ახალი ამბები

გიორგი რურუამ საპატიმრო დატოვა

27 აპრილი, 2021 • 2385
გიორგი რურუამ საპატიმრო დატოვა

“მთავარი არხის” ერთ-ერთმა მეწილემ გიორგი რურუამ საპატიმრო დატოვა. ის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 27 აპრილს შეიწყალა.

რურუამ ჟურნალისტებთან პირველი კომენტარისას მადლობა გადაუხადა როგორც ევროკავშირის პრეზიდენტს, შარლ მიშელს, ასევე აშშ-ის ელჩს, ევოპარალამენტარებს, სამოქალაქო ორგანიზაციებსა და ჟურნალისტებს.

„რაც მთავარია, პირველი პუნქტის ნახევარი შესრულდა კრიზისის დასაძლევად. მნიშვნელოვანია, რომ მეორე ნახევარიც შესრულდეს და ნიკა მელიამ სასაწრაფოდ დატოვოს უკანონო პატიმრობა. მოგეხსენებათ, წელიწად-ნახევარი ტყუილი ბრალდებით გავატარე. ეს დამტკიცდა და, მგონი, ყველასთვის ნათელია. ნიშნის მოგებას არ ვაპირებთ, წინ გავიხედოთ.

მადლობა მინდა ვუთხრა ოპოზიციას, რასაც აკეთებს, მე მათი მჯერა, მწამს და ხელი უნდა შევუწყოთ“, – აცხადებს რურუა.

რურუა ამბობს, რომ არ ელოდა შეთანხმების შესრულებას. დამატებით კითხვებზე მის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ის პასუხობს:

„არა, არ ვაპირებ [პოლიტიკაში წასვლას], მე ვარ აქტიური მოქალაქე, დავრჩები აქტიურ მოქალაქედ, პოლიტიკა მარტო პოლიტიკოსების საქმე არაა. ჩვენი საქმეც არის, ჩვენ უნდა დავეხმაროთ პოლიტიკოსებს, როგორც სამოქალაქო ორგანიზაციებიდან,ასევე სხვადასვა პლატფორმებიდან“, — ამბობს ის.

რურუა ასევე აფასებს თავის შეწყალებას და ამბობს, რომ მანამდე, 8 მარტის შეთანხმების ფარგლებში, მას შესთავაზეს დანაშაულის აღიარება და შეწყალება.

„მე უარი ვთქვი იმიტომ, რომ თავს დამნაშავედ არ ვგრძნობ. რადგან პოლიტიკურ… ამ საქმიანობაში ვიყავი, როგორც მოქალაქე, როგორც სამოქალაქო ორგანიზაციის წევრი, ანტისაოკუპაციო მოძრაობას ვეხმარებოდი, ასევე „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე ვარ“.

რურუამ ასევე აღნიშნა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია “საერთო ეროვნული ამნისტიის გამოცხადება.

“ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ახლა გამოუძიებელ საქმეში რომელ ამნისტიაზე უნდა ვლაპარაკობთ. მთავარია, რომ გამოძიება ჩატარდეს, შემდეგ დაზარალებულები მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას, აპატიებენ თუ არა, და მერე მე პირადად, თუ ისინი აპატიებენ, წინააღმდეგი არ ვიქნები, რომ მოხდეს შეწყალება“, — ამბობს რურუა.


პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ერთი კვირის წინ განაცხადა, რომ “მთავარი არხის” მეწილეს, გიორგი რურუას შეიწყალებდა, თუ პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმება შედგებოდა და ამ შეთანხმებას დაადასტურებდნენ მედიატორები.

საბოლოოდ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით ოპოზიციის ნაწილსა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება გაფორმდა, რის საფუძველზეც ოპოზიციონერთა ნაწილი პარლამენტში შევიდა. დაგეგმილია 2019 წლის 20-21 ივნისის დანაშუალებების ამნისტირებაც. შეთანხმებას არ შეუერთდნენ ენმ, ევროპული საქართველო და ლეიბორისტები. ენმ პარლამენტში შესვლას ნიკა მელიას ციხიდან გამოსვლის შემდეგ განიხილავს.

გიორგი რურუა, რომელიც 2019 წელს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებში იყო ჩართული, 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 მუხლების მიხედვით წაუყენეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. მას 4 წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

თავად რურუა ბრალს იარაღის უკანონოდ ტარების შესახებ არ აღიარებდა და თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი