ნეტგაზეთი | რურუა: ახლა ნიკა უნდა გამოვიდეს მალე და ენმ შევიდეს პარლამენტში რურუა: ახლა ნიკა უნდა გამოვიდეს მალე და ენმ შევიდეს პარლამენტში – Netgazeti
RU | GE  

რურუა: ახლა ნიკა უნდა გამოვიდეს მალე და ენმ შევიდეს პარლამენტში

“მთავარი არხის” თანადამფუძნებელი გიორგი რურუა, რომელმაც საპატიმრო რამდენიმე წუთის წინ პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე დატოვა, აცხადებს, რომ ოპოზიციის ნაწილის გადაწყვეტილება პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით სწორად მიაჩნია.

გიორგი რურუა აღნიშნავს, რომ ახლა საჭიროა, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია სწრაფად გამოვიდეს ციხიდან და ენმ დანარჩენ პარტიებთან ერთად პარლამენტში შევიდეს:

“მე ნიკას პირველივე დღეს შევუთვალე ჩემი აზრი. მე რომ ნიკას ადგილზე ვიყო, ევროკავშირის გირაოს მივიღებდი. ნიკასი სრულიად მესმის, ის მართალია, ის პატიმრობას იხდის გავრილოვის ხარკისთვის. ვუსურვებ, მალე დატოვოს საპატიმრო და კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგმება კრიზისის დასაძლევად. პარლამენტში ვინც შევიდა, იმ დეპუტატებს წარმატებას ვუსურვებ.

მე ვფიქრობ, ეს წარმატებაა. ის ერთი პუნქტი, საკანში რომ მოვისმინე, მეც ვერ მივხვდი რა იყო, ამნისტიას ვგულისხმობ. ეს შეგვეშალა, სამწუხაროდ, ასე მოხდა, მაგრამ დანარჩენი 4 პუქნტი მისაღებია. ახლა ნიკა უნდა გმაოვიდეს სწრაფად, ნაციონალური მოძრაობაც უნდა შევიდეს პარლამენტში და დანარჩენი პარტიებიც”, — ამბობს გიორგი რურუა.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ერთი კვირის წინ განაცხადა, რომ “მთავარი არხის” მეწილეს, გიორგი რურუას შეიწყალებდა, თუ პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმება შედგებოდა და ამ შეთანხმებას დაადასტურებდნენ მედიატორები.

საბოლოოდ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით ოპოზიციის ნაწილსა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება გაფორმდა, რის საფუძველზეც ოპოზიციონერთა ნაწილი პარლამენტში შევიდა. დაგეგმილია 2019 წლის 20-21 ივნისის დანაშუალებების ამნისტირებაც. შეთანხმებას არ შეუერთდნენ ენმ, ევროპული საქართველო და ლეიბორისტები. ენმ პარლამენტში შესვლას ნიკა მელიას ციხიდან გამოსვლის შემდეგ განიხილავს.

გიორგი რურუა, რომელიც 2019 წელს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებში იყო ჩართული, 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 მუხლების მიხედვით წაუყენეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. მას 4 წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

თავად რურუა ბრალს იარაღის უკანონოდ ტარების შესახებ არ აღიარებდა და თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.