ახალი ამბები

ზალკალიანთან შეხვედრისას გავიმეორეთ შეშფოთება დემოკრატიის დასუსტებაზე – სენატორები

5 თებერვალი, 2020 • 2048
ზალკალიანთან შეხვედრისას გავიმეორეთ შეშფოთება დემოკრატიის დასუსტებაზე – სენატორები

ავტორი: ამერიკის ხმა

სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, სენატორმა ჯიმ რიშმა და ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის ქვეკომიტეტის დემოკრატმა ლიდერმა ჯინ შაჰინმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინიტრ დავით ზალკალიანთან სენატში შეხვედრის შემდეგ.

„სენატორ შაჰინს და მე პროდუქტიული საუბარი გვქონდა საგარეო საქმეთა მინისტრ ზალკალიანთან“, – ნათქვამია სენატორ რიშის განცხადებაში.

„ჩვენ მიერ პრემიერ-მინისტრ გახარიასთვის ცოტა ხნის წინ გაგზავნილი წერილის შემდეგ გავიმეორეთ შეშფოთება საქართველოს დემოკრატიისა და მმართველობის დასუსტების შესახებ. ასევე განვიხილეთ მიმდინარე სიტუაცია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, საქართველოს ორ ტერიტორიაზე, რომელიც რუსეთის მიერ არაკანონიერადაა ოკუპირებული 2008 წლის შემდეგ.

რუსეთის ფედერაცია აგრძელებს საკუთარი ღობეების გადაწევას საქართველოში და ყოველ ჯერზე მიწის პატარა ნაკვეთის ანექსიას ახდენს. შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს გარდაქმნას დემოკრატიისკენ, მაგრამ უნდა გავაგრძელოთ დადებითი წინ გადადგმული ნაბიჯების დანახვა. ჩვენ საქართველოს არ ვთხოვთ იყოს უნაკლო, მაგრამ მთავრობამ უნდა დაგვანახოს, რომ დემოკრატიისკენ სვლას სერიოზულად უდგება“, – ნათქვამია სენატორ რიშის განცხადებაში.

სენატორ შაჰინის თქმით, მოხარულია “საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრით დღეს ნაშუადღევს და მასთან ჩვენი ქვეყნების პარტნიორობასთან დაკავშირებულ რამდენიმე საკითხზე საუბრის საშუალების ქონით, განსაკუთრებით – საქართველოს მხრიდან დემოკრატიისა და კარგი მმართველობისადმი ერთგულების შესახებ.“

სენატორი ასევე აცხადებს:

„სენატორ რიშს და მე საქართველოს დემოკრატიისკენ მშვიდობიანი გარდაქმნის ორპარტიული მხარდაჭერის დიდი ისტორია გვაქვს. 2012 წელს საქართველოს ისტორიულ არჩევნებში მონაწილეობა მივიღეთ, როგორც დამკვირვებლებმა, და ჩვენ იმედი მოგვეცა პროგრესით. როგორც აქამდე ვთქვით, დემოკრატია გრძელვადიანი ძალისხმევაა და საქართველო განსაკუთრებით რუსეთის მხრიდან წამოსული უდიდესი გამოწვევების წინაშეა. მე გავაგრძელებ მოწოდებას პრემიერ-მინისტრ გახარიას და საქართველოს მთავრობის მიმართ, შეასრულონ საკუთარი პირობები დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად, სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელშესაწყობად, დაპირებული საარჩევნო რეფორმის ჩასატარებლად და სამოქალაქო საზოგადოების პატივსაცემად.”

სენატორებმა რიშმა და შაჰინმა რამდენიმე დღის წინ პრემიერ გიორგი გახარიას წერილი გამოუგზავნეს. წერილში ისინი შეშფოთებას გამოთქვამენ საარჩევნო რეფორმის დაპირების უკან წაღების, ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების გახსნის და პროტესტის ჩახშობის თაობაზე. სენატორები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, დაიცვას დემოკრატიული პრინციპები და აფრთხილებენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებელია ამერიკა-საქართველოს პარტნიორობა გადაიხედოს.

ნახეთ ვრცლად:

აშშ-ის სენატორების გამაფრთხილებელი წერილი საქართველოს მთავრობას

მასალების გადაბეჭდვის წესი