ახალი ამბები

არასამთავრობოები და აქტივისტები “შშმ პირთა უფლებების შესახებ” კანონპროექტს აკრიტიკებენ

14 თებერვალი, 2020 •
არასამთავრობოები და აქტივისტები “შშმ პირთა უფლებების შესახებ” კანონპროექტს აკრიტიკებენ

შშმ პირების უფლებებზე მომუშავე ორგანზიაციები, შშმ მშობელთა ორგანიზაციები და დამოუკიდებელი აქტივისტები “შშმ პირთა უფლებების შესახებ” საქართველოს კანონპროექტს ეხმაურებიან. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ კანონპროექტი არ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რა მიზნითაც ის უნდა შემუშავებულიყო. კერძოდ, ის ვერ ცვლის შშმ პირთა უფლებრივ მდგომარეობას, ცალკეულ შემთხვევებში კი ეწინააღმდეგება გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციას და აუარესებს მათი უფლებრივი მდგომარეობის დაცვის სტანდარტებს.

“იუსტიციის სამინისტროს მიერ კანონპროექტის შემუშავების პროცესი გამოწვევებით წარიმართა. უწყებამ ვერ შეძლო, ამ პროცესში უზრუნველეყო შშმ პირთა და მათ უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების აქტიური და ეფექტიანი ჩართულობა.

ერთი მხრივ, ორგანიზაციებისა და აქტივისტების ნაწილს საშუალება ჰქონდა, მხოლოდ ერთჯერადად მიეღო მონაწილეობა კანონპროექტის განხილვაში და წარმოედგინა ზეპირი და წერილობითი კომენტარები. მეორე მხრივ, კანონპროექტის საბოლოო ვერსიაში აღნიშნული რეკომენდაციების მხოლოდ მცირე ნაწილი აისახა და ის შინაარსობრივად, ფაქტობრივად, არ შეცვლილა. მიგვაჩნია, რომ, მაშინ როდესაც ცენტრალური ხელისუფლების მიერ მიმდინარეობდა ისეთი ტიპის საკანონმდებლო პაკეტის შემუშავების პროცესი, რომელიც არსებითად ეხება შშმ პირთა ცხოვრების ყველა სფეროს, მასში მხოლოდ სერვის პროვაიდერი ორგანიზაციების ჩართულობა არ იყო საკმარისი.

პროცესი უნდა ყოფილიყო ინკლუზიური და უნდა გამხდარიყო საჯარო განხილვისა და დისკუსიის ნაწილი მთელი საქართველოს მასშტაბით, რა დროსაც უნდა გათვალისწინებულიყო რეგიონებში მცხოვრები შშმ პირების მოსაზრებები და რეკომენდაციები”, – წერია განცხადებაში.

გარდა ამისა, განცხადებაში ხაზგასმულია ის პოზიტიური ცვლილებებიც, რომლებიც განხორციელდება კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, როგორიცაა შშმ პირების ფიზიკური და ფსიქიკური ხელშეუხებლობის დაცვის მოთხოვნა, შშმ პირების ხელშეწყობა სამართალწარმოების განხორციელების პროცესში, გონივრული მისადაგებისა და უნივერსალური დიზაინის ცნებები და სპეციალური მოსარჩელის განმარტება. თუმცა ეს, სიახლეების ხარვეზიანობის ან/და კონვენციით განსაზღვრულ სტანდარტზე დაბალი სტანდრტის დაწესების გამო, არსებითად ვერ აუმჯობესებს შშმ პირების უფლებრივ მდგომარეობას და მათი დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხს.

ასევე, განცხადებაში ნათქვამია, რომ კანონპროექტის გარდამავალი დებულებები მოიცავს მნიშვნელოვანი ადგილობრივი სტანდარტების დადგენის ვალდებულებას, თუმცა მათი მიღებისა და აღსრულების ვადები ხანგრძლივ პერიოდზეა გათვლილი, რაც სახელმწიფო კონვენციით ნაკისრი ვალდებულბების შესრულებას ავადებს და შეუძლებელს ხდის შშმ პირთა უფლებების გაუმჯობესებას.

“მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს კანონპროექტის დეკლარაციული და აბსტრაქტული ხასიათი, რომელიც არ ადგენს უფლებრივ სტანდარტებს და, ძალაში შესვლის შემთხვევაში, ვერ შექმნის შშმ პირთა უფლებების რეალური დაცვის გარანტიებს. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კონვენციის იმპლემენტაციის კონკრეტულ და ეფექტიან ბერკეტებს. ის, ფაქტობრივად, სახელმწიფოს კეთილ ნებად აღიარებს შშმ პირთა უფლებების დაცვას და შშმ პირთა უფლებების განხორციელების უზრუნველყოფის ვალდებულების დაწესების ნაცვლად, შემოაქვს უფრო დაბალი სტანდარტი – „ამ ჯგუფის მიერ უფლების რეალიზებაში ხელის შეწყობა”, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების მიხედვით, კანონში არ არის აღნიშნული ისეთი უფლებები, როგორიცაა სამართლებრივი ქმედუნარიანობა, გადაადგილების თავისუფლება და აზრის და რწმენის გამოხატვის თავისუფლება. გარდა ამისა, კანონპროექტში ცალკე არ არის გამოოყოფილი შშმ ქალთა უფლებების დაცვის ვალდებულებაც.

