ახალი ამბები

EMC: ნარკოპოლიტიკის რეფორმის პროცესი გაურკვეველი ვადით არის შეჩერებული

29 იანვარი, 2020 • 1552
EMC: ნარკოპოლიტიკის რეფორმის პროცესი გაურკვეველი ვადით არის შეჩერებული

“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა” (EMC) ნარკოპოლიტიკის მიმართულებით ქვეყანაში 2019 წელს არსებულ მდგომარეობაზე ანგარიში მოამზადა.

დოკუმენტში გაანალიზებულია გასულ წელს ნარკოტიკულ დანაშაულებზე მართლმსაჯულების სფეროში არსებული მდგომარეობა, საერთო სასამართლოს პრაქტიკა და საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის გადაწყვეტილების აღსრულების პრობლემები.

კანონმდებლობა

როგორც ორგანიზაციაში აღნიშნავენ, 2019 წელს ნარკოპოლიტიკის სფეროში საკანონმდებლო ცვლილებები არ განხორციელებულა. EMC აღნიშნავს, რომ ნარკოპოლიტიკის რეფორმის პროცესი გაურკვეველი ვადით შეჩერებულია და ხელისუფლების პოლიტიკურ დღის წესრიგში არ დგას ნარკოპოლიტიკის სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ეს საკითხი არ შესულა 2019-2020 წლების სამთავრობო პროგრამაში, რაც EMC-ს შეფასებით, დამატებით აჩვენებს ნარკოპოლიტიკის რეფორმასთან დაკავშირებით ხელისუფლების გულგრილ დამოკიდებულებას.

სტატისტიკა

ამასთან, სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2019 წელს გაზრდილია ნარკოტიკულ დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი დევნის მაჩვენებელი, ასევე, თავისუფლების აღკვეთის გამოყენება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისთვის საწყისი ან დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენის და შენახვის შემთხვევებზე.

კერძოდ, საანგარიშო პერიოდში სისხლისსამართლებრივი დევნა ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენისთვის 4 591 პირის მიმართ დაიწყო, რომელთაგან 3 127 პირის მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი, ხოლო 11 პირის მიმართ გამოტანილია გამამართლებელი განაჩენი. საქმეთა დარჩენილ ნაწილზე კი სასამართლოს მიღებული არ აქვს საბოლოო გადაწყვეტილება.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ საანგარიშო პერიოდში გაიზარდა ნარკოტესტირებაზე გადაყვანილ პირთა რაოდენობა, ასევე მცირედით გაიზარდა დადებითი პასუხის მაჩვენებელი გადაყვანილ პირთა ექსპერტიზის შედეგებში. EMC-ს თქმით, შემოწმებაზე გადაყვანილ პირთა 36%- ს კი ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი არ დაუდგინდა.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მიუხედავად ამისა, კვლავაც კრიტიკის საგანია ნარკოტესტირებაზე გადაყვანის სამართლებრივი საფუძვლები და გადაყვანილ პირთა უფლებრივი მდგომარეობა.

ამასთან, EMC აღნიშნავს, რომ გასული წლის პირველი აპრილიდან ნარკოტესტირების ახალი წესი ამოქმედდა ავტოტრანსპორტის მძღოლებთან დაკავშირებით.

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, წესის ამოქმედებიდან 2019 წლის ოქტომბრის ჩათვლით, 7 თვის განმავლობაში, ნერწყვის სკრინინგული ტესტის საშუალებით გადამოწმდა 346 მძღოლი, საიდანაც 231 პირი წარდგენილ იქნა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში.

ანგარიშის მიხედვით, წარდგენილ პირთაგან 203 პირს ბიომასალის კვლევით დაუდგინდა დადებითი შედეგი, 188-ს კი – კლინიკურად ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედება:

“აღნიშნული სტატისტიკური მონაცემები მიუთითებს, რომ ავტოტრანსპორტის მძღოლების ნარკოტიკული თრობის ქვეშ ყოფნის გადამოწმების ახალი წესის ამოქმედებას 2019 წლის ნარკოტესტირების მაჩვენებლის ზრდაზე გავლენა არ მოუხდენია, არამედ, ზოგადად, ქუჩის ნარკოტესტირების სტატისტიკა გაიზარდა”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

ამასთან, EMC ყურადღებას ამახვილებს, რომ დღემდე არ ამოქმედებულა ნარკოვითარების მონიტორინგის ცენტრი, რომლის შექმნის ვალდებულებაც სახელმწიფოს 2015 წლიდან აღებული აქვს.

მართლმსაჯულება

როგორც ორგნიზაციაში აღნიშნავენ, უზენაესი სასამართლოს სტატისტიკური მონაცემები მარიხუანის თუ სხვა ნარკოტიკული საშუალების მოხმარებასთან დაკავშირებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებებით, ამ სამართალდარღვევათა ერთმანეთისგან გამიჯვნის მიუხედავად, არ აღირიცხება ერთმანეთისგან განცალკევებულად, ასევე, არ მუშავდება მარიხუანის მოხმარებისთვის ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირისთვის სამოქალაქო უფლებების ჩამორთმევის მაჩვენებლები.

პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის კომპეტენცია კი, EMC-ს თქმით, ნარკოტიკულ დანაშაულებზე სამოქალაქო უფლებების ვადამდე აღდგენასთან დაკავშირებით არ ვრცელდება ადმინისტრაციული წესით მარიხუანის მოხმარებისთვის პასუხისგებაში მიცემულ პირთა მიმართ, რომელთა შემთხვევაში მოსამართლეს დისკრეციული უფლებამოსილება აქვს, 3 წლამდე შეუზღუდოს მათ სამოქალაქო უფლებები.

“კვლავაც სისტემურ გამოწვევად რჩება ნარკოტიკული დანაშაულის გამოძიების პროცესში ოპერატიული ინფორმაციის როლი. ძირითადი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ხდება. მისი სადავოდ გახდა/მის შინაარსზე წვდომა გამომძიებლის გარდა, სისხლის სამართლის პროცესის არცერთ მონაწილეს არ შეუძლია” ,- ვკითხულობთ ანგარიშში.

ამასთან, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ სასამართლოს მიერ დადგენილი მტკიცებულებითი სტანდარტი ნარკოტიკულ დანაშაულებზე იმდენად დაბალია, რომ პოლიციელთა შეთანხმებული ჩვენებები და ნარკოტიკულ საშუალებაზე დანიშნული ქიმიური ექსპერტიზა გამამტყუნებელი განაჩენისთვის საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობად მიიჩნევა.

რეკომენდაციები

კანონმდებლობასა და პრაქტიკაში არსებული პრობლემების აღმოფხვრისათვის, EMC წარმოადგენს შემდეგ რეკომენდაციებს:

საქართველოს პარლამენტს

• განახლდეს 2017 წლის 22 ივნისს „საქართველოს ნარკოტიკის ეროვნული პლატფორმის“ ავტორობით და საქართველოს პარლამენტის წევრთა (ა. ზოიძე, ლ. კობერიძე, დ. ცქიტიშვილი, ს. ქაცარავა და ი. ფრუიძე) მიერ ინიცირებული No8700/2-1 კანონპროექტის განხილვა და მისი მიღებით გახდეს მოქმედი რეპრესიული ნარკოპოლიტიკა უფრო ჰუმანური;

• ნარკოპოლიტიკის სფეროს ძირეულ რეფორმამდე, მიღებულ იქნეს პოლიტიკური გადაწყვეტილება უსამართლო ან/და არაპროპორციული სასჯელებისგან მსჯავრდებულთა გათავისუფლების (ამნისტია/შეწყალება) შესახებ, როგორც შუალედური გადაწყვეტილება გარდამავალ პერიოდში. ამ მიზნით, საჭირო სამუშაოების ჩასატარებლად, პარლამენტში შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყებების, ასევე, ნარკოტიკების მომხმარებელთა თემის და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების მონაწილეობით.

საქართველოს მთავრობას

• შეიქმნას ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრი და დამუშავდეს ისეთი სტატისტიკური მონაცემები, რომელიც სახელმწიფოს დაეხმარება ნარკოტიკულ დანაშაულზე შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში.

მათ შორის, დამუშავდეს ნარკოტიკული დანაშაულისთვის პატიმრობაში მყოფთა, პირობითი მსჯავრდების ქვეშ მყოფ პირთა რაოდენობის, გავრცელებული ნარკოტიკული საშუალებების სახეობების ამსახველი მონაცემები, ინფორმაცია ნარკოტიკულ ნივთიერებათა ოდენობისა და გამოყენებული სასჯელების, ჯარიმების ოდენობების შესახებ, გამამტყუნებელ განაჩენთა სტატისტიკა, დანაშაულთა სახეობის მიხედვით; 

საერთო სასამართლოებს

• საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ახლად გამოვლენილი გარემოებით განაჩენთა გადასინჯვის დროს სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელოს არა სიტყვასიტყვითი, არამედ ლოგიკური განმარტებებით და გაავრცელოს გადაწყვეტილება მოხმარებისთვის უვარგისი ოდენობებით ნარკოტიკული საშუალების ფლობისთვის მსჯავრდებულთა მიმართ;

• საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილების საფუძველზე, განაჩენთა გადასინჯვის დროს, სასამართლომ მხედველობაში მიიღოს ბრალდების მხარის მიმართ არსებული მტკიცების ტვირთი და ნარკოტიკული საშუალების ეფექტებთან დაკავშირებული შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება, მსჯავრდებულთა ნაცვლად, ბრალდების მხარეს დააკისროს;

• უზენაესი სასამართლოს მიერ მარიხუანის და სხვა ნარკოტიკული საშუალების მოხმარებასთან დაკავშირებული სამართალდარღვევები აღირიცხოს და დამუშავდეს ერთმანეთისგან განცალკევებულად; დამუშავდეს მარიხუანის მოხმარებისთვის უფლებების შეზღუდვის სტატისტიკური მონაცემები;

• შეჯიბრებითი პროცესის პირობებში, სამართალდამცავ პირთა ჩვენებები დაცვის მხარესთან მიმართებით არ შეაფასოს მაღალი სანდოობით და იხელმძღვანელოს სამართლიანი სასამართლოს პრინციპებით;

• გამკაცრდეს ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული, გამოძიებით მოპოვებული მტკიცებულებების სანდოობის შემოწმების ხარისხი;

• ნარკოტიკულ დანაშაულზე მტკიცებულებათა შეფასების დროს, იხელმძღვანელოს ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპებით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით მიიღოს გადაწყვეტილება პირის ბრალეულობის შესახებ.

გაეცანით EMC-ს ანგარიშს სრულად.

მასალების გადაბეჭდვის წესი