ისე უცხოეთში:
“კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ ვგმობთ იმ მოქმედებებს, რაც ე.წ. საზღვრისპირას ხდება. ძალიან მტკივნეულია ეს თითოეული ჩვენგანისთვის, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის. ჩვენ მაქსიმალურად დიპლომატიურ კორპუსს, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს უნდა მივაწვდინოთ ხმა, უნდა ავუხსნათ ის რეალობა, რაც ხდება ე.წ. საზღვრისპირა მიდამოებში. ეს ძალიან მტკივნეულია თითოეული ჩვენგანისთვის და ჩვენ ამ მიმართულებით ძალიან ბევრს ვმუშაობთ”.
11 ივლისს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელუბნისა და ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები აღმართეს. თბილისის მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე მოექცა 10 ათასი ჰექტარი მიწა და ბაქო-სუფსის ნავთობსადენის მონაკვეთი.