“მთავარი არხი” ავრცელებს ციხეში გადაღებულ კადრებს, სადაც ტელეკომპანიის ცნობით, ჩანს თუ როგორ აიღეს ბრალდებულ გიორგი რურუას საკნიდან ის ნივთები, სადაც სავარაუდოდ პატიმრის დნმ-ის ნიშნებია დატოვებული: პირსახოცი, კბილის ჯაგრისი და ა.შ.
რურუას ინტერესების დამცველი, ასევე “მთავარი არხის” წარმომადგენელი დიტო საძაგლიშვილი აცხადებს, რომ კადრებში არ ჩანს, თუ როგორ შედგა მტკიცებულებების ამოღების ოქმი. “მთავარის არხის” მიერ გავრცელებული ვიდეოს თანახმად, კადრები 3 იანვარსაა გავრცელებული.
აღსანიშნავია, რომ ოფიციალური ინფორმაციით, რურუას დნმ გამოძიებამ 15 იანვარს აიღო ნებაყოფლობით. 3 იანვრის კადრებში კი ჩანს, რომ რურუა სამართალდამცველებს წინააღმდეგობას უწევს. მისი ადვოკატი დიტო საძაგლიშვილი ნეტგაზეთთან განმარტავს, რომ “15 იანვარს დნმ-ის აღება, იმიტომ უნდოდათ, რომ იცოდნენ 3 იანვარს ეს უკანონოდ გააკეთეს”. მეტიც დიტო საძაგლიშვილის განცხადებით, რეალურად რურუასგან დნმ 3 ჯერ აიღეს, პირველად ნოემბერში ასევე ნებართვის გარეშე. მიზეზი კი ის იყო, რომ უნდოდათ დნმ “ჩადებულ იარაღზე” მოეხვედრებინათ მტკიცებულებისთვის, შემდეგ კი ოფიციალურად აიღებდნენ დაკავებულის დნმ-ს, ექსპერტიზა კი იარაღსა და რურუას შორის კავშირს დაადგენდა.
ნეტგაზეთი “მთავარი არხის” მიერ გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით პროკურატურას დაუკავშირდა. უწყებაში ჯერჯერობით კომენტარი არ გაკეთებულა.
“მთავარი არხის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და მეწილე გიორგი რურუა, რომელიც 2019 წელს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებში იყო ჩართული, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარების ბრალდებით 18 ნოემბერს დააკავეს.
თავად რურუა არ აღიარებს ბრალს იარაღის უკანონოდ ტარების შესახებ და თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს. ნოემბერში სასამართლოზე რურუამ განაცხადა, რომ სამართალდამცველებმა ადვოკატთან დარეკვის უფლება არ მისცეს, ნების წინააღმდეგ გაჩხრიკეს, ნების საწინააღმდეგოდ აუღეს დნმ-ის ნიმუში და იარაღი ჩაუდეს.