ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა წარმოადგინა 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი, სადაც საქართველოსთვის მრავალმილიონიანი ფინანსური დახმარებაა გათვალისწინებული.
დოკუმენტის მიხედვით, აშშ 25.5 მილიონ დოლარს დახარჯავს საერთაშორისო სამხედრო განათლებისა და წვრთნის პროგრამისთვის (IMET) ევროპასა და ევრაზიაში. IMET მიზნად ისახავს რეგიონული უსაფრთხოებისა და ურთიერთანამშრომლობის გაღრმავებას აშშ-ის, ნატოსა და ევროპული ქვეყნების სამხედრო ძალებს შორის. ასევე, დახმარებას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, დახმარების მიღებისას პრიორიტეტული ქვეუნებია საქართველო, ბულგარეთი, პოლონეთი, რუმინეთი, თურქეთი და უკრაინა.
გარდა IMET-ის პროგრამისა, აშშ დამატებით აპირებს დახარჯოს 170 მილიონი დოლარი ევროპაში სტრატეგიული უსაფრთხოების ხელშესაწყობად, რუსეთის გავლენისა და აგრესიის წინააღმდეგ. დაფინანსება ითვალისწინებს წვრთნასა და შესაბამისი აღჭურვილობის მიწოდებას, მათ შორის, სადაზვერვო აღჭურვილობას. ამ პროგრამის ფარგლებში დახმარების მიმღები პრიორიტეტული სახელმწიფოები არიან უკრაინა, საქართველო, ლიეტუვა, ესტონეთი და ლატვია.
გარდა ამისა, აშშ 2021 წლისთვის გეგმავს რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის დახმარების გადაცემას საქართველოსთვის ეკონომიკის განსავითარებლად.