ახალი ამბები

გახარია: კიდევ ბევრი წერილი იქნება

30 იანვარი, 2020 •
გახარია: კიდევ ბევრი წერილი იქნება

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ საქართველოში აქტიური პოლიტიკური სეზონია და, შესაბამისად, კვლავ ელოდება წერილებს და შეფასებებს ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ასე გამოეხმაურა ის ორი სენატორის 30 იანვრის წერილს, სადაც ამერიკელი კანონმდებლები საქართველოს ხელისუფლებას მოსალოდნელ გართულებებზე აფრთხილებენ.

“მე გუშინ ვთქვი: აქტიურ პოლიტიკურ სეზონში შევდივართ და კიდევ ბევრი წერილი და პოზიციის დაფიქსირება იქნება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ არასოდეს არ შეგვშინებია მწვავე შეკითხვების და ყოველთვის მზად ვიყავით, ამ მწვავე შეკითხვებზე პასუხები გაგვეცა. არ დავიწყებ გარჩევას. სხვადასხვა წერილი იყო სხვადასხვა აქცენტით.

გუშინ საქართველოში ჩამობრძანდა აშშ-ის ახალი ელჩი, უახლოეს მომავალში პარლამენტის დელეგაცია გაემგზავრება ამერიკაში. გარწმუნებთ, რომ ჩვენ ვიქნებით უაღრესად აქტიურები, ეფექტიანები და ამასთან ერთად, ობიექტურებიც ყველაფერ იმასთან დაკავშირებით, რის გამოც ახლა ამ ჟრიამულს ტეხთ. ქვეყნისთვის, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშავ, მნიშვნელოვან საკითხებზე. მოგეხსენებათ, აშშ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია”, – განუცხადა გახარიამ ჟურნალსიტებს.

ამერიკელი სენატორები 30 იანვრის წერილში შეშფოთებას გამოთქვამენ პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდების, ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების გახსნის და პროტესტის ჩახშობის თაობაზე. სენატორები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, დაიცვას დემოკრატიული პრინციპები  და აფრთხილებენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებელია ამერიკა-საქართველოს პარტნიორობა გადაიხედოს.

აშშ-ის სენატორების გამაფრთხილებელი წერილი საქართველოს მთავრობას

მასალების გადაბეჭდვის წესი