აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი სენატორი ჯიმ რიში ეხმაურება “ევროპული საქართველოს” ლიდერის, გიგი უგულავას დაკავებას და წერს, რომ იმედგაცრუებულია საქართველოს არჩევანით:
“იმედგაცრუებული ვარ, რომ საქართველომ აირჩია გზა, გაზარდოს პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა ოპოზიციონერი პოლიტიკოსებზე. როგორც გასულ კვირას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ვუთხარი, სასამართლო დამოუკიდებლობის კოლაფსი და ოპოზიციის დევნა მიუღებელია”, – წერს აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სენატორი ტვიტერზე.
I’m disappointed Georgia has chosen to increase its politically motivated abuse of opposition politicians. As I told the Georgian foreign minister last week, the collapse of judicial independence & persecution of the opposition is unacceptable behavior. https://t.co/jiY8cvdqXL
— U.S. Senate Foreign Relations Committee (@SenateForeign) February 11, 2020
მანამდე ჯიმ რიშიმ სენატორ ჯინ შაჰინთან ერთად საქართველოს მთავრობას წერილი გაუგზავნა, რომელშიც შეშფოთება გამოთქვა საქართველოს მთავრობის მხრიდან საარჩევნო რეფორმის დაპირების უკან წაღების, ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების დაწყების და პროტესტის ჩახშობის თაობაზე. სენატორები საქართველოს მთავრობას მოუწოდებდნენ, დაეცვათ დემოკრატიული პრინციპები, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველო გააფრთხილეს, რომ შესაძლებელია ამერიკა-საქართველოს პარტნიორობა გადაიხედოს.
აშშ-ის სენატორების გამაფრთხილებელი წერილი საქართველოს მთავრობას
ამ წერილების შემდეგ სენატორები აშშ-ში ვიზიტად მყოფ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდნენ.
„შეხვედრაზე ჩვენ მიერ პრემიერ-მინისტრ გახარიასთვის ცოტა ხნის წინ გაგზავნილი წერილის შემდეგ გავიმეორეთ შეშფოთება საქართველოს დემოკრატიისა და მმართველობის დასუსტების შესახებ”, – განაცხადა შეხვედრის შემდეგ მაშინ სენატორმა.
უგულავას დაკავების გამო 11 თებერვალს საქართველო ასევე გააკრიტიკა კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა, რომელიც არის აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე.
„გიგი უგულავა, ევროპული საქართველოს ლიდერი, დღეს დააპატიმრეს და 38 თვე მიუსაჯეს ძველი დანაშაულისთვის, რომლისთვისაც მან სასჯელი უკვე მოიხადა. რომ ვთქვა, ეს შემაშფოთებელია-მეთქი, საკმარისი არ იქნება. სასამართლოების იარაღად გამოყენება დემოკრატია არაა“, – წერს კინზინგერი „ტვიტერში“.
10 თებერვალს “ევროპული საქართველოს” ლიდერ გიგი უგულავას სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს და დააპატიმრეს.