ახალი ამბები

„საუკუნის შეთანხმება“ – ისრაელი-პალესტინის კონფლიქტის მოგვარების ტრამპისეული გეგმა

30 იანვარი, 2020 • 7161
„საუკუნის შეთანხმება“ – ისრაელი-პალესტინის კონფლიქტის მოგვარების ტრამპისეული გეგმა

28 იანვარს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთად ბრიფინგი გამართა, სადაც წარადგინა ისრაელი-პალესტინის კონფლიქტის მოგვარების გეგმა. ტრამპის თქმით, ეს არის „საუკუნის შეთანხმება“, რომელიც წარმოადგენს „ორი სახელმწიფოს მოდელის [პრობლემის] რეალისტურ მოგვარებას“.

რას გულისხმობს ტრამპის გეგმა?

დონალდ ტრამპმა წარადგინა რამდენიმე პუნტქი, რომელიც ეხება იერუსალიმისა და სადავო ტერიტორიების სტატუსს. თეთრი სახლის მიერ გავრცელებული დოკუმენტის თანახმად, გეგმა გულისხმობს:

  • იერუსალიმი უნდა გახდეს ისრაელის „განუყოფელი“ დედაქალაქი, შესაძლებელია ქალაქის აღმოსავლეთი და ჩრდილოეთ ნაწილები იყოს პალესტინის დედაქალაქი.
  • ისრაელის მიერ პალესტინის ოკუპირებული ტერიტორიების ისრაელის ტერიტორიად აღიარება. პალესტინა, თავის მხრივ, მიიღებს ტერიტორიას ღაზის სექტორთან, რომელიც დასავლეთ სანაპიროს ჩქაროსნული სარკინიგზო გზით უნდა დაუკავშირდეს.
  • ოკუპირებული დასავლეთ სანაპიროს დაახლოებით ერთი მესამედის – იორდანის ველის – ისრაელის ტერიტორიად აღიარებას.
  • პალესტინის სახელმწიფოს ამა თუ იმ ფორმით შექმნის პერსპექტივა, ოღონდ, სამხედრო ძალების გარეშე. გარდა ამისა, ზოგიერთ ადგილას, მათ შორის ზღვაზე, ისრაელს უნდა ჰქონდეს უსაფრთხოების სრული კონტროლი. პალესტინას დამოუკიდებლობის მიღებამდე აგრეთვე რამდენიმე მოთხოვნის დაკმაყოფილება დასჭირდება, მათ შორის, „ჰამასის სრული ლიკვიდაცია“. „ჰამასი“ ამჟამად ღაზის სექტორს აკონტროლებს.
  • 10 სასაზღვრო ქალაქში მცხოვრები არაბებისთვის ისრაელის მოქალაქეობის შესაძლო ჩამორთმევა, ამ ქალაქებისა და ადამიანების პალესტინის შესაძლო სახელმწიფოში ჩართვა.
  • პალესტინელებისთვის ისრაელთან წინა კონფლიქტებში დაკარგულ ტერიტორიებზე დაბრუნებებაზე უარის თქმა.
  • ისრაელს შეუძლია უკვე ოკუპირებული ტერიტორიების ანექსია დაიწყოს, თუმცა უარი უნდა თქვას ახალ ექსპანსიაზე 4 წლის განმავლობაში.

გეგმის გამოქვეყნებიდანვე რამდენიმე წუთში ტრამპმა „ტვიტერზე“ გამოაქვეყნა რუკა, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს ისრაელისა და პალესტინის ტერიტორიები. პალესტინის მიერ კონტროლირებადი ტერიტორია, გეგმის თანახმად, ორჯერ გაიზრდება, თუმცა ისრაელის კონტროლის ქვეშ დარჩება ტერიტორიები,  რომლებიც პალესტინელებს თავიანთ განუყოფელ ნაწილად მიაჩნიათ.

რატომ დავობენ ისრაელი და პალესტინა და რატომ დაიწყო კონფლიქტი?

პირველი ომი (1947-49)

ისრაელისა და მისი მეზობელი არაბული ქვეყნების დაპირისპირება 70 წელიწადზე მეტია გრძელდება.

პირველი მასშტაბური დაპირისპირება ისრაელსა და არაბული ქვეყნების კოალიციას შორის 1948 წელს დაიწყო, როცა 14 მაისს გაერთიანებული სამეფოს მანდატი ამ ტერიტორიაზე დასრულდა. იმ მომენტისთვის, გაეროს უკვე ჰქონდა გეგმა, თუ როგორ უნდა გაყოფილიყო ტერიტორია ისრაელისა და პალესტინის სახელმწიფოებად.

ისრაელმა იმავე დღეს დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ხოლო 15 მაისის გამთენიისას ტერიტორიაზე უკვე არაბული კოალიციის ჯარი შევიდა – ის შედგებოდა ეგვიპტის, ტრანსიორდანიის, ერაყის, სირიის, ლიბანის, საუდის არაბეთის და იემენის ძალებისგან. მასში აგრეთვე შედიოდნენ მუსლიმი მოხალისეები სხვადასხვა ქვეყნიდან. ისრაელს თავდაპირველად წარმოადგენდნენ სამხედრო დაჯგუფებები, რომლებიც 26 მაისს ისრაელის თავდაცვის ძალებად იქცნენ.