ამასთან, განცხადების მიხედვით, კანონი ვერ ახდენს შშმ პირებისათვის რელევანტური სერვისების ამოქმედებისათვის წინაპირობის შექმნას.

“სერვისებთან ერთად, სახელმწიფო პოლიტიკის ეფექტიანი განხორციელების გზაზე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, ერთი მხრივ, ინსტიტუციური ჩარჩოს (კონვენციის იმპლემენტაციის, კოორდინაციისა და მონიტორინგის ორგანოების) შეუფერხებელი მუშაობისთვის, ხოლო, მეორე მხრივ, ყოვლისმომცველი სტატისტიკის წარმოებისათვის შესაბამისი სამართლებრივი გარანტიების შექმნა.

კანონპროექტი ცალკეულ უფლებებთან და კონცეფციებთან მიმართებით ეწინააღმდეგება კონვენციას და აუარესებს შშმ პირთა უფლებრივ მდგომარეობას. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტით განსაზღვრულია „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადება, აღნიშნულის საპირწონედ ვერ ხდება ახალი, კონვენციასთან თავსებადი მექანიზმების შემოღება, რის შედეგადაც, შშმ პირები სოციალური დაცვის მნიშვნელოვანი გარანტიების გარეშე რჩებიან. ასევე, აღსანიშნავია მნიშვნელოვანი ხარვეზები სოციალური მოდელის შემოტანის მიმართულებით. კერძოდ, კანონპროექტში საუბარია მხოლოდ შეფასების მიდგომაზე (ბიოფსიქოსოციალური შეფასება), რომელსაც კანონპროექტი კვლავ პირის ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირებს”, – განმარტებულია განცხადებაში.

  • კანონპროექტში არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები და ინდივიდუალური აქტივისტები საქართველოს პარლამენტს რეკომენდაციებით მიმართავენ:კანონპროექტის განხილვის ეტაპზე უზრუნველყონ შშმ პირებისა და შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების მაქსიმალური ჩართულობა, რაც მათ შორის გულისხმობს კანონპროექტის განხილვის შესახებ ინფორმაციის დროულ და ეფექტიან გავრცელებასა და მიწოდებას ყველა შესაძლო დაინტერესებული პირისა და ორგანიზაციისთვის;
  • უზრუნველყოს საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისობა შშმ პირთა კონვენციასთან;
    საკომიტეტო მოსმენების დაწყებამდე მოეწყოს დაინტერესებულ პირებთან შეხვედრა და უშუალოდ საკომიტეტო მოსმენებზე უზრუნველყოფილი იყოს განცხადებაში აღწერილი პრობლემების განხილვა, სადაც შშმ პირებსა და შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს მიეცემათ საშუალება, დეტალურად წარმოადგინონ თავიანთი პოზიცია და არგუმენტაცია;
  • უზრუნველყოს კანონპროექტის ტექსტის იმგვარად შეცვლა, რომ დეკლარაციული დოკუმენტიდან შშმ პირებისთვის უფლების დაცვის რეალურ ინსტრუმენტად იქცეს. ამისთვის მუხლების ფორმულირება, სადაც საუბარია სახელმწიფოს მიერ უფლების განხორციელების ხელის შეწყობაზე, ჩანაცვლდეს უფლების განხორციელების ვალდებულებით;
  • კანონპროექტში ასახოს კონვენციით გათვალისწინებული ყველა უფლება, რომელიც არ გვხვდება ან არასათანადოდ არის ასახული მის ამჟამინდელ ვერსიაში და დაადგინოს მათი ეფექტიანი აღსრულების მექანიზმები;
  • კანონპრექტში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ასახოს სოციალური მოდელის ცნება, აღსრულების მექანიზმები და უზრუნველყოს მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში აღნიშნული მოდელის დანერგვა;
  • შექმნას სერვისების განხორციელების ეფექტიანი საკანონმდებლო გარანტიები და შშმ პირებისთვის გათვალისწინებული კონკრეტული სერვისები დაარეგულიროს რელევანტური ნორმატიული ჩარჩოთი.

მასალების გადაბეჭდვის წესი