კონგრესმენი ადამ კინზინგერი, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე გიგი უგულავას დაპატიმრებასთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს. კინზინგერის თქმით, „სასამართლოების იარაღად გამოყენება დემოკრატია არაა“.
„გიგი უგულავა, ევროპული საქართველოს ლიდერი, დღეს დააპატიმრეს და 38 თვე მიუსაჯეს ძველი დანაშაულისთვის, რომლისთვისაც მან სასჯელი უკვე მოიხადა. რომ ვთქვა, ეს შემაშფოთებელია-მეთქი, საკმარისი არ იქნება. სასამართლოების იარაღად გამოყენება დემოკრატია არაა“, – წერს კინზინგერი „ტვიტერში“.
ადამ კინზინგერი აქამდე იყო ერთ-ერთი იმ კონგრესმენებიდან, რომლებმაც გიორგი გახარიას კრიტიკული შინაარსის წერილი გამოუგზავნეს. რამდენიმე დღის წინ ის არჩილ თალაკვაძესაც შეხვდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი გიგი უგულავას, გიორგი საბანაძის, დავით ავალიანის, დავით ალავიძის, ალექსი თაბუაშვილის მიმართ წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით და ნაწილობრივ დააკმაყოფილა.