ახალი ამბები

გიორგი რურუასგან დნმ-ის ნიმუში აიღეს

15 იანვარი, 2020 • 1203
გიორგი რურუასგან დნმ-ის ნიმუში აიღეს

შსს-ს წარმომადგენელი კახა მურადაშვილი ამბობს, რომ გიორგი რურუასგან დნმ-ის ნიმუში აიღეს. მან ეს გლდანის ციხის დატოვების შემდეგ განაცხადა, სადაც დნმ-ის მისაღებად რურუას ადვოკატებთან ერთად იმყოფებოდა.

მისივე თქმით, მიღებული ნიმუში ექსპერტიზაზე გაიგზავნება და იმ იარაღზე აღმოჩენილ დნმ-ს შეადარებენ, რომლის შენახვა-ტარებასაც უწყება “მთავარი არხის” ერთ-ერთ მეწილეს ედავება.

“გიორგი რურუამ სასამართლო განჩინება შეასრულა, მისგან ნიმუშის აღება ნებაყოფლობით მოხდა. [მონაცემი] საექსპერტო ბიუროში გაიგზავნება და შედარდება მისი ჩხრეკის შედეგად ამოღებულ ცეცხლსასროლ იარაღზე არსებულ დნმ-ის ნიმუშს”, -ამბობს მურადაშვილი.

გლდანის ციხეში გიორგი რურუასგან დნმ-ის აღებას მისი ადვოკატებიც ესწრებოდნენ. როგორც ერთ-ერთმა ადვოკატმა შალვა შავგულიძემ ნეტგაზეთს უთხრა, რურუამ შსს-ს წარმომადგენლებს დნმ წინააღმდეგობის გარეშე მისცა. ადვოკატი გვეუბნება, რომ ბრალდებულისგან პოლიციამ უკანონოდ დნმ უკვე აიღო და იარაღზეც დაიტანა, დღეს კი შსს-ს სურდა დნმ ოფიციალურად მიეღო. შსს-ს წარმომადგენლები გიორგი რურუასთან მოსამართლის განჩინების საფუძველზე შევიდნენ.

“დნმ-ის ჩაბარების პროცესს გიორგი რურუას ოთხი ადვოკატი ვესწრებოდით. აღსანიშნავია, რომ მისგან დნმ პოლიციის განყოფილებაში შესვლისთანავე უკანონოდ, ძალადობითა და ოქმის შედგენის გარეშე აიღეს, რათა ის “ჩადებულ” იარაღზე დაეტანათ. მაგრამ ოფიციალურად აღებული ნიმუშიც საჭიროა, რასთანაც უნდა შედარდეს უკანონოდ მიღებული დნმ. ამის გამო სასამართლოსგან უკვე მეორედ აიღეს განჩინება. პირველ შემთხვევაში გიორგი რურუამ დნმ-ის ნებაყოფლობით მიცემაზე უარი თქვა და მათაც იძულებითი ღონისძიებებისთვის არ მიუმართავთ.  გიორგი რურუამ მიიღო სრულიად გონივრული გადაწყვეტილება. მას დნმ-ის მიცემაზე კატეგორიული უარი არც წინა ჯერზე უთქვამს, ის უბრალოდ ითხოვდა, დაწყებულიყო გამოძიება ძალადობით მიღებულ ნიმუშთან დაკავშირებით. რურუა ამ შემთხვევაში [განჩინების] წინააღმდეგ არ წასულა და დნმ-ის ნიმუშის აღების შესაძლებლობა მისცა”, – ამბობს შავგულიძე.

“მთავარი არხის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და მეწილე გიორგი რურუა, რომელიც 2019 წელს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებში იყო ჩართული, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარების ბრალდებით 18 ნოემბერს დააკავეს.

თავად რურუა არ აღიარებს ბრალს იარაღის უკანონოდ ტარების შესახებ და თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს. ნოემბერში სასამართლოზე რურუამ განაცხადა, რომ სამართალდამცველებმა ადვოკატთან დარეკვის უფლება არ მისცეს, ნების წინააღმდეგ გაჩხრიკეს, ნების საწინააღმდეგოდ აუღეს დნმ-ის ნიმუში და იარაღი ჩაუდეს.

იარაღზე რურუას ანაბეჭდები არ ამოვიდა – ადვოკატი

მასალების გადაბეჭდვის წესი