საბოლოოდ, 1949 წელს, მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც, ისრაელის მიერ კონტროლირებადი ტერიტორია გაიზარდა, ხოლო პალესტინისთვის გამოყოფილი ნაწილი მოექცა ეგვიპტისა და იორდანიის კონტროლის ქვეშ 1967 წლამდე.

ტერიტორიის დაყოფა 1947 წლის გეგმით და 1949 წლის შეთანხმებით.

ექვსდღიანი ომი (1967)

კიდევ ერთი ომი ისრაელსა და არაბული ქვეყნების კოალიციას შორის 1967 წელს გაჩაღდა, როცა არაბული ქვეყნის ლიდერებმა ე.წ „სამი არას“ კონცეფციას დაუჭირეს მხაარი – არა ისრაელის აღიარებას, არა ისრაელთან მოლაპარაკებას და არა ისრაელთან მშვიდობას. ომის შედეგად, ისრაელმა კონტროლი მოიპოვა სინაის ნახევარკუნძულზე, რომელიც იქამდე ეგვიპტეს ეკუთვნოდა, ღაზის სექტორზე, მდინარე იორდანის დასავლეთ სანაპიროზე, აღმოსავლეთ იერუსალიმზე და გოლანის სიმაღლეებზე.

სინაის ნახევარკუნძული ისრაელმა საბოლოოდ 1982 წელს დატოვა. რაც შეეხება იერუსალიმს, 1980 წელს ისრაელმა მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც მთლიანი იერუსალიმი თავის დედაქალაქად გამოაცხადა.

იომ-ქიფურის ომი (1973)

მორიგი ომი ისრაელსა და არაბულ ქვეყნებს შორის 1973 წელს გაჩაღდა, თუმცა ამჯერად ვერც ერთმა მხარემ გადამწყვეტი გამარჯვება ვერ მოიპოვა – 18 დღეში მხარეებმა შუამავლებთან ერთად სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, ხოლო გოლანის სიმაღლეების ნაწილი სირიას დაუბრუნდა.

იომ-ქიფურის ომის შემდეგ ამდენად მასშტაბური დაპირისპირება ისრაელსა და მის მეზობლებს შორის აღარ ყოფილა, ხოლო 1967 წლის ომის შედეგად მოპოვებული ტერიტორიები (სინაის ნახევარკუნძულის გარდა) კვლავ ისრაელის კონტროლის ქვეშაა.

აგრეთვე, 2018 წლის 14 მაისს აშშ-მა გადაიტანა თავისი საელჩო იერუსალიმში.

როგორ მიიღეს გეგმა ისრაელსა და პალესტინაში

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ გეგმის მიერ კუთვნილი ტერიტორიების ანექსირების შეთავაზებას მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე უახლოეს მომავალში გაიტანდა.

„ეს გეგმა არის ისტორიული გარღვევა ბევრი მიღწევით, რომელიც არასდროს წარმოგვედგინა შესაძლებელი, მათ შორის, ამერიკის მიერ იორდანის ველზე და მკვდარი ზღვის ჩრდილოეთზე ისრაელის სუვერენიტეტის აღიარება, რაც ნიშნავს, რომ ისრაელი ერთხელ და სამუდამოდ დაამყარებს აღმოსავლეთ საზღვარს“, – მოჰყავს ნეთანიაჰუს სიტყვები „The Times of Israel“-ს.

თუმცა, ნეთანიაჰუს პოზიციები ამჟამად მყარი არაა: ისრაელში თითქმის ერთი წელია ვერც ერთი პარტია ვერ ახერხებს მთავრობის ფორმირებას – 2019 წელს ორი არჩევნები ჩატარდა, ხოლო მორიგი არჩევნები 2 მარტისთვისაა ჩანიშნული.

რაც შეეხება პალესტინის პოზიციას, ისინი გეგმას მიუღებლად მიიჩნევენ.

„ათასჯერ ვამბობთ: არა, არა და არა „საუკუნის შეთანხმებას“, – განაცხადა პალესტინის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა. მისი თქმით, აშშ-ის გეგმა „ვერ გავა“ და „ჩვენი ხალხი მას [გეგმას] ისტორიის ნაგავსაყრელზე მოისვრის“.

პალესტინელები ახალ გეგმას აპროტესტებენ. ფოტო: EPA

რამდენად შესაძლებელია გეგმის სისრულეში მოყვანა?

ტრამპის გეგმას უკვე დაუჭირა მხარი რამდენიმე არაბულმა ქვეყანამ, მათ შორის, საუდის არაბეთმა. თუმცა, პალესტინელების უკმაყოფილების გათვალისწინებით, რთული სათქმელია, რამდენად შესაძლებელი იქნება გეგმის სისრულეში მოყვანა ისე, რომ კმაყოფილი ორივე მხარე დარჩეს.


გარეკანის ფოტო: EPA

მასალების გადაბეჭდვის წესი