ახალი ამბები

ოპოზიციის ნაწილი რურუას შეწყალებას წინ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს

27 აპრილი, 2021 • 889
ოპოზიციის ნაწილი რურუას შეწყალებას წინ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს

ოპოზიციის ნაწილი, რომელიც დღეს, 27 აპრილს, პარლამენტში შევიდა, პრეზიდენტის მიერ გიორგი რურუას შეწყალებას შარლ მიშელის ეგიდით შემუშავებული შეთანხმების შესრულებისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებენ.

პარლამენტის წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, რურუას შეწყალებით დადასტურდა, რომ შეთანხმებაზე ხელმომწერ ოპოზიციის წევრებს უსაფუძვლოდ აკრიტიკებდნენ.

“ეს არის პირველი და ძალიან ნათელი შედეგი იმ შეთანხმების, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის უშუალო თანამონაწილეობით. გასული დღეების მანძილზე ძალიან ბევრი ადამიანი უსაფუძვლოდ და დაუმსახურებლად გვაკრიტიკებდა ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელმაც ეს ძალიან გაბედული გადაწყვეტილება მივიღეთ და ხელი მოვაწერეთ ამ შეთანხმებას.

მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, როდესაც ნახავენ, რომ პოლიტპატიმარი გიორგი რურუა მართლაც იქნება გათავისუფლებული, ის სკეპტიკოსები, რომლებიც უსაფუძვლოდ და უსამართლოდ თავს გვესხმოდნენ, მიხვდებიან, რომ ეს იყო შეცდომა. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ მეორე პოლიტპატიმარი ნიკა მელია, ასევე, რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახს”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ჯერჯერობით შეთანხმებას ყველა მხარე ასრულებს.

“ჩემი აზრით, დღევანდელ დღეს არავის არ ჰყავს დამარცხებული, როგორც არავის ჰყავდა დამარცხებული შეთანხმების დღეს. იმიტომ, რომ დღეს საქართველოში ერთით ნაკლები პოლიტიკური პატიმარია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნაბიჯები, რაზეც დეტალურად შევთანხმდით, სრულდება. მე მგონი, ახალი კულტურა ყალიბდება საქართველოში ამით. დღეს საქართველოს, ისე, როგორც არასდროს, სჭირდება შარლ მიშელის ევროპული ეროვნული თანხმობის დოკუმენტის სრულფასოვანი შესრულება.

ჯერჯერობით ორივე მხარე უჩვენებს საკუთარი ვალდებულების შესრულებას. აღარ ვისაუბრებ სკეპტიკოსებზე, იმედ მაქვს, რომ საჯარო დისკუსიაში დღეის იქით არ იქნება საუბარი, ვინ არის ცუდი ჩვენ შორის, საუბარი იქნება, რომ ყველამ ერთად ვიზრუნოთ შეთანხმების შესრულებაზე”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

პარლამენტის წევრ არმაზ ახვლედიანის თქმით კი, შეთანხმების შესასრულებლად ნაბიჯები ყველა მხარისგან უნდა გადაიდგას.

“მე არ მინდა გამოგვრჩეს, რომ მადლობა ვუთხრათ, ვინც შეთანხმებას ასრულებს, მათ შორის, პრეზიდენტ ზურაბიშვილს. იმიტომ, რომ თუ არ იქნება გადადგმული კონკრეტული ნაბიჯი ჩვენგან, სხვებისგან, შეთანხმება ვერ შესრულდება”, – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

რესპუბლიკური პარტიის ლიდერის, ხათუნა სამნიძის თქმით კი, წინ კიდევ დიდი გზაა, მაგრამ როდესაც პირველი ნაბიჯები იდგმება სწორად, ეს ნდობას აბრუნებს.

“დღეს [შეთანხმების] ერთი მნიშვენლოვანი პუნქტი შესრულდა. მეორეს შესრულების ეტაპზე ახლა ვართ და ვმუშაობთ. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ მოვდუნდეთ ახლა და ვიფიქროთ, რომ ყველაფერი თავისთავად შესრულდება. ეს არის ისევ და ისევ რთული გზა, მაგრამ ყველაზე რთული არის ამ ხელშეკრულების შესრულების პირველი ეტაპი, როდესაც უნდობლობა არსებობს როგორც მხარეებს შორის, ასევე, საზოგადოების მხრიდან”, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